ალბათ, ბევრს ახსოვს 90-იანი წლების "კედლის ფავორიტი", - უცნობი ქალის ფოტო, შავ ბერეტზე თეთრი ბუმბულით.
ქალის ვინაობა ცოტამ თუ იცოდა, თუმცა, მისი პორტრეტი ლამის ყოველ მეორე ოჯახში ეკიდა... ეს იყო ქართველი თავადის ქალი ბარბარე თურქესტანიშვილი (თურქესტანოვა), მე-19 საუკუნის დასაწყისის რუსეთის საიმპერატორო კარის მშვენიერი ფრეილინა (დედოფლის ან პრინცესას მხლებელი გაუთხოვარი ქალი თავად-აზნაურთა წრიდან), რომლის ტრაგიკული ბედის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მხატვარმა ივან კრამსკოიმ წარმოსახვით შექმნა პორტრეტული შედევრი "უცნობი ქალი."
ბარბარეს სახე რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ძვირად ღირებულ კამეაზე გამოასახვინა, წარწერით - "მას, ვინც ჩემი რჩეულია, მისგან, ვინც მისი რჩეულია". სწორედ კამეადან ტილოზე გადაიტანა ქართველი ქალის სახე კრამსკოიმ. უცხოეთში მას "რუსულ ჯოკონდასაც" უწოდებდნენ და დღეს პორტრეტი ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება.
ეს ქალბატონი ვახტანგ VI-ის მიერ პეტრე I-თან გაგზავნილი პირველი დესპანის, ბაადურ თურქესტანიშვილის შვილიშვილი იყო, რომელიც ვახტანგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთში დარჩა. ბარბარეს მამა ილია გენერალი იყო და მოსკოვის დონის მონასტერშია დაკრძალული. 1812 წელს, სრულიად გაღარიბებული ულამაზესი ბარბარე იმპერატორ ალექსანდრე I-ს მოსკოვიდან პეტერბურგში გადაუყვანია, სადაც პავლე I-ის ქვრივის - იმპერატრიცა მარია თედორეს ასულისა და დედოფალ ელიზავეტა ალექსის ასულის ფრეილინა გამხდარა.
დასავლური კულტურა, რომელიც ერთობ შეითვისა თავადის ასულმა, ცხადია, ხელს უწყობდა მის წარმატებას სამეფო კარზე. მის უამრავ უცხოელ მეგობარს შორის ყურადღებას იპყრობს შვეიცარიის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, მოსკოვში მცხოვრები ფერდინანდ კრისტინი. მას ქართველ ლამაზმანთან ჰქონდა ბარათების ტექსტი, რომელიც მოგვიანებით, ჟურნალ "რუსკი არხივის" 1883-84 წლების ნომრებში ფრანგულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა. განაგრძეთ კითხვა