"ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო"
პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 22 წლის სალომე ზანდუკელის ისტორია, "რა მოხდა ქუჩაში", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ზუსტად ორი წლის წინ, 2016 წლის 20 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ახალი დაწყებული მქონდა სამსახური. პარალელურად ბავშვებს ვამზადებდი ინგლისურსა და მათემატიკაში. ამიტომ საღამოობით გვიან ქავთარაძიდან სოლოლაკში მიწევდა ხოლმე წასვლა, ღამე კი, დაახლოებით 12 საათისთვის დიღმის მასივში, სახლში დაბრუნება. იმ დღესაც, დიდუბის მეტროდან სახლამდე ფეხით გადავწყვიტე წასვლა, რადგან ტაქსისთვის ფულის მიცემა დამენანა და ვიფიქრე, ფეხით ჩამოვიდოდი, მით უმეტეს, შიში არ მქონია, რადგან აქ დავიბადე და გავიზარდე.
სახლისკენ რომ მივდიოდი, გზად ვიღაც ტიპი ამეკიდა - სახელს მეკითხებოდა. რა თქმა უნდა, არაფერი ვუპასუხე. მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდებოდა. გადმოვიარე ხიდი და უკვე გამგეობასთან ვიყავი, როდესაც შეურაცხმყოფელი სიტყვები მომაძახა. ძალიან გავმწარდი და მეც ასევე ვუპასუხე. რამდენიმე წუთში დავინახე, ვიღაც ორ სხვა ბიჭთან ერთად მომყვებოდა უკან. ერთი ძალიან პატარა ბავშვი იყო, ხოლო მეორე - დაახლოებით, 15-16 წლის იქნებოდა. დამიჭირეს. ყვირილი იმ შუაღამით არავის გაუგია.
დამიჭირეს და ჩამათრიეს გამგეობის უკან, ნაძვნარში. გამაუპატიურეს. ერთ მომენტში ქვას მივწვდი და ვეცადე, ბიჭისთვის ჩამერტყა. როგორც მერე გავიგე, ასცდა. ამის შემდეგ ის ჩემ დახრჩობას ცდილობდა. შეგრძნება მახსოვს, ისე მიჭერდა ხელებს, რომ მიწაში თავჩარგული, მიწით ვსუნთქავდი. რომ ამბობენ, სიკვდილის წინ ყველაფერი თვალწინ გაგირბენსო, ზუსტად ეგ გავიარე. არც მიფიქრია, რომ სასწაული მოხდებოდა და გადავრჩებოდი. ამ ყველაფერს იმ პატარა ბავშვს აყურებინებდნენ. საბოლოოდ, თანხა რაც მქონდა, წამართვეს, გამძარცვეს და წავიდნენ.
წამოვდექი და იმ წამსვე პოლიციაში წავედი. პოლიციის შენობა გამგეობასთან ახლო მანძილზეა. რომ მივედი, კაბა ჩამოხეული მქონდა, საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. პოლიციელებმა რომ შემხედეს, არ დამიჯერეს, არ ჰგავხარ შენ სახლის გოგოსო. ძალიან გავმწარდი, ყვირილი დავიწყე, წავიდეთ იმ ადგილას და ვნახოთ, რა და როგორ მოხდა-მეთქი.
ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ ჩემი ნივთები ეყარა, ტრუსიც იქ იყო დაგდებული. ამის ნახვისას ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ახალგაზრდა გოგო ხარ, რად გინდა ამის გახმაურება და თქმა, ცხოვრებას გაიფუჭებო. ამის თქმა და ჩემი ღრიალი ერთი იყო. რას ამბობ, ეს როგორ უნდა დავმალო-თქო - ვუყვიროდი.
ყველა ელოდა, რომ უნდა მეტირა, მექვითინა და დასწავლული ქცევა მქონოდა, მაგრამ არ მეტირებოდა. ბრაზი მახრჩობდა.
საბოლოოდ, საქმე აღიძრა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. შემდეგ უკვე დეტექტივებთან მქონდა ურთიერთობა, ისინი კი უკეთ მეპყრობოდნენ და დამოკიდებულებაც სხვა იყო. ერთ-ერთმა დეტექტივმა თავისი მობილურიც კი მათხოვა, რომელიც დღემდე სახლში მაქვს, რადგან იმ პერიოდში ყველა ჩემი ნივთი, ბარათები, ტანსაცმელი და მობილური ნივთმტკიცებებად იყო გამოყენებული. 10 წლის ბავშვი არ დაუჭერიათ, ის ორი ტიპი დაიჭირეს. არასრულწლოვანს 6 წელი, უფროსს კი 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე, რა თქმა უნდა, ქალი იყო. გაგრძელება