ტელესივრცეში უამრავი სერიალი არსებობს. ზოგიერთი მათგანი ერთი ან ორი სეზონის შემდეგ გბეზრდება, ზოგი კი პირიქით, ისე გითრევს, რომ ვეღარ მოწყდები.
არსებობს ისეთი სერიალებიც, რომლებიც ჩვენს მეხსიერებაში ძალიან დიდხანს რჩება.
”ყველა ჩვენგანს აქვს ცოტაოდენი ბინძური თეთრეული” - ეს ამერიკული სერიალის, ”სასოწარკვეთილი დიასახლისების” ოფიციალური დევიზია, რომლის ყურებაც ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00 სთ-ზე ტელეარხ GDS-ზე შეგიძლიათ.
სერიალის შექმნის ისტორია უკვე ლეგენდად იქცა.
სცენარისტმა მარკ ჩერიმ სამსახური დაკარგა და იძულებული გახდა, საცხოვრებლად დედამისთან გადასულიყო. ერთხელ საინფორმაციო გამოშვებაში მან უყურა სიუჟეტს, თუ როგორ მოკლა სასოწარკვეთილებაში მყოფმა ერთმა დიასახლისმა თავისი ოთხი შვილი. მარკი შოკირებული იყო.
”მე მისი მესმის, - უთხრა მას დედამ. - თქვენთვის რთული წარმოსადგენია, თუ როგორ სასოწარკვეთილებაში შეიძლება ჩავარდეს ქალი ზოგჯერ”. მარკი კიდევ უფრო მეტად იყო შოკირებული. ის საბეჭდ მანქანას მიუჯდა და წერა დაიწყო:
”ორმოცი წლის ქალები, რესპექტაბელური რაიონიდან, ერთად იკრიბებიან იმისთვის, რომ მათი ერთ-ერთი დაქალის მოულოდნელი თვითმკვლელობის ფაქტი განიხილონ...”
თავდაპირველად, მარკ ჩერის არავინ დაუჯერა. ”როგორ შეიძლება ორმოცი წლის გეიმ მოიფიქროს სერიალი დიასახლისებზე?” - კითხულობდნენ ერთ-ერთი ამერიკული ტელეარხის თანამშრომლები. ერთი წლის შემდეგ მარკ ჩერიმ ირონიულად განაცხადა: ”იცით, CBS-ის ბოსმა დამირეკა, რომ გაერკვია, თუ რატომ დაიწუნეს მისმა მენეჯერებმა ჩემი პროექტი. ვფიქრობ, ერთ-ერთმა მათგანმა სამსახური დაკარგა. სამწუხაროა” (ირონიული ღიმილი).
ჩამთრევი სიუჟეტის გარდა, სერიალის მთავარი ღირსება მსახიობების გუნდია. ისინი არ ყოფილან ძალიან მოთხოვნადი და სუპერპოპულარულები, მაგრამ შესანიშნავად მიიღეს მაყურებლებმა და არაჩვეულებრივად მოერგნენ თავიანთ როლებს.
- მერი ელის იანგი (ბრენდა სტრონგი) დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა, რომ არა მისი მძიმე საიდუმლო, რომლის შესახებაც ერთ-ერთმა მეზობელმა გაიგო. სასოწარკვეთილებაში მყოფი გადაწყვეტს, დაასრულოს სიცოცხლე და ამ მომენტიდან მისი არამიწიერი არსებობა იწყება, რომლის მთავარი მიზანია - თავისი დაქალების ცხოვრებაზე გვიამბოს. ამას გარდა, მერი ელისის სიკვდილის საიდუმლო - პირველი სეზონის მთავარი ხაზია. მეორე სეზონში კი ახალი საიდუმლო ჩნდება...
- გაბრიელ სოლისი (ევა ლონგორია) - ყოფილი მოდელი, რომელიც ფიქრობდა, რომ ფული მას ბედნიერებას მოუტანდა, მაგრამ მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება გაბისთვის ზედმეტად მოსაწყენი აღმოჩნდა და მან რომანი გააბა თავის ახალგაზრდა მებაღესთან. მოგვიანებით, გაბრიელი იგებს, რომ ორსულადაა, მაგრამ ვინ არის ბავშვის მამა? ქმარი, რომელიც შესაძლოა ფინანსური მაქინაციებისთვის ციხეში მოხვდეს თუ მებაღე? გაბიმ უნდა გადაწყვიტოს, დაეხმაროს ქმარს თუ ჯონთან ერთად იცხოვროს...
- ბრი ვან დე კამპი (მარსია კროსი) თვლის, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს: ქმარი, სახლი, ვახშამი, ბავშვების ქცევა... შემდეგ კი ბრი იგებს, რომ მისი ქმარი - მაზოხისტია, შვილი - გეი. მოულოდნელად, მისი ქმარი კვდება და ბრის ყველაფერი თავზე ენგრევა.
- სუზენ მაიერი (ტერი ჰეტჩერი) - მომხიბვლელი ქარაფშუტა, რომელიც ხშირად ხვდება უხერხულ სიტუაციებში. განქორწინებულია, ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად. ის ოცნებობს ახალი ცხოვრების დაწყებაზე.
- ლინეტ სკავომ (ფელისიტი ჰაფმანი) - კარიერა ოჯახის გამო დათმო. 7 წელს საყვარელი სამუშაოს გარეშე და 4 ცელქ შვილს ლინეტი ჭკუიდან გადაჰყავს. ლინეტი სასოწარკვეთილებაშია. ქმარი ძველ მეგობარს ხვდება და ემზადება, რომ სამსახურში დააწინაურებენ, რათა სამუდამოდ დატოვოს სახლი და უსასრულო მივლინებებში იაროს. - მაგრამ ლინეტი ამას არ დაუშვებს...
მთავარი გმირების გარდა, ”სასოწარკვეთილ დიასახლისებში” ბევრი საინტერესო პერსონაჟი შემოდის.
მთავარი კი ისაა, რომ სასოწარკვეთილებაში მხოლოდ ქალები კი არა, მამაკაცებიც ვარდებიან.
კინემატოგრაფიული თვალსაზრისით, ”სასოწარკვეთილი დიასახლისები” შედევრია. ყურადღების ღირსია შესანიშნავი საუნდტრეკიც, რომელმაც ბევრი პრიზი მიიღო.
სერიალში სასაცილო და სერიოზული - ერთადაა შერწყმული. ის ერთდროულად გვართობს კიდევაც და გვაიძულებს, ცხოვრების არსს ჩავუფიქრდეთ...
მე მგონი, ეს საკმარისი მიზეზებია იმისთვის, რომ ჩართოთ GDS და ჩაუჯდეთ ყოველდღე, 17:00 საათზე.
იხილეთ ასევე: საინტერესო ფაქტები „სასოწარკვეთილი დიასახლისების" შესახებ