სიყვარული მავანისთვის მხოლოდ გაცვეთილი ფრაზებია, მავანისთვის - ცხოვრების წესი, ერთისთვის - გართობა, მეორისთვის – ყველაფერი...
ასეა თუ ისე, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა ეს გრძნობა მისთვის უმთავრესი ხდება. შეყვარებული ადამიანი სხვანაირად აღიქვამს, გრძნობს, განიცდის... რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ არის რაღაც საერთოც... შეყვარებულები აუცილებლად გასაგებ ენაზე უნდა საუბრობდნენ, მათთვის სიყვარულის ენა მშობლიურივით უნდა იყოს.
სტატისტიკურად მოიმატა გაყრის შემთხვევებმა. ეს ისე უბრალოდ, უმიზეზოდ არ ხდება. მიზეზი უნდა ვეძებოთ და მას უნდა ვებრძოლოთ. პირველ რიგში კი, საკუთარი ურთიერთობიდან უნდა დავიწყოთ.
ყველა ადამიანს სიყვარულის ინდივიდუალური ენა აქვს. სწორედ ამ ენაზე უნდა ესაუბრო საყვარელ ადამიანს, რათა გაიგოს, შეიგრძნოს, დაინახოს, რომ გიყვართ. აღიქვას სიყვარულის ფერი...
1. თბილი სიტყვების ენა
კომპლიმენტები, შექება, კმაყოფილება, გამართლება... ხშირად ოჯახური თანაცხოვრების დროს კომპლიმენტები და შენიშვნები უკმაყოფილებასა და შენიშვნებში გადაიზრდება. გამუდმებით შენიშვნების ენით ნუ დაუწყებთ საუბარს მეუღლეს და მხოლოდ მის უარყოფით თვისებებს ნუ ახსენებთ. გაიხსენეთ დადებითი და სითბოთი და შექებით მას თქვენს ყველა სურვილს შეასრულებინებთ. ეს აუცილებლად ასე იქნება, მთავარია სწორი და თბილი მიდგომა.
2. საჩუქრების ენა
ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ საჩუქარი თქვენი სიყვარულის გამოხატვის სიმბოლოა. არ არის აუცილებელი, ის ძვირფასი იყოს. თქვენ მიერ სიყვარულით გაკეთებული საჩუქრის მირთმევა საყვარელი ადამიანისთვის გარკვეულწილად რიტუალი უნდა იყოს.
3. დროის ენა
”მას არასდროს სცალია ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის” – ეს ქალების უმეტესობისთვის დამახასიათებელი ფრაზაა. კაცების უმეტესობა კი ამბობს, რომ ყველანაირად უზრუნველყოფს თავის ცოლ-შვილს, მთელი დღე მუშაობს, შინ გვიან ბრუნდება დაღლილი და მაინც არ აფასებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ დროის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ერთმანეთთან ახლოს ხართ, საუბრობთ, ერთად რაღაცას აკეთებთ, სამზარეულოში ტრიალებთ, აზრებს, გრძნობებს, განცდებს, შთაბეჭდილებებს უზიარებთ ერთმანეთს – ეს არის დროის ერთად გატარება, ურთიერთკავშირი, მხოლოდ ასე შეგიძლიათ თქვათ, რომ დრო ერთად გაატარეთ.
4. შეხების ენა
შეხებას, მოფერებას, ზოგადად, ფიზიკურ სიახლოვეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყვილის ურთიერთობაში. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებს. შეხების ენას უდიდესი ძალა აქვს. მას შეუძლია დაგავიწყოთ ყველა პრობლემა და უბედნიერეს ადამიანად გაგრძნობინოთ თავი.
5. მსახურების ენა
მსახურება – ეს სიყვარულის გამოხატულების განსაკუთრებული ფორმაა, როცა მზად ხარ, საყვარელი ადამიანის გამო შეასრულო გარკვეული ”სამუშაო”, ”ემსახურო” მას. ყველაფერი სიყვარულით გააკეთეთ, გახსოვდეთ, რომ ამას თქვენი რჩეულისთვის აკეთებთ და მაშინ არასდროს მიიღებთ საყვედურს, რომ სადილი თავის დროზე არ მოამზადეთ ან პერანგი არ დაახვედრეთ გარეცხილი...
ისწავლეთ სიყვარულის ენა და საყვარელ ადამიანს ესაუბრეთ მხოლოდ ამ ენაზე. სიყვარულს გამუდმებით კვება სჭირდება. არ თქვათ უარი ყოველივე იმაზე, რისი გაკეთებაც აქამდე არ იცოდით ან არ გიყვარდათ, სიახლე შეიტანეთ ურთიერთობაში და სასიამოვნოდ გააოცეთ თქვენი პარტნიორი. ის ყოველთვის განსაკუთრებულს და გამორჩეულს უნდა ხედავდეს თქვენში და მაშინ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება.