როდესა ც მამკაცთან ახალი დაწყებული გაქვს ურთიერთობა და სამომავლო გეგმებს სახავთ, ჩნდება მთელი რიგი კითხვებისა, რომლებზეც პასუხის გაცემა ადვილი არ არის. ზოგიერთი მათგანი კი ისეთია, რომლის დასმაც კი გერიდებათ პარტნიორისთვის.
ხშირად გეშინიათ მისი რეაქციის: "ვაითუ, ცუდი რეაქცია ჰქონდეს", "ნეტა, რას მეტყვის, ირონიული ხომ არ იქნება?". მსგავსი მიდგომით, შეიძლება, რეალობას მოწყდე. სჯობს, ყველაფერი გაარკვიო რაშიც ეჭვი გეპარება და ცოტა სხვაგვარად შეხედო სიტუაციას.
ის ელოდება, რომ საცხოვრებლად მასთან გადახვალ
შენ ისეთი ბედნიერი ხარ! როგორც იქნა, იპოვე მამაკაცი, რომელიც გიყვარს და რომელსაც ენდობი. ის არაჩვეულებრივია. მხოლოდ ერთი პრობლემაა – შენგან 300 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. მისი შენთან გადმოსვლა არ არის კარგი, პროფესიიდან გამომდინარე, მაინც ვერ იშოვის შენს ქალაქში სამსახურს.
როგორ მოიქცე? რა თქმა უნდა, მამაკაცისთვის არ ღირს საკუთარ გეგმებსა და მომავალზე უარის თქმა. თუმცა მაინც უნდა გაბედო და ცვლილებები შეიტანო შენს ცხოვრებაში, სიახლე აუცილებლად გჭირდება – მხოლოდ ასე შეიძლება იყო ბედნიერი.
ჩვენი ურთიერთობა – მხოლოდ ინტრიგაა?
თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ თავს ერთად, მათ შორის საწოლშიც. ერთნაირი გემოვნება გაქვთ, თქვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა გაფიქრებთ ის, რომ არც ოჯახის წევრებს და არც მეგობრებს ის არ გაცნობთ, თითქოს მათგან გმალავთ. იქნებ, რაც თქვენს შორის ხდება, მისთვის მხოლოდ ინტრიგაა?
როგორ მოიქცე? მოგწონს, როდესაც სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებ. როგორც კი რაიმე ისე არ არის, როგორც წარმოგედგინა, თავდაჯერებულობას კარგავ. მართალია, გაურკვევლობა ძალიან ძნელია, მაგრამ თუ მამაკაცი შენთვის ძვირფასია, მაშინ გარკვეული დროის განმავლობაში ამ სიტუციას უნდა შეეგუო.
მოვლენებს ნუ დააჩქარებ. ამას გირჩევნია საკუთარ თავში გაერკვე: რა გინდა? რას ვერ ეგუები? თუ შენ ამ კითხვებზე პასუხი იცი, მაშინ გაუმხილე საყვარელ ადამიანს.
თუმცა დარწუმუნებული ნუ იქნები, რომ ის მაშინვე გაერკვევა საკუთარ თავში. შეიძლება თავადვე არ იცოდეს, რა სურს თქვენი ურთიერთობიდან. იმ შემთხვევაში კი თუ ასეთი ურთიერთობა ნახევარი წელი მაინც გაგრძელდა, მაშინ შეგიძლია პირდაპირ დაელაპარაკო და სიტუციაში საბოლოოდ გაერკვე.
მე ხომ მისი საკუთრება არ ვარ!
მისგან ამას არ ელოდი! შენ მხიარულად უთხარი, რომ ამ შაბათ-კვირას შენი საუკეთესო მეგობარი ჩამოვა და ერთად გეგმავთ ვახშამს, ის კი ამაზე ძალიან გაბრაზდა. რატომ? შენ ხომ ასეთი რეაქცია არ გექნებოდა, თუ ის თუნდაც თავის ყოფილ კლასელს შეხვდებოდა?
როგორ მოიქცე? რამდენი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ ერთმანეთს? ის კითხვები, რომლებზეც ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ყველაფერი, რაც საზღვარს და პირად საკითხებს ეხება, განხილვას საჭიროებს. კარგია, რომ თქვენ საბაბი მოგეცათ, ამაზე ისაუბროთ.
რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპრომისზე წასვლა, თუმცა ამავე დროს შენი ინტერესებიც არ უნდა დაივიწყო. პარტნიორის სურვილებზე ბოლომდე დაქვემდებარებით, კარგავ უფლებას საკუთარი ცხოვრება გქონდეს.
ცოლობას არ მთავაზობს...
შენ სერიოზულად არ დაფიქრებულხარ ქორწინებაზე. თუმცა უკვე მეოთხე დაქალის გათხოვების შემდეგ, არასასიამოვნო ფიქრები შემოგეჩვია. რატომ არ გთხოვს ცოლად გაჰყვე? იქნებ, არასერიოზულად უყურებს თქვენ ურთიერთობას?
როგორ მოიქცე? დაფიქრდი: ეს მხოლოდ იმიტომ გაწუხებს, რომ შენი ახლობლები ოჯახებს ქმნიან, თუ შენც ნამდვილად გაქვს ამის სურვილი? თუ ეს ასეა, მაშინ შენ რატომ არ შესთავაზებ ამის გაკეთებას? ან უბრალოდ პირდაპირ ჰკითხე, რა აზრის არის შენთან ერთად ოჯახის შექმნაზე.
როგორ ვუთხრა, რომ ბავშვი მინდა?
შენ ოცნებობ, რომ დედა გახდე...
უკვე ისეთ ასაკში ხარ, რომ ამისთვის ყველანაირად მზად ხარ, თუმცა შენ და შენმა პარტნიორმა ახლახან დაიწყეთ ერთად ცხოვრება და ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ უნდა უთხრა ასეთი რამ. უარი რომ გითხრას? მას ხომ უკვე ჰყავს პირველი ქორწინებიდან გოგონა?
როგორ მოვიქცე? თუ შენთვის შვილის ყოლა ასეთი მნიშვნელონია, მაშინ რატომ უნდა გადადოთ საუბარი და დრო გაწელო? უარის მიღების ნუ შეგეშინდება. მართალია, ძალიან ძნელია გაიგო, რომ საყვარელ ადამიანს შვილის ყოლა არ სურს, მაგრამ ასე ყველაფერი სრულიად ნათელი იქნება შენთვის და გადაწყვეტილებას მიიღებ: ან საბოლოოდ უარს იტყვი ოცნებაზე, რომ დედა გახდე ან დაშორდები მას.
თუმცა სავსებით სავარაუდოა, რომ პარტნიორმა შენი წინადადება სიხარულით მიიღოს. საკმარისია, ზოგადი საუბარი წამოიწყო ბავშვზე, რომ გაიგებ, სურს თუ არა, მამა გახდეს. ასე რომ, სცადე!
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)