ეკა, 16 წლის: "გამარჯობა. თქვენი რჩევა მჭირდება. მიყვარს ადამიანი, რომელსაც ნაკლი აქვს -ღიპიანი და მელოტია, მაგრამ რა ვქნა, ის ჩემი სიყვარულია და ასე მგონია, მის გარდა ვერავის შევიყვარებ.
გია 22 წლის გახლავთ და მას ჩემი ოჯახის წევრები იწუნებენ. უფრო მეტიც, დები და დედა დამცინიან: ასეთი ქვაბ-ტაფა სად იშოვეო (საცოდავს ხან ქვაბს ეძახიან, ხანაც -თავში ტაფაჩარტყმულს). მეუბნებიან: იცოდე, მას რომ გაჰყვე, ცხოვრებაში ხმას არ გაგცემთ, ასეთი მახინჯი სიძე ჩვენს ოჯახში ვერ შემოვაო.
რა ვიცი, არა მგონია, გია მახინჯი იყოს. ამქვეყნად ბევრი ღიპიანი და მელოტია, მაგრამ ამის გამო მათ მახინჯებად მიიჩნევენ?.. სხვათა შორის, ჩემს მამიკოსაც აღარა აქვს თმა თავზე, მაგრამ დედას ის სიცოცხლეზე მეტად უყვარს.
ამას რომ ვეუბნები, მპასუხობს: როცა გავყევი, მამაშენი ოქროსქოჩრიანი ბიჭი იყო, ახლა გამელოტდა და რა ვქნა, ხომ არ გადავაგდებ ან გამოვცლიო?.. მიშველეთ და მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? გიას დაკარგვას ვერ ავიტან.
P.S. ჩემების ნათქვამი "ლოვეს" ყურამდეც მივიდა და გადაირია. მეუბნება: ასეთი ხალხის დანათესავებაზე ნამდვილად არ ვოცნებობ. ჰოდა, ან შენ დააყენე ოჯახში "პალაჟენიე", რათა ასეთი რამ მეორედ აღარ თქვან, ან დავშორდებითო"...
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)