სრულყოფილება ან არ არსებობს, ან ყველაფერი სრულყოფილია. ყველა ადამიანს აქვს თვისებები, რომლებმაც შეიძლება გაგვაღიზიანოს ან მოგვხიბლოს. ფსიქოანალიტიკოსებსა და ფილოსოფოსებს თუ ვენდობით, ადამიანები უფრო მეტად ღირსებების კი არა, ნაკლოვანებების გამო გვიყვარდება.
როგორია იდეალური ქალი? ამაზე ყველა კაცი სხვადასხვაგვარ პასუხს იძლევა, მაგრამ ყველა ცდება, რადგან კრიტერიუმი ერთადერთია - იდეალურია ის, ვინც გიყვარს. ქალები და კაცები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. სწორედ ამ განსხვავებების გამო აკრიტიკებენ ისინი ყველაზე მეტად ერთმანეთს და სწორედ ამ განსხვავების გამო უყვარდებათ კიდეც.
მაშ ასე, მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, ტყუილად არ უთქვამთ ძველებს – 15 ნაკლი, რომლებიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს:
1. ზედმეტად ბევრ ფიქრობს თქვენზე
გონებაში გამუდმებით თქვენ და თქვენი ცხოვრება უტრიალებს. ფიქრობს, რა იქნება თქვენთვის უკეთესი, რა უნდა გააკეთოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ და მერე ამ გენიალური იდეების, თქვენთვის გაურკვეველი მეთოდებით, თქვენთვისვე ჩაწვეთებას ან კიდევ პირდაპირი უხეში მეთოდებით თავში ჩატენვას ცდილობს.
2. ძალიან დიდ დროს ანდომებს მომზადებას
ამას თითქმის ყველა კაცი მწყობრიდან გამოჰყავს – ზიხარ, ელოდები და უყურებ, როგორ იცვლის ერთმანეთზე უკეთეს სამოსს სამოსზე და მაინც საშინლად არ მოსწონს თავი. თქვენ 8 საათზე ხართ წვეულებაზე დაპატიჟებული, ახლა კი უკვე 9-ის ათი წუთია. სამაგიეროდ, ის ყველაზე ლამაზი იქნება ამ საღამოს და თქვენც ხომ იმიტომ შეგიყვარდათ, ყველაზე ლამაზი რომ არის? რემარკი წერდა – როდესაც ქალი სარკესთან ტრიალებს, ამ დროს იხსნება მთელი მისი სამყარო და ამ დროს არის ყველაზე მომხიბლავიო.
3. არცერთი თქვენი ნაკლი არ ეპარება
ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ნაკლი გვაქვს, თავადაც ვიცით და თითქოს გვაღიზიანებს ამ ნაკლზე მითითება, თუმცა, როდესაც ადამიანმა შენი ყველა ნაკლი იცის და მაინც უყვარხარ, ძალიან მაგარია. ამას ყველა კაცი აფასებს, რამდენიც უნდა იბუზღუნოს. მან იცის, რომ ნაკლზე მითითება და გამოსწორების მცდელობა ყველა ქალში არსებული დედური ინსტინქტების ბრალია, თითქოს თქვენ გაზრდას ცდილობს. კაცები ბოლომდე ბავშვებად რჩებიან და მოსწონთ, როდესაც ისევ ბავშვებად გრძნობენ თავს.
4. საიდან რა იდეა მოსდის თავში, ვერ გაიგებ
ხან პიკნიკის გეგმები აქვს, ხან რომელიმე მწვერვალის დალაშქვრის, რომელიმე სულელური მელოდრამის ყურების ან ბანჯით გადმოხტომის… ის სპონტანური და არაპროგნოზირებადია. ის სუნთქვის, მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, თითქოს ეშინია, რომ რამეს ვერ მოასწრებთ, რომ მოგწყინდებათ... და თქვენ თუ ამავე ენთუზიაზმით არ შეხვდით მის იდეებს, თავბედს გაწყევლინებთ, რადგან რეალურად ის ამ ყველაფერს თქვენი ბედნიერებისთვის აკეთებს და არა საკუთარი თავისთვის.
5. თვეების განმავლობაში არჩევს თქვენთვის საჩუქარს
მიზეზს არ გაუშვებს ხელიდან, რამე რომ არ გაჩუქოთ და თან არჩევს იდეალურს. მერე გიყვებათ, რამდენი არჩია, როგორ მივიდა ამ საჩუქრის ყიდვის გადაწყვეტილებამდე და თქვენც ხვდებით, რომ უბრალოდ უნდა გაგრძნობინოთ, რა ძვირფასი ხართ მისთვის და კიდევ ის, რომ მასაც უნდა ამდენს ფიქრობდეთ მასზე. მასტერკლასი! მას ძვირფასი საჩუქრები კი არ სურს, მას ისეთი საჩუქარი უნდა, რომლითაც დაინახავს, რომ თქვენ იცით, მას რა სჭირდება.
6. ისე მაგრად უვლის თავს, რომ მის გვერდით ნამდვილი მაიმუნი ხართ
სულ ვარჯიშობს, ათასგვარი დიეტით აქვს თავი გამოტენილი, რაღაც ნიღბებით ითხუპნება, მთელ თავისუფალ დროს შოპინგზე ხარჯავს… რა საშინელებაა, საშინელი მშვენიერება. თქვენ ჭკუა გეკეტებათ.
7. სულ მართალია
გამუდმებით! გეგონებათ, ნათელმხილველია. აზრი არ აქვს მასთან კამათს, რადგან 99 პროცენტში სულ მართლდება. ეს საშინელებაა, რადგან თქვენ მასთან კამათზე გიჟდებით. თითქოს სულ წაგებული რჩებით, მაგრამ ის თქვენს გუნდშია, ხომ არ გავიწყდებათ? როგორ გაგიმართლათ!
8. ის რაღაცნაირად ახერხებს, რომ თან სჭირდებოდეთ და თან არ სჭირდებოდეთ არაფერში
ხანდახან გგონიათ, რომ რომ თქვენ გარეშე დაიღუპება, რომ თქვენ გარეშე არაფერი ეშველება… უცებ კი, ბრახ და აღმოაჩენთ, რომ თქვენზე უკეთ უმკლავდება ყველაფერს. ის თითქოს სუსტია, დასაყრდენს ეძებს თქვენში, მაგრამ მაშინ, როდესაც თქვენ წაიფორხილებთ, ისე მყარად დგას, თქვენც კი არ მოგცემთ წაქცევის საშუალებას. მას თქვენ გარეშე არ შეუძლია არსებობა და თან მშვენივრადაც შეუძლია. ეს აუტანელია და სიგიჟემდე საყვარელი.
9. ის გაიძულებთ, უკეთესი გახდეთ
მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ. გაიძულებთ იბრძოლოთ უკეთესი კარიერისთვის, ოცნებების ახდენისთვის, მისთვის. არაფრით არ სურს იმის გაგება, რომ გეზარებათ, გეშინიათ, არ გცალიათ, არ შეგიძლიათ… თქვენ მისი კაცი ხართ, იდეალური კაცი და თქვენ ყველაფერი უნდა შეგეძლოთ. ასე რომ, პროტესტს აზრი არ აქვს, ასწიეთ ერთი ადგილი და იცხოვრეთ ისეთი ცხოვრებით, როგორ ცხოვრებაზეც ოცნებობდით.
10. არ ეშინია თავისი აზრების გამოთქმის
თქვენ სულ იმაზე ნერვიულობთ - რა უთხრათ, როგორ უთხრათ, სხვანაირად არ გაიგოს; თვითონ კი ისე გაჯახებთ ყველაფერს, შოკში ჩავარდებით. არა მარტო თქვენ, ყველას, აი, იმ თქვენს თანამშრომელს, ამდენი ხანია რომ ნერვებს გიშლით და იძულებული ხართ, ნაძალადევად გაუღიმოთ. თქვენს ბოსს, აუტანელ ნათესავებს, ყველას ყველაფერს მიახლის პირში და თქვენც რა დაგრჩენიათ, ხუმრობაში უნდა გაატაროთ, მერე კი ებუზღუნოთ, ენაზე კბილის დაჭერა რატომ არ იციო. მოკლედ, ზედმეტს ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს იმას, რასაც თქვენ ვერ ბედავთ, რომ თქვათ. ენაგრძელია უდავოდ, მაგრამ ყველაზე საყვარელი ენაგრძელი, სულ თქვენი ენაგრძელი.