ალბათ, არაერთხელ გაგიგიათ ფრაზა, რომ კონკრეტული ადამიანი, მისი საქმიანობა და ნიჭი სათანადოდ არ არის დაფასებული. რაც უნდა უმნიშვნელო იყოს ის, ყველას უყვარს, როცა გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან. დედები ხშირად წუხან, რომ ისინი მთელს დღეს ანდომებენ სადილისა და ვახშმის მომზადებას, შვილები კი ჭუჭყიან თეფშებს მაგიდაზევე ტოვებენ და ოთახებისკენ უკანმოუხედავად გარბიან. მსგავსი გრძნობა ნაცნობია ბებიებისთვისაც, როცა ისინი შვილიშვილებს რამდენიმე საათით ან დღით იტოვებენ, დაბრუნებული მშობლები შვილებს საჩუქრებით ანებივრებენ, ბებიისთვის კი, ხშირად, მადლობის გადახდაც კი ავიწყდებათ.
დაფასება ყველაზე მეტად, ალბათ, სამსახურშია საჭირო: „უფროსმა მომთხოვა, ორ დღეში საკმაოდ მოცულობითი პრეზენტაცია მომეზადებინა, ვბუზღუნებდი, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. როცა ჩავაბარე, ასეთი რამ მითხრა: -კარგი, მაგრამ შენი ძირითადი დავალება სად არის?“ ამ დროს უკან დახევის გარდა ადამიანს არაფრის გაკეთება შეუძლია. უკან დახევა კი ყოველგვარი ზედმეტი პასუხისმგებლობის მოხსნას გულისხმობს - ნუ მოამზადებთ სადილს, თუ თქვენი მადლიერი ოჯახში არავინაა, ნუ დაიტოვებთ შვილიშვილებს, თუ მეგობრებთან შეხვედრას გეგმავთ და ნუ შესარულებთ უფროსის დამატებით სამუშაოს, მაშინაც კი, თუ ამას დაჟინებით გთხოვთ. მოექეცი შენს თავს ისე, როგორც გინდა რომ სხვები მოგექცნენ. აჩვენე საკუთარ თავს, რომ აფასებ საკუთარ თავს.
როგორც კი შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენი ვალდებულება სულაც არ არის, გარშემომყოფები მაშინვე დაიწყებენ თქვენს დაფასებას. ვახშამი მაშინვე გახდება გემრიელი, შვილები ჩაგეხუტებიან და გეტყვიან, რომ თქვენი დრო მათთვის ძვირფასია, უფროსი კი მიხვდება, რომ თქვენ გარესე უჭირს ზოგიერთ დავალებასთან გამკლავება. ზოგადად, ადამიანები მალე „მოდიან გონს“ მას შემდეგ, რაც იგრძნობენ, რომ შესაძლოა, სარგებელი ვეღარ მიიღონ.
გახსოვდეთ, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად არ უნდა დადოთ და როცა რაიმეს თქვენი კეთილი ნებით აკეთებთ, საპასუხოდ აუცილებლად უნდა იღებდეთ, სულ მცირე, „მადლობას“ მაინც.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>