„ცოტა მოვიმატე, ამ ბოლო დროს ძალიან დაკავებული ვარ, სპორტის დრო საერთოდ არ მაქვს.”
„სახლი ცოტა არეულია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ ავად ვიყავი”.
„გათხოვებას არ ვაპირებ, რადგან მსურს, ჩემს კარიერაზე ვკონცენტრირდე.”
ქალები ხშირად ითხოვენ პატიებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ყოველდღიურობა გლამურულ ჟურნალებში დახატული ცხოვრების მსგავსი არ არის. ისინი იძულებული არიან, განმარტონ, რატომ მოიმატეს წონაში, რატომ არ ჰყავთ შვილები, რატომ არის სახლი დასალაგებელი, ხოლო მაცივარში ნახევარფაბრიკატები ახლად მომზადებული წვნიანის ნაცვლად. ეს ყველაფერი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო ხდება, ამ პრობლემაზე საუბარი კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ყველა ქალს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ იცხოვრებს.
არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა სახლში არეულობისთვის
სისუფთავე სახლში, როგორ წესი, ქალის ჰიგიენურობასა და კარგ დიასახლისობასთან ასოცირდება. ამიტომ ქალებს ხშირად უწევთ მოიხადონ ბოდიში ოთახის კუთხეში მტვრის ნაწილაკების, ნიჟარაში დატოვებული გასარეცხი ჭურჭლის ან გასაწმენდი ფანჯრების გამო...
სინამდვილეში, ეს ყველაფერი ქალის სიზარმაცესა დ უსაქმურობაზე კი არა, მის დაკავებულობაზე მეტყველებს და მიანიშნებს, რომ მას დახმარება სჭირდება.
ზედმეტად დატვირთული სამუშაო გრაფიკის, დეპრესიის ან სტრესის დროს ყოველდღიური საქმეები ადამიანისთვის უკანა პლანზე იწევს. თუკი ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს დასალაგებელი ოთახი აქვს და გთხოვთ, ტანსაცმელი გვერდით გასწიოთ და ისე ჩამოჯდეთ საწოლზე, ეს თქვენთვის ნიშანი უნდა იყოს. ჰკითხეთ მას, რამე პრობლემა ხომ არ აქვს ან განტვირთვა და დასვენება ხომ არ სჭირდება, ნაცვლად იმისა, რომ სისუფთავეზე ლექცია წაუკითხოთ.
ცხადია, არსებობენ ქალები, რომელთაც საკმარისი დრო და ენერგია აქვთ სახლის დასალაგებლად, თუმცა ეს მათთვის პრიორიტეტი არ არის. ისინი არც ბოდიშს იხდიან არეული ოთახისთვის და არც თავს გრძნობენ დამნაშავედ.
არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა ზედმეტი კილოგრამებისთვის
თქვენი წონა და ფიგურა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ის და არ ხართ ვალდებული, ვინმეს რამე აუხსნათ და, მით უფრო, მომატებული კილოგრამების გამო თავი უხერხულად იგრძნოთ. ადამიანების უმეტესობას სჯერა, რომ წონის მატება აუცილებლად კვებასთანაა დაკავშირებული, თუმცა, სინამდვილეში, ამას გენეტიკა და სხვადასხვა დაავადება განაპირობებს.
არავის სურს აწუხებდეს ზედმეტი კილოგრამები და, ამის პარალელურად, მუდმივად ისმენდეს გარშემომყოფთა უტაქტო კომენტარებს, თუმცა ამ პრობლემის მოგვარება ხშირად ისეთ ბარიერებთანაა დაკავშირებული, რომელთა გადალახვა ან ძალიან რთული, ან შეუძლებელია. გარდა ამისა, ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული - ჯანსაღი კვება ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ის საკვები, რომლითაც ჩვეულებრივ ვიკვებებით. სპორტი და ფიზიკური აქტივობა მოითხოვს დარბაზში სიარულს, რომლისთვისაც, გარდა ფინანსებისა, თავისუფალი დრო და უდიდესი ნებისყოფაცაა საჭირო.
სანამ საკუთარი წონის შეგრცხვებათ, დაფიქრდით, გაქვთ ხარისხიანი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური დატვირთვის დრო, ფსიქოთერაპიისა და სწორი რაციონის შედგენის თანხა, ან ცხოვრობთ „კომფორტის ზონაში“ - სტრესისა და დაღლილობის გარეშე? არა? საკუთარი თავის წონის გამო დატუქსვა იგივეა, უსაყვედუროთ თქვენს თავს, რომ არ შეგიძლიათ იახტის ყიდვა...
არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა, თუ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეთ
დღეს წარმატება ერთგვარი ტრენდია - სოციალურ ქსელში ადამიანები ერთმანეთს ხშირად უსურვებენ წარმატებას, თუმცა რას გულისხმობენ მის მიღმა, არც ისე ნათელია... უმეტესად, კარიერას, კარიერულ წინსვლას, თუმცა უცნობია, რომელ კომპანიაში და რა თანამდებობაზე მუშაობა ითვლება წარმატებულად. შეიძლება ვიგულისხმოთ შემოსავალიც, თუმცა კონკრეტულად რამდენი - არავინ იცის. წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ ერთგული ქმარი და კარგი შვილებიც, თუმცა არც ამის საზომი უპოვია ჯერ ვინმეს...
ქორწინება ითვლება ქალის წარმატების ცალკეულ (და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან) მაჩვენებლად. სოციოლოგები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქორწინებისადმი ამ დამოკიდებულების ფესვები წარსულიდან მოდის, როდესაც სიბერეში შვილები უზრუნველი ცხოვრების გარანტი იყო, თუმცა ახლა ასე ცოტა თუ ფიქრობს. ადამიანები საკუთარ მომავალზე, მათ შორის, სიბერეზე, თავად ზრუნავენ და იქმნიან გარემოს, რომელშიც ცხოვრების ბოლო წლების გატარება სურთ. თუ თქვენ საყვედურს გეტყვიან იმის გამო, რომ არ გათხოვილხართ, ნურავის აუხსნით, რატომ ხართ მარტო. დრო და ენერგია სხვა, ბევრად მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარეთ.
ამ და სხვა სტერეოტიპების გამო შექმნილი გარემო ნუ გახდება თქვენთვის დამაბრკოლებელი. მოიკრიბეთ ნებისყოფა და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა თქვენ სასარგებლოდ.
<div>
</div>