ალბათ, ყველა დაქორწინებული ქალი იმედოვნებს და თვლის, რომ მათი ქორწინება სამუდამოდ გაგრძელდება, თუმცა, ბედნიერი და ჰარმონიული ქორწინების შენარჩუნება ხშირად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ თანაცხოვრება. როგორც ამბობენ, შეყვარებული ადამიანი პარტნიორში მხოლოდ კარგს ხედავს, თუმცა, თუ ყურადღებით იქნებით, შეამჩნევთ იმ თვისებებს, რომელთა გამოც თქვენი ოჯახი შეიძლება დაინგრეს. აი, ისინიც:
ზედმეტი ყურადღება საკუთარი თავისადმი
„ყველას აქვს ჩემი ვალი, მე კი - არავისი“ - ეს მიდგომა ოჯახის დანგრევის ყველაზე ხშირი მიზეზია. ეს არის ინფანტილური ადამიანის ტიპიური პოზიცია, რომელსაც სურს იყოს არამხოლოდ საკუთარი, არამედ პარტნიორის ცხოვრების ცენტრიც. როგორც ფსიქოლოგი ანა ნურჟანი აღნიშნავს, ეს თვისება ნათლად ვლინდება დედისერთა ადამიანებში, რადგან ისინი მიჩვეული არიან გადამეტებულ ყურადღებას, მოვლასა და მოფერებას, შემდეგ კი უჭირთ, კონცენტრირება სხვაზეც მოახდინონ და აღიარონ, რომ დედამიწა მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.
ეგოცენტრიზმი და ეგოიზმი
ეგოიზმი ყოველთვის ცუდი არ არის. ჯანსაღი ეგოიზმი პროდუქტიულობის ერთ-ერთ წინაპირობაა. ასეთი ადამიანი ემოციურად დამოუკიდებელია, მისი ბედნიერება სხვებზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ, მას აქვს ენერგიის რეზერვი, რომლითაც შეუძლია, ინვესტიცია განახორციელოს ურთიერთობებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვერიდოთ ეგოცენტრულ ადამიანებს, თუმცა ნუ შეგეშინდებათ ეგოისტი ადამიანების, პირიქით, თუ ქალი აუფასურებს საკუთარ თავს, შეყვარებული მამაკაცი დაკარგავს რწმენას, რომ მას განსაკუთრებული ქალი უყვარს და ურთიერთობაც მალე გახდება მოსაბეზრებელი.
მცდელობა, შეცვალოს პარტნიორი
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს ჩვევა ერთ -ერთი ყველაზე საშიშია ქორწინებისთვის. ადამიანი, რომელიც გამუდმებით გაკრიტიკებთ, თქვენი ქცევები არასწორად მიაჩნია და ცდილობს, მიგითითოთ როგორ იცხოვროთ, ქორწინებისთვის საშიშია. შესაძლოა, მოახერხოთ და გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ თქვენ უბრალოდ ვეღარ შეძლებთ მუდმივი კონტროლითა და მითითებებით ცხოვრებას, რადგან ეს მნიშვნელოვანი სტრესია.
საკუთარი სურვილების დათრგუნვა
მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის, შემდეგ კი აფეთქება, პარტნიორის დადანაშაულება ყველა უბედურებაში - ეს არის "მსხვერპლის" პოზიცია ურთიერთობაში. როდესაც ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებსა და სურვილებზე, ჩვენ ვაძლევთ უფლებას სხვას მოგვექცეს საკუთარი შეხედულებისა და სურვილისამებრ. მოწიფულმა ადამიანმა ზუსტად იცის, რა სურს ურთიერთობისგან და არ ეშინია ამაზე ლაპარაკის. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ როგორც დადებით, ასევე უსიამოვნო გრძნობებზე, ამით ურთიერთობა გაიზრდება, დაიხვეწება და ყველაფერი უფრო სასიამოვნო გახდება. საკუთარ თავში ჩაკეტვა კი გაუგებრობას, კონფლიქტსა და დაძაბულობას გამოიწვევს, რაც კარგად არასდროს მთავრდება.
ურთიერთობაში სხვა ადამიანების ჩარევა
ნებისმიერი "სამკუთხედი" საზიანოა ურთიერთობებისთვის. რასაკვირველია, პრობლემების გადასაჭრელად შეგიძლიათ და უნდა მიმართოთ ფსიქოლოგებს ან სხვა ექსპერტებს, მაგრამ დედები, მამები, მეგობრები და კოლეგები ამაში არ უნდა მონაწილეობდნენ! თუ თქვენი პარტნიორი გამუდმებით ცდილობს, კონფლიქტი სხვების დახმარებით მოაგვაროს, ეს ნამდვილად ცუდის ნიშანია.
ემოციური დამოკიდებულება პარტნიორზე
თუ პარტნიორი თქვენზე ემოციურად დამოკიდებულია, მას გაუჭირდება, გაავლოს ზღვარი თქვენ შორის და დაიცვას პირადი სივრცე. ის ზემდეტად შემოიჭრება თქვენს ცხოვრებაში, ეცდება, არასდროს მოგშორდეთ გვერდიდან... ამაში, ერთი შეხედვით, შეიძლება, ცუდი არაფერია, თუმცა ეს ჯანსაღი ურთიერთობა არ არის, რადგან ყველა ადამიანს სჭირდება პირადი სივრცე, სადაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენას შეძლებს. ურთიერთობაში "პარაზიტის" სტრატეგია მოწმობს შინაგან არასრულფასოვნებაზე.