„მეორეს როდის აჩენ?“ „აღარ თხოვდები? დროა უკვე...“ „ქმარს მართლა გაშორდი?“ - ამ და სხვა უხერხულ სიტუაციებში ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანი აღმოჩენილა. როცა ცნობისმოყვარე თანამოსაუბრეს სურს, მიიღოს ინფორმაცია, ის ყველაფერზეა წამსვლელი, ამ დროს კი ტაქტის შენარჩუნება და კითხვის თავაზიანად არიდება არც ისე მარტივი საქმეა. აქ ამოიკითხავთ რამდენიმე სტრატეგიას, რომელთა საშუალებითაც შეძლებთ, უპასუხოს არასასიამოვნო კითხვებს ისე, რომ „მოგებული“ თავად დარჩეთ.
შერლოკ ჰოლმსი გირჩევთ
უსიამოვნო კითხვებზე პასუხის გაცემისას თქვენ გაქვთ სრული უფლება, არ მისცეთ თანამოსაუბრეს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. შერლოკ ჰოლმსის მეთოდის მიხედვით, როცა გეკითხებიან, მაგალითად, რამდენი გაქვთ ხელფასი, თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ საშუალო და ამით საუბარი დაასრულოთ. თქვენი მოკლე, თუმცა გასაგები პასუხი თანამოსაუბრეს დააბნევს და აგრძნობინებს, რომ თქვენი ცხოვრების ყველა დეტალი მისი საქმე არ არის.
დაუბრუნეთ კითხვა თანამოსაუბრეს
კითხვის შებრუნების ორი მეთოდი არსებობს, პირველი - „სწორად მესმის, რომ თქვენი მთავარი პრობლემა დღეს ჩემი ცხოვრებაა?“ - ეს ფორმულირება დაგეხმარებათ, იუმორით, თუმცა სავსებით გასაგებად აგრძნობინოთ ადამიანს, რომ არ გსურთ კონკრეტული დეტალების გამხელა მისთვის. მეორე და ასევე ეფექტური მეთოდია, ჰკითხოთ ის, რასაც თავად გეკითხებათ. მაგალითად, თუ მას აინტერესებს, როგორ აპირებთ მეორე შვილის გაჩენას, თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ: „და შენ მესამეს?“
იუმორი გადაგარჩენთ
როცა თანამოსაუბრე კითხვას სერიოზულად გისვამთ და ერთი სული აქვს, გაიგოს ის, რაც ასე ძალიან აინტერესებს, თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ აირიდოთ უსიამოვნო თემაზე საუბარი. მაგალითად:
- ღმერთო ჩემო, რამდენი დახარჯე ამ კაბაში?
- ორი კვირა მომიწია შიმშილი, მაგრამ მოდის გულისთვის რას ვერ გააკეთებ!
ამ ტექნიკების გამოყენებით შეძლებთ, დაიჭიროთ დისტანაცია იმ ადამიანებისგან, რომლებიც მომაბეზრებელ, უსიამოვნო კომუნიკაციას აწარმოებენ თქვენთან და შესაძლოა, სულაც ჩამოიშოროთ გზიდან. ასე რომ, თამამად სცადეთ!