16 წლის გათხოვდა და ახლა ორ შვილს მარტო ზრდის. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გზით მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა. ამბობს, რომ წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო, ქმარი სცემდა. ბოლოს იძულებული გახდა, პოლიციისთვის მიემართა. მისი მეუღლე ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს კიდეც. რძალზე ძალადობისთვის ასევე ბრალი ჰქონდა წარდგენილი მის დედამთილსაც, რომელიც პატიმრობას გადაურჩა, მაგრამ პირობითი მსჯავრი დაედო.
მაგდა:
- აჭარაში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან წარმატებული მოსწავლე ვიყავი. დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, სულ წრეებზე დავდიოდი, სპორტის სხვადასხვა სახეობაშიც ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. ბევრი გეგმა მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ უცებ ყველაფერი შეიცვალა. მე-11 კლასელი ვიყავი, ჩემმა მეუღლემ რომ მომიტაცა. ნორმალურად არც კი ვიცნობდი მას. მეგობარ გოგონას ვენდე, მისი ნათესავი იყო და მომიტაცეს. მეგობრებიც ახლდა ჩემს ქმარს იმ დღეს, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ პირობითი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. თუ პოლიციაში განვაცხადებდი მომხდარს და სახლში წამოვიდოდი, მათ დაიჭერდნენ. ჩემი დედამთილი მარწმუნებდა, ეს არ გამეკეთებინა. მეც გამოუცდელი ვიყავი და დავრჩი ასე, ფაქტობრივად, უცხო ადამიანთან. სახლში დარეკვაც ვერ შევძელი, ტელეფონიც წამართვეს.
ჩემი მშობლები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ, მეორე დღეს მოვიდნენ ჩემთან. დედა მთხოვდა, სახლში გავყოლოდი, მაგრამ რადგან მარწმუნებდნენ, რომ ჩემ გამო ამდენი ადამიანი ციხეში წავიდოდა, სახლში წასვლაზე უარი ვთქვი და იქ დამტოვეს. ორი თვის მერე შემირიგდნენ მშობლები. მასწავლებლებმა შემიწყვეს ხელი და დაუსწრებლად სკოლა დავამთავრე, მარტო გამოცდებზე მივედი და ისე ჩავაბარე გამოცდები. ახლა კანონით იკრძალება არასრულწლოვანთან ქორწინება. ეს კანონი მაშინ რომ ყოფილიყო, თავისთავად, ყველა ციხეში მოხვდებოდა და დაისჯებოდნენ. კარგია, ეს კანონი რომ მოქმედებს.
გათხოვებიდან მალევე ფეხმძიმედ დავრჩი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, სანამ გაჭირვება არ მოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.
- ფინანსური პრობლემები შეგექმნათ?
- დიახ, აჭარის მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობდით. ჩემი ქმარი მთელი ზამთარი არ მუშაობდა, ზაფხულში თუ გადავიდოდა თურქეთში ჩაის საკრეფად, მამამისთან ერთად. ამ მოგროვილი ფულით გავარემონტეთ სახლი. ქორწილი არ გვქონია. სახლში 12 ადამიანი ვცხოვრობდით. ძროხა, ქათმები, ყველაფერი ჰყავდათ. დედამთილი მეუბნებოდა, ოჯახი შექმენი და ყველაფერს შენ უნდა მიხედოო. სახლში ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო. იქ მული და მაზლებიც ცხოვრობდნენ.
ჩემი დედამთილი ორჯერ გათხოვდა. პირველი ქორწინებიდან სამი გოგო ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - სამი ბიჭი. ჩემი პატარა მაზლი 7 წლის იყო, იქ რომ მივედი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მასზე მე ვზრუნავდი. წერა-კითხვა ვასწავლე. სახლში სველი წერტილი არ გვქონდა და დასაბანი წყლის გასათბობად ცეცხლის დანთებაც მე მიწევდა. დედამთილი ამბობდა, რძალი ხარ და შენ გევალება ყველაფერიო. თავის ამბებს ჰყვებოდა - რომ გავთხოვდი, სახლში ყველაფერს მე ვაკეთებდი, ხელსაც ვაბანინებდი ოჯახის წევრებს, პირსახოცით ვუმშრალებდი და ისინი რომ მაგიდასთან დასხდებოდნენ, მხოლოდ მას მერე ვჭამდი საჭმელსო. მეც იმავეს გაკეთებას მთხოვდნენ და ვაკეთებდი.
სახლში ფინანსებს დედამთილი განაგებდა. ძალიან ბევრნი ვიყავით. ერთხელ ვუთხარი, მე და ჩემი ქმარი ვიმუშავებთ, თუ შეგიძლიათ, თქვენც დაგვეხმარეთ, რომ ცალკე გავიდეთ-მეთქი. ამ სიტყვების გამო ამითვალწუნეს. მაშინათვე სახლიდან გამომაგდო დედამთილმა, დაიბარა ჩემი მშობლები, ბიძები, ბიცოლები და უთხრა, წაიყვანეთო. იმათმაც მე დამადანაშაულეს. მერე თქვეს, ბავშვია, ვაპატიოთო და დამტოვეს.
ამის შემდეგ სულ იყო კონფლიქტები, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი, რადგან ჩემი მშობლებისგან ზურგი არ მქონდა. მთელი დღე ვტრიალებდი, ვშრომობდი და დაღლილს, საღამოს დაჯდომა რომ მინდოდა, ესეც არ მოსწონდათ. ჩემს ქმარს მამამისი ეუბნებოდა, ამ გოგოს მწარე ენა აქვს, გაშორდი და გპირდები, ახალ ცოლს მოგიყვანო. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ქმარი სხვას სწერდა მესიჯებს. ბუნებრივია, ამაზე ვღიზიანდებოდი...
პირველი სერიოზული კონფლიქტი წყლის ონკანის გამოცვლის გამო მომიხდა. 4 კაცი იყო სახლში და 3 წელი ონკანი არ იკეტებოდა. საშინელი ხმა ჰქონდა და ბავშვებს აღვიძებდა. ერთ დღეს ვთქვი, იქნებ რომელიმემ გააკეთოთ-მეთქი. შენი საქმე არ არის, ენა ჩაიგდეო, გაბრაზდა ჩემი ქმარი, სულ დედას მაგინებდა. ამდენი ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ჩემს დედას ნუ აგინებ, შენი გყავს-მეთქი. ამ სიტყვების გამო ჩაიდანი მირტყა თავში, სულ დალურჯებული ვიყავი. მაშინ დავურეკე ჩემებს, წამიყვანეთ, თორემ თავს მოვიკლავ-მეთქი. მოვიდნენ, მაგრამ მითხრეს, ოჯახი გაქვს და მოითმინეო, მაინც დამტოვეს, ჩემს ენას დააბრალეს ყველაფერი. მერე საღამოს დათვრა და ბოდიშები მიხადა ქმარმა. მეც გული მომილბა.
მორიგი კონფლიქტი თურქეთიდან დაბრუნებულს მომიხდა.
- რაზე იჩხუბეთ?
- თურქეთში ჩაის საკრეფად მეც წავედი. 9 თვის იყო პატარა, დედამთილს რომ დავუტოვე. იქიდან დაბრუნებულმა საქონლისთვის საჭმელი ვიყიდე, ოჯახისთვის პროდუქტები და სხვა ნივთები, რაც გვჭირდებოდა და რასაც ჩემი თანხა გასწვდა. 500 ლარი მქონდა დარჩენილი და ჩემი ნაშრომით ჩემს შვილებს 20-ლარიანი ფეხსაცმელები ვუყიდე. დედამთილმა და მამამთილმა იცოდნენ, რის საყიდლადაც მივდიოდი, ქმარი სახლში არ იყო და რომ გაიგო, თანხა იმ 500 ლარს მოვაკელი, ამის გამო სასტიკად გამისწორდა.