ოჯახში ძალადობა ისევ სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში. იმის მიუხედავად, რომ კანონი გამკაცრებულია, მოძალადეები მაინც არ ერიდებიან დანაშაულის ჩადენას. არასამთავრობო ორგანიზაციებიც მუდმივად მოუწოდებენ მსხვერპლებს, რომ მოძალადეებს თავი დააღწიონ. ბევრი ახერხებს ამ ნაბიჯის გადადგმას და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრია ისეთი, რომელიც შიშის გამო, თუ სხვა მიზეზით ისევ მოძალადესთან რჩება.
ნათია 34 წლის იყო, როცა მწარე რეალობის წინაშე დადგა. 8 თვის ფეხმძიმე მარტო დარჩა, რადგან ქმარი კატეგორიულად სთხოვდა ბავშვი ან მოეშორებინა, ან გაეშვილებინა. მარტო დარჩენილს, თავშესაფარიც კი არ ჰქონდა, კარგად იცოდა ისიც, რომ ამ მძიმე ტვირთის ტარება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ იმ იმედით, რომ რაღაც გამოსავალს იპოვიდა ეს ნაბიჯი გადადგა. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, მისი შვილი წელს სკოლაში წავიდა და ის დედის გვარზეა.
ნათია:
- არ ვიცი, საიდან დავიწყო საუბარი. უმძიმესი ცხოვრება მაქვს გამოვლილი. ჩემი ქმრისგან რომ წამოვედი, წასასვლელიც კი არ მქონდა, მალე შვილის დაბადებას ველოდი და ასე დავრჩი ქუჩაში. წარმოიდგინეთ, ისე მივედი 9 თვემდე, ფაქტობრივად, ექიმთან ვიზიტზე არ ვყოფილვარ. არც ექიმი მყავდა აყვანილი და არც რეგისტრაციაზე ვყოფილვარ. მე და ჩემს ქმარს ოფიციალურად ხელი მოწერილი არ გვქონდა, მაგრამ სამი წელი ერთად ვცხოვრობდით. თბილისში ვმუშაობდი, ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. მაღაზიაში დისტრიბუტორად მუშაობდა და გაცნობიდან სადღაც ერთ წელიწადში, ცოლად გავყევი. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ერთი წლის მერე გავიგე, რომ სოფელში შვილი ჰყავდა და ცოლს გაშორებული იყო. ეს ამბავი ჩემთვის არ უთქვამს, დამიმალა. სიმართლე გითხრათ, არც ერთს არ გვინდოდა შვილის გაჩენა, მაგრამ ფეხმძიმედ დავრჩი და ვერაფერს შევცვლიდი, გადავწყვიტე გამეჩინა.
სახლში რომ დაბრუნდა, გახარებული დავხვდი და ვუთხარი, შვილს ველოდებოდით-მეთქი, სახეზე მაშინვე დაეტყო, რომ ეს ამბავი არ გაუხარდა. ვიფიქრე, ალბათ დაღლილია და ემოციები ვერ გამოხატა-მეთქი. რამდენიმე დღე არაფერი უთქვამს, მერე ვთხოვე, ექიმთან წასასვლელი ფული მოეცა. ჯერ ფული არ მაქვს, ვიშოვი და მერე წადიო.
4 თვის ფეხმძიმე ვიყავი, მაგიდაზე ფული დამიდო და მითხრა, ხვალ დილით წადი და აბორტი გაიკეთე, სახლი ჩვენ არ გვაქვს, ბინის ქირას ძლივს ვიხდი და ვერ შევძლებ თქვენს რჩენასო. ეს თავზარდამცემი ამბავი იყო ჩემთვის, არ მინდოდა, დამეჯერებინა, იმის მიუხედავად, რომ ის პერიოდი სულ ვგრძნობდი, რომ მას არ გაუხარდა ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. მეუბნებოდა, აუცილებლად აბორტი გამეკეთებინა, ამაზე უარი ვთქვი, რადგან ნაყოფი უკვე დიდი იყო და ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი.
ერთ დღეს, მთვრალი მოვიდა და კატეგორიულად მომთხოვა, აბორტი გამეკეთებინა. იმ დღეს სერიოზულად ვიჩხუბეთ, ხელითაც შემეხო. დედამისს დავურეკე და შევჩივლე ასე იქცევა-მეთქი. მან მითხრა, ეს ჩემი პრობლემა არ არის, მე ვერაფერში დაგეხმარები, რაც გინდა ის ქენი, მას თავისი შვილისთვის არ მიუხედია და დარწმუნებული ვარ, არც შენს შვილს მიხედავსო. ამის მერე, დედამისთან მე არ დამირეკავს და არც თავად დაინტერესებულა არც ჩემი და არც ბავშვის ბედით...
ჩემი ქმარი მეორე დღესაც მთვრალი მოვიდა სახლში და საუბარი ისევ ამ საკითხზე რომ დავუწყე, მითხრა, რაც გინდა, ის ქენი, ეს ბავშვი მე არ მაინტერესებს, იცოდე, მასზე ზრუნვას არ ვაპირებო. ან ახლა აბორტი გაიკეთე, ან რომ გაჩნდება სასწრაფოდ გააშვილე, ან სამშობიაროში დატოვე, არც გვარის მიცემას ვაპირებო.