ქეთი რომ გათხოვდა, ნინი 16 წლის იყო. დის გარეშე დარჩენილ ნინის მშობლები უფლებას აძლევდნენ, მისი მეგობრები ხშირად დარჩენილიყვნენ მათთან სახლში. ერთხელ ნინის მეგობარმა უთხრა: ჩემმა მეზობელმა კახიმ ტვინი გამიბურღა, შენი გაცნობა უნდა და ხვალ სკოლასთან დაგვხვდებაო. ნინის უარი არ უთქვამს. მართლაც, "კაი ბიჭად" ცნობილი კახი მეორე დღეს სკოლის ჭიშკართან იყო ატუზული... მალე ხმა დაიყარა, კახი და ნინი შეყვარებულები არიანო... მშობლების ყურამდე რომ მიაღწია ამ ამბავმა, გულშემოყრილმა დედამ მეუღლეს შესჩივლა, ერთ გზასაცდენილ ბიჭს მოსწონს ნინი და რამე უბედურებას არ გადაგვყაროსო. მაგრამ გოგონამ დაამშვიდა ისინი, სულ რამდენჯერმე ვნახე, ისიც მეგობრების წრეშიო. მართალს ამბობდა, ნინის კახი არც უყვარდა და არც მოსწონდა, მაგრამ გულის სიღრმეში სიამოვნებდა, რომ "ასეთი" ამჟღავნებდა ყურადღებას, კახის რიდი და შიში ყველას ჰქონდა... კახიმ საჩუქრებს და სიურპრიზებს მოუხშირა: ხან ნინის სადარბაზოსთან მინდვრის ყვავილები დაუფინა, ხან სანთლებით "ნინი, მიყვარხარ" დაუწერა, ხან კალათში ჩასმული პატარა ლეკვი დაუტოვა კართან. მშობლები ისევ შეშფოთდნენ და შვილს სთხოვეს, აღარ აეღო მისგან საჩუქრები. ნინიც დაეთანხმა, მაგრამ პირისპირ ვერ უთხრა. მეგობარს დააბარა ბიჭთან: სხვა მიყვარს და მეუხერხულება, სიურპრიზებს რომ მიწყობო...
იმ წელს ნინი სკოლას ამთავრებდა და სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებდა, უნდოდა მშობლებივით ექიმი გამოსულიყო. ჩააბარა კიდეც გამოცდები და მშობლებს სთხოვა, ზღვაზე გაეშვა სამ მეგობარ გოგონასთან ერთად. ცოტა კი შეფიქრიანდნენ, უფროსის გარეშე როგორ გაეშვათ ნაფერებ-ნალოლიავები შვილი, მაგრამ ნინი ისე ემუდარებოდა, უკვე დიდი გოგო ვარო, რომ ვეღარ უთხრეს უარი. გოგოსგან უარყოფილი კახი ერთხანს აღარ ეკონტაქტებოდა ნინის, მაგრამ სულ მისკენ ჰქონდა ყურადღება და უკვე მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გოგოს მოტაცება. ეს დღეც დადგა. ბათუმში ჩასვლიდან მეხუთე დღეს, როცა ზღვიდან ამოსული გოგონები ნაქირავები ბინისკენ მიდიოდნენ, მანქანა გაჩერდა მათ წინ და გაოგნებულმა ნინიმ დაყვირებაც ვერ მოასწრო, ისე შეაგდეს მანქანაში. მეგობრებმა ბევრიც იტირეს, იქოთქოთეს, მაგრამ თვალსაწიერიდან გამქრალ მანქანას, რომელსაც ნომრებიც არ ეკეთა, ვერავინ მიაგნო. მშობლები ნინის 5 დღე ეძებდნენ. კახის ოჯახშიც მივიდნენ, მაგრამ დამხვდურებმა მხრები აიჩეჩეს, ვიცოდით, რომ უყვარდა თქვენი შვილი, მაგრამ ამ ნაბიჯს თუ გადადგამდა, ჩვენც არ ველოდითო...გაგრძელება