მკითხველი: "გამარჯობა. მინდა, ჩემი ამბავი მოგიყვეთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ანონიმურობა დაცული იქნება. აქ თინეიჯერები საკუთარ პრობლემებზე წერენ, რათა ტკივილი სხვებს გაუზიარონ ან უბრალოდ, სხვებისგან რჩევა მიიღონ, მე კი ეს ნამდვილად არ მჭირდება.
უბრალოდ, მაინტერესებს, ჩემს ცხოვრებაზე როგორი წარმოდგენა შეგექმნებათ... 23 წლის ვარ. უკვე ოჯახი მაქვს და პატარაც მყავს.
მე და ჩემს მეუღლეს ქორწინებამდე გვქონდა ურთიერთობა და ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. "ლოვეს" მართლა ვუყვარდი და ცხადია, ამ ამბავმა ძალიან გაახარა, სიხარულისგან დაფრინავდა, აი, მე კი თავისუფლებასთან განშორება არ მინდოდა და გადავწყვიტე, აბორტი გამეკეთებინა (ამის აღიარების ძალიან მრცხვენია, მაგრამ ასე იყო).
ეს შეყვარებულს რომ ვუთხარი, ლამის გაგიჟდა, მართლა ძალიან გამიბრაზდა და... 2 დღის შემდეგ ცოლად გავყევი. ახლა ბედნიერი ვარ. მყავს არაჩვეულებრივი ქმარი, რომელიც თვალებში შემომციცინებს და პატარა ანგელოზი.
ეს მესიჯი იმიტომ მოგწერეთ, რომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის ასეთი ფრაზები: ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი, მიმატოვაო და მერე იწყება კაცების ლანძღვა-გინება, ყველას ერთ ქვაბში ყრიან და ხარშავენ. არ ვიცი, სხვები რას ფიქრობთ, მაგრამ მერწმუნეთ, ამქვეყნად ჩემი მეუღლისნაირი ღირსეული ადამიანებიც არიან... მაგრამ იქნებ, მხოლოდ მე გამიმართლა?..
P.S.ისე, გოგონებო, მართალია, კარგი ოჯახი ღვთის წყალობაა, მაგრამ მაინც, სანამ რაიმეს გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით. მერწმუნეთ, თავისუფლებას მაინც სულ სხვა მუღამი და გემო აქვს. პატივისცემით".