"- სალო! - მობილურში გარკვევით გაისმა. - ჰო, მაამ, რამე ხდება? -მრავალმნიშვნელოვნად ვიკითხე და პასუხს დაველოდე.
- იცოდე, დაახლოებით 10-15 წუთში უკვე სახლში ვიქნები და მზად იყავი. შენებურად არ მალოდინო, სოფელში მივდივართ, ბებოსთან.
- კი, მაგრამ შეგიძლია მითხრა, რა გვინდა იქ? - გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
ალბათ იმ მომენტში მამას რომ დავენახე, ჩვეული ღიმილით მეტყოდა, თუ როგორ ვუყვარვარ.
- ლაშა ხომ გახსოვს, ჩვენი ნათესავი რომაა? ცოლი მოუყვანია წუხელ. თბილისელი გოგო ყოფილა, მობილურით გაუცნიათ ერთმანეთი. წეღან დამირეკეს, გამაგებინეს და დანარჩენს გზაში მოგიყვები.
რაც გითხარი, არ დაგავიწყდეს, - მითხრა და გათიშა.
კარადაში ტანსაცმელი უწესრიგოდ ეყარა. რაც პირველად მომხვდა ხელში, ის ჩავიცვი - წითელი მაისური და ჯინსის მოკლე ქვედაბოლო.
როგორც იქნა, დამღლელი, გრძელი გზის შემდეგ ნაცნობ სოფელსაც მივაღწიეთ, მერე ნაცნობი შესახვევიც ვიპოვეთ და ნაცრისფერკარიანი სახლიც გამოჩნდა. კარი ფართოდ იყო მოფრიალებული და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის ხმა გარემოს აყრუებდა.
უკმაყოფილოდ ტუჩები რამდენჯერმე გავაწკლაპუნე. მამას ჩემი უჟმური სახის დანახვაზე გულიანად გაეღიმა და ოდნავ მიბიძგა კარისკენ - უსიტყვოდ მანიშნა, შედიო და თავადაც გამომყვა. დიდი ხვევნა-კოცნისა და მოკითხვის შემდეგ, მასპინძლებმა გამოგვკითხეს ამბები, არც კომპლიმენტები დაიშურეს და ღიმილითაც დამასაჩუქრეს.
ხალხი საუბარს შეჰყვა, მე კი კუთხეში, ფუმფულა, შავ სავარძელში ვიჯექი და გამალებით ვმესიჯობდი. ისე დავიღალე პატარძლის ლოდინით, რომ გადავწყვიტე მომეკითხა. წამოვდექი და თამამად წარმოვთქვი: იქნებ პატარძალი გვაჩვენოთ, ყველას ძალიან გვაინტერესებს-მეთქი.
ოთახს თვალი მოვავლე და უხერხულობის გასამუხტავად ნაძალადევად გავიღიმე. ახალგამომცხვარმა "დედამთილმა" გამჭრიახობა შემიქო და მთხოვა, გვერდითა ოთახიდან ახალშეუღლებულები გამომეყვანა, თავად კი ნიას სილამაზესა და კარგ აღზრდაზე დაიწყო ლექციის კითხვა.
ჰოლი ნელი ნაბიჯებით გავიარე, რამდენჯერმე გაუბედავად დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე კარი. ცარიელ ოთახში ლაშა მარტო იჯდა და მთელი ხმით ქვითინებდა. იატაკზე ნიას დახეული ფოტოები ეყარა. გვერდით კი წერილი ეგდო, შემდეგი შინაარსით:
"ბოდიში, ლაშა... ღმერთია მოწმე, ამის გაკეთება არ მინდოდა. ჯობდა, ახლავე წავსულიყავი. მერე უფრო გამიჭირდებოდა... რა ვქნა, ვერ ვიცხოვრებ სოფელში! გთხოვ, დამივიწყე და შენი ცხოვრებიდან წამშალე. ღიმილს გისურვებ, ულევს და უჩემოს... ნია".
წერილი უკან დავაბრუნე, უხმოდ ავდექი, ოთახს თვალი მოვავლე, მერე ლაშას შევხედე, რომელმაც ჩემი მისვლა ვერც კი გაიგო და ფეხაკრეფით გამოვედი. გვერდითა ოთახიდან შეზარხოშებული ხალხის სადღეგრძელოები და სიცილის ხმა მთელ სახლში ისმოდა... ტალკერ".
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)