" ქორწინება უმნიშვნელოვანესი მომენტია ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ ზოგიერთს ბედი არ სწყალობს ხოლმე და ისეთი რამ ხდება, რაც არავის ავიწყდება...
სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ასეთი რამ გადახდა ჩემს უახლოეს მეგობარს. ის 28 წლისაა, 3 წლის გოგონას დედა. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ულამაზესია...
რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, მასზე ექვსი წლით უმცროს ბიჭს შეუყვარდა. ბათუმში სულ რამდენიმე დღის ჩასული იყო. ერთ საღამოს, ქუჩაში სეირნობის დროს, ოთხმა ახმახმა ისე სტაცა ხელი და ჩასვა მანქანაში (ამ საუკუნეში მოტაცება გიკვირთ, ხომ?), რომ გონზე მოსვლა და დაყვირებაც კი ვერ მოახერხა...
მხოლოდ გზაში გააცნობიერა, რა მოხდა, როდესაც თავისზე ექვსი წლით უმცროსი თაყვანისმცემელი დაინახა. აქვე მინდა აღვნიშნო: ეს ბიჭი ნორმალურად არც კი იცნობდა და ცხადია, ისიც კი არ იცოდა, რომ მას ქმარ-შვილი ჰყავდა. აი, სწორედ მაშინ ატეხა წივილი-კივილი, მაგრამ რას გახდებოდა?
რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ მიიყვანეს ერთ-ერთ რაიონში, სადაც დახვდათ გაშლილი სეფა, თავისი "მუზიკანტებითა" და დაახლოებით 100-150 სტუმრით. ეს რომ ჩემმა მეგობარმა დაინახა, უარესად გადაირია.
ბიჭის მშობლებს უთხრა: - სერიოზული ხალხი ხართ, ქმარ-შვილი მყავს და ჩემი და თქვენი შვილის ქორწინება არ გამოვაო, მაგრამ ერთადერთი ვაჟის ქორწინებით ისე იყვნენ მშობლები გახარებული, ქალს ყური არ უგდეს და თითქმის ძალით დასვეს სუფრასთან.
გაჩაღდა ქორწილი. ჩემი მეგობარი 2-ჯერ გამოიქცა სუფრიდან და ორჯერვე უკან დააბრუნეს ძალით.
ვისთანაც ახერხებდა დალაპარაკებას, ყველას უხსნიდა თავის ოჯახურ მდგომარეობას, მაგრამ ყველა არასერიოზულად ეკიდებოდა მის ნათქვამს... ამ ტირილში, სიცილ-ხარხარში, სმა-ჭამაში დასრულდა ქორწილი. ნეფე-დედოფალს განსაკუთრებული ოთახი მოუწყვეს და დედამთილმა ღიმილიანი სახით შესთავაზა დასვენება პატარძალს...
ამაზე სულ გაგიჟდა გოგო, ატეხა ერთი ამბავი, დაიმართა ისტერიკა და იმდენი ქნა, იმ ღამით დედამთილის ოთახში დაიძინა (ან რამ დააძინა)... დილით კი როგორც იქნა, მოახერხა მობილური ტელეფონით სარგებლობა და გულგახეთქილმა მეუღლეს დაურეკა.
იმან რამდენიმე საათში მიაკითხა კუთვნილ ცოლს... არიქა, პატარძლის ხალხი მოვიდაო და დაიწყეს სუფრის გაშლა, დღეს უფრო დიდ ქორწილს გადავიხდითო, მაგრამ რა ქორწილი და რის ქორწილი?! წესით, ქართულ ქორწილებში ქორწილის ბოლოს იწყება ჩხუბი, აქ კი სუფრაც კი არ იყო გაშლილი, ისეთი ამბავი ატყდააა! :) ადვილი წარმოსადგენია, ალბათ.
p.s. აი, რა იცის გაუაზრებელმა ნაბიჯმა... როგორ გვასწავლიან უფროსები? კარგად გაიკითხე, ვისი გორისაა პატარძალიო. პატივისცემით, ლაკვასტი".
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)