რუსთავი: "გამარჯობა. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. ჩემს შვილს შეუყვარდა გოგო, რომელიც კომპიუტერით გაიცნო. ჰოდა, შეყვარებულმა მხოლოდ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ გაუმხილა: ქართველი არა ვარო.
ის მართლმადიდებელი ქურთი გახლავთ და მისი ოჯახის წევრებიც ქრისტიანული წესით არიან მონათლულები. რა თქმა უნდა, როცა მისი წარმომავლობის შესახებ გავიგეთ, ოჯახის წევრებმა ჩემს შვილს ვთხოვეთ, - შეეშვი, სხვა მოძებნე-თქო.
თითქოს, დაგვიჯერა და დაშორდნენ კიდეც, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ ისინი ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად ისევ ხვდებიან. თქვენი აზრი მაინტერესებს: როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მათი ამბავი უკვე ღმერთს მივანდე.
ვატყობ, ერთმანეთი ძალიან უყვართ და არ მინდა, ამ საქმეში ცუდად ჩავერიო და წლების შემდეგ შვილმა მისაყვედუროს: რას მერჩოდი, სიყვარული რატომ დამაკარგვინეო?! გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ მოვიქცე".