23 წლის თეკლა ვეკუა უკვე წელიწადნახევარია, საკუთარ ბიზნესს უძღვება. კარგი იდეა, სწორად დასახული მიზანი და ბევრი შრომა - ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, ალბათ, ნამდვილად საკმარისია.
თეკლას ჩანაფიქრი, შეექმნა პირველი "ბარბერ შოპი" თბილისში, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოემსახურებოდა, რეალობად 2015 წლის დეკემბერში იქცა.
თეკლა ამბობს, რომ "ბარბერ შოპის" კონცეფცია სილამაზის სალონის ძირითად იდეას სცდება და ის უფრო მამაკაცების თავშეყრის ადგილი, გართობისა და დროის გატარების შესაძლებლობაა. აქ ყველაფერი მომხმარებელთა კომფორტისთვისაა შექმნილი. ახალ ვარცხნილობებთან და წვერის მოვლასთან ერთად მამაკაცებს სასიამოვნო გარემოსაც სთავაზობენ.
"თბილისში მანამდე არ არსებობდა მსგავსი თავშეყრის ადგილი და ასევე სიახლე იყო სალონური მომსახურება მხოლოდ მამაკაცებისთვის. ჩვენ შემოგვაქვს და ვნერგავთ ახალ, ტრენდულ სტილს, მსოფლიოში მიღებულს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ რეალობას. მომხმარებელს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ეხება თმისა და მამაკაცის სახის მოვლას.
იქნება ეს წვერის ფორმის თუ თმის ვარცხნილობის შერჩევა. ახალი ვარცხნილობები ასე თუ ისე შემოდის თბილისში, მაგრამ პროფესიონალურად იშვიათად თუ ჭრის ვინმე. "ბარბერ შოპში" მამაკაცების იმიჯზე ხუთი საუკეთესო სტილისტი ზრუნავს", - ამბობს თეკლა ვეკუა.
"ბარბერ შოპის" ინტერიერი, დიზაინი, კონცეფცია მთლიანად ახალგაზრდა ბიზნესმენის იდეით შეიქმნა და განხორციელდა. როგორც თეკლა ამბობს, მომხმარებელი პირველივე დღიდან აქტიურობდა და ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ტენდენცია მზარდია და ყოველთვიურად სალონის მომსახურებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი სარგებლობს.
სანამ იდეას სისრულეში მოიყვანდა, თეკლამ მთელი წელი ბაზრის კვლევას, სტილისტების შერჩევასა და პროდუქციის მოძიებას დაუთმო. სამართებლის სპეციალისტი ბაქოდან მოიწვია, რადგან აღმოაჩინა, რომ საქართველოში ეს საკმაოდ ძველი ხელობა ნაკლებადაა შესწავლილი.
"ბარბერ შოპის" დამფუძნებელი შეეცადა, რომ ფასები ყველა კატეგორიის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო. სალონში წვერის მოვლის ღირებულება 5 ლარიდან, ხოლო ვარცხნილობები 12 ლარიდან იწყება. "ბარბერ შოპს" ბევრი ცნობილი სახე სტუმრობს. მათ შორის არიან მორაგბეები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სხვა. მათ შორის: მიშა მესხი, ოთო ლომთაძე, გიორგი ქორქია და სხვები.განაგრძეთ კითხვა