ცოლ-ქმრის ცხოვრება თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც შელაპარაკდნენ და ქალს საყვარელი ადამიანისგან შეურაცხყოფის მთელი კორიანტელი დაატყდა თავს.
მეორედ მამაკაცმა ეს აღარ იკმარა და უდანაშაულო ქალზე ხელიც კი აღმართა; მესამედ, რაღაცაზე გაბრაზებულმა, ცოლს შინიდან გაგდებაც დაუპირა... როგორ უნდა მოიქცეთ ამგვარ სიტუაციაში? შესაძლებელია თუ არა აგრესიის განეიტრალება ან მისი თავიდან აცილება?
ასეთი "ბრძოლების" უმეტესობა, როგორც წესი, შელაპარაკებით იწყება. უნდა შეეცადოთ, მაშინვე აღკვეთოთ იგი და მანამ განმუხტოთ ვითარება, სანამ უთანხმოება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება. თუკი ეს შეუძლებელია, ჯობს, იქაურობას საერთოდ გაეცალოთ.
ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ: საკუთარ თავს ჩაუნერგეთ, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს თავს შეურაცხყოფა და ცემა-ტყეპა დაგატყდათ, თქვენი ბრალი არ არის - ასეთ მოპყრობას ნამდვილად არ იმსახურებთ.
მაშასადამე, საპასუხოდ რაც უნდა მოიმოქმედოთ, მაინც მართალი იქნებით. ამიტომ, თუ აგრესორის გამოსწორება გაქვთ მიზნად დასახული, წინასწარ დაგეგმეთ თავდაცვის საშუალებანი. სრული
უფლება გაქვთ, ისეთსავე ხერხებით იმოქმედოთ, როგორსაც თქვენი მეტოქე პარტნიორი იყენებს.
ქალი, რომელიც ძალადობისკენ მიდრეკილების მქონე მამაკაცის გვერდით ცხოვრობს, სათანადოდ ვერც კი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის თავს; გაურბის რეალობას და გარკვეული დროის მანძილზე თავს იტყუებს; უნდა, დაიჯეროს, რომ ამაში არაჩვეულებრივი არაფერია - პირიქით, ამგვარ საქციელს პარტნიორის ძლიერ სიყვარულს მიაწერს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალისტებმა გარკვეული ტესტი შეიმუშავეს. რაც უფრო მეტ პუნქტს დაეთანხმებით, მით მალე უნდა გაწყვიტოთ კავშირი ამ ადამიანთან. მაშ ასე:
• მეუღლეს ყველაფერში ეთანხმებით, რადგან მისი რისხვის გეშინიათ;
• ცდილობთ, სხვებთან გაამართლოთ მისი საქციელი;
• მისი ეჭვიანობა სიგიჟის ზღვარზეა;
• მას თქვენი ცხოვრების ყოველი წუთის გაკონტროლება სურს;
• ცოფდება, როცა მეგობრებთან ერთად, მის გარეშე ატარებთ დროს;
• მხოლოდ მან - ერთმა იცის, თუ როგორ უნდა იქცეოდეს - ქალი იქნება ეს ბავშვი თუ მამაკაცი;
• თავის წარუმატებლობაში მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ან გარშემო მყოფებს ადანაშაულებს. არასოდეს იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე;
• თქვენი მხრიდან სულ უმნიშვნელო წინააღმდეგობის გაწევის დროსაც კი მუქარაზე გადადის;
• არავის ენდობა;
ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში მისთვის დამნაშავე მხოლოდ დაზარალებულია.
პასუხების შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ უკვე შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა, აქვს თუ არა თქვენს ურთიერთობას მომავალი. კარგია, თუ თქვენს მეუღლეს ჯერ არ გადაულახავს საშიში ზღვარი.
მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მასთან განშორება ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია, მდგომარეობა კი დღითი დღე უარესდება?
ჯერ ერთი, იმედი ნუ გექნებათ, რომ ხვალვე რაიმე შეიცვლება - ეს ასე არ მოხდება, რადგან ძალადობისკენ მიდრეკილება ქრონიკულ ხასიათს ატარებს.
მეორეც, თუ ფსიქიკურად ან ფიზიკურად დაინვალიდების პერსპექტივა არ გიზიდავთ, მისი თვალთახედვის არიდან გაუჩინარებისთვის უნდა მოემზადოთ, რადგან გამორიცხული არ არის, წინადღის ცემა-ტყეპის შემდეგ, მეუღლემ დევნა და მუქარა დაგიწყოთ, თან საწყალობლად გევედრებოდეთ მასთან დაბრუნებას.
შიშის ან სიბრალულის გამო კი შეიძლება დათმობაზე წახვიდეთ და ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ამიტომ ჯობს, ისე წახვიდეთ, რომ მისამართი არავის დაუტოვოთ. შეიძლება მატერიალური პრობლემებიც შეგექმნათ, მაგრამ ამ ყველაფრის კომპენსაცია - თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაა.
გახსოვდეთ: ჯობს მარტო იყოთ, ვიდრე ისეთი ადამიანის გვერდით იცხოვროთ, ვინც თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)