ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად გვესმის ვირტუალური ურთიერთობის შედეგად შექმნილი ოჯახების შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე ქალბატონი ნატო გვესაუბრა, მანამდე საკუთარ ოჯახის დანგრევის მიზეზებზეც გვიამბო...
- ამქვეყნად აღარაფერი მიკვირს. ისეთებს ვხედავ და ისეთები მესმის, რომ რეაქცია აღარ მაქვს, მაგრამ ჩემი დეიდაშვილის საქციელით დღემდე შოკში ვარ. მე და მარი ერთად გავიზარდეთ. ჩვენს შორის სამი წელია სხვაობა, მე მასზე უფროსი ვარ.
მისი ყველა ნაბიჯი ზეპირად ვიცოდი. ლამაზი გოგოა და ყოველთვის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. სამწუხაროდ, მე ასე არ გამიმართლა. არც ბევრ ბიჭს მოვწონდი, არც ლამაზი ვარ. ერთი ჩვეულებრივი ქალი ვარ, რომელმაც ოჯახი 25 წლის ასაკში შექმნა. მანამდე მე და ჩემი მეუღლე 4 წელი ვიცნობდით ერთმანეთს. დიდხანს ვიფიქრე, სანამ ოჯახს შევქმნიდი.
მეუღლე ამ ორჭოფობის გამო არაერთხელ მეჩხუბა. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარდა, მაინც ვფრთხილობდი. მეშინოდა, თუმცა კონკრეტულად რისი ვერ გეტყვით. ალბათ ბევრი ქალია ასე. ძნელია არ ინერვიულო ასეთ დროს, როცა მიჰყვები კაცს, რომლის გვერდითაც მთელი ცხოვრება უნდა გაატარო, შვილები გააჩინო და ოჯახზე იზრუნო.
- თქვენმა ოჯახმა გაამართლა?
- როგორ გითხრათ?! 6 წელზე ცოტა მეტხანს ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მერე ჩემმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა და ცოტა ხანში მასთან წავიდა. ამ დროს მე უკვე 2 შვილი მყავდა. ჩემი მეუღლე დროდადრო მოდიოდა, ბავშვებს ნახულობდა, ფულს უტოვებდა. ვცდილობდი, ასეთ დროს შინ არ ვყოფილიყავი.
მაგრამ ერთხელ ისე გვესტუმრა, რომ არ გაგვაფრთხილა. ბავშვები დედაჩემს ორი დღით სოფელში ჰყავდა წაყვანილი. კარი რომ გავაღე და ყოფილი ქმარი დავინახე, ფეხები ამიკანკალდა, მაგრამ გავუღიმე და შინ შემოვიპატიჟე. სადილი ახალი მომზადებული მქონდა, შევთავაზე და ისიც დამთანხმდა. მაგიდა ძლივს გავაწყვე, ვნერვიულობდი, მერე ყავაც დავლიეთ. ბოლოს თენგომ ბავშვებზე ჩამოაგდო ლაპარაკი, კარგი დედა ხარ და მათ კარგად ზრდიო.
ამ სიტყვებზე ცოტა გული მეტკინა, გმადლობ, მაგრამ ნუთუ ცუდი ცოლი ვიყავი-მეთქი?! ეს ვთქვი თუ არა, ცრემლები წამომცვივდა. თენგომ მაშინვე გულში ჩამიკრა და ფერება დამიწყო. მაკოცა... ის ღამე ერთად გავატარეთ და სწორედ იმ ღამის შემდეგ გაჩნდა ჩემი მესამე შვილი - დავითი.
- მეუღლე დაგიბრუნდათ თუ დღესაც მარტო ცხოვრობთ?
- როცა ჩვენი მესამე ბავშვი გაჩნდა, სამშობიაროში მოვიდა და მითხრა, რომ მიუხედავად მომხდარისა, ის ჩემთან მაინც არ დაბრუნდებოდა, იმიტომ რომ არ ვუყვარდი.
- და მესამე ბავშვი ქმრის დაბრუნების იმედად გააჩინეთ?
- არ მოგატყუებთ და კი. ვფიქრობდი, თუ კიდევ ერთი ბავშვი გვეყოლებოდა და შვილი დაგვაკავშირებდა ერთმანეთს, თენგო დამიბრუნდება-მეთქი. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ახლა მარტო ვცხოვრობ და ბავშვების გაზრდაში ჩემი მშობლები მეხმარებიან.
- თქვენ მითხარით, რომ დეიდაშვილის შესახებ უნდა მოგეყოლათ...
- დიახ. ის ახლახან გათხოვდა. თიკო არასოდეს ყოფილა რისკიანი და მისი გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მანცვიფრებს. მოკლედ, თიკოს ცხოვრებაში ახალი თაყვანისმცემელი რომ გამოჩნდა, მისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია. მით უფრო იმიტომ, რომ ის ვიღაც ანონიმურ მესიჯებს სწერდა და არ ამხელდა ვინ იყო. ბოლოს ჩემი დეიდაშვილი თიკოც აჰყვა და მიზნად დაისახა უცნობის ვინაობა გამოერკვია.
მთელი დღე მესიჯობდნენ. ხანდახან მიკვირდა, ნუთუ ის კაცი არც ჭამს, არც სვამს, არც სამსახური აქვს, რომ წამით არ ჩერდება-მეთქი? ეს ჩემი დეიდაშვილი სწორედ იმ პერიოდში უმუშევარი იყო და თიკოსთვის ეს გართობის ერთგვარ საშუალებად იქცა. ბოლოს, როგორც იქნა გაირკვა, რომ იმ კაცს თიკო თბილისში ყოფნისას ერთ-ერთ რესტორანში დაუნახავს.
იქ თიკოს ძმის მეგობრები ქეიფობდნენ და მათთან ერთად იყო თიკო. გვერდით მაგიდასთან ეს კაცი მჯდარა, მაგრამ იმ დროს მასთან ვერ მისულა და ვერ გაცნობია. მიმტანი ქალისთვის უთხოვია თიკოს ნომრის გაგება. იმანაც იეშმაკა, ვითომ ტელეფონი დაუვარდა და რომ შეემოწმებინა, ზარი შემოდიოდა თუ არა, თიკოს სთხოვა, ჩემი ნომერი აკრიფეთო. მერე ის ნომერი ხელსაწმენდზე ამოიწერა და იმ კაცს მიურბენინა. მოკლედ, ასე დაიწყო ეს ვირტუალური ურთიერთობა, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. თიკო პირველად მე გამომიტყდა, მგონი ვიღაც შემიყვარდა ისე, რომ არც კი მინახავსო.
- თქვენს დეიდაშვილს ის კაცი არც ფოტოზე ჰყავდა ნანახი?
- ის კაცი კომპიუტერთან არ "მეგობრობდა". თან უთქვამს, მირჩევნია ასე უნახავად მიცნობდე, ჩემი ხასიათი გიყვარდეს და არა ვიზუალიო.
- თუმცა თავად ხომ თქვენი დეიდაშვილით მოიხიბლა...
- რასაკვირველია, თიკო ლამაზი რომ არ ყოფილიყო, ამ კაცის ყურადღებას ხომ არ მიიპყრობდა. რახან იმხელა რესტორანში სწორედ ის გამოარჩია, წარმოიდგინეთ როგორ მოეწონა.
- მერე რა მოხდა?
- მოკლედ, დღე აღარ ჰყოფნიდათ და ღამითაც მესიჯობდნენ. თიკოს იმ უცნობის ხმის გაგება უნდოდა, მაგრამ როცა ურეკავდა, ის არ პასუხობდა. სხვა ნომრიდანაც რომ დავრეკეთ, არ გვიპასუხა. მოკლედ, ეს ჩვენი იდუმალი რაინდი საერთოდ არ აჩენდა თავის ნამდვილ სახეს. თიკომ რამდენჯერმე ისიც კი იფიქრა, იქნებ მახინჯია და სწორედ ამიტომ იმალებაო.
ბოლოს, თიკომ პირობა წაუყენა. ან გამეცნობი ან მესიჯებზე აღარ გიპასუხებო. ერთი დღე მართლაც ასე გააკეთა. ტელეფონი შეტყობინებებით აივსო, მაგრამ თიკო მათ აღარც კი კითხულობდა. მეორე დღეს დილით თიკოს ტელეფონზე შემდეგი შეტყობინება მოვიდა: "დღეს საღამოს ბათუმში ვიქნები. შენს სახლთან მოვალ და დაგირეკავ. მინდა ჩემი ცოლი გახდე". ამ მესიჯზე მეც და თიკომაც ბევრი ვიცინეთ, მაგრამ საღამოს სულ სხვა რამ მოხდა.
ის კაცი მართლაც მოვიდა და დარეკა, თიკო ვითომ არ ნერვიულობდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ საშინლად ღელავდა. იმ წუთებში მასთან ვიყავი და ასე მითხრა, რომ არ გავიდე და ეს კაცი არ ვნახო, ვიცი, მთელი ცხოვრება ვინანებ. რომც მეჩხუბო და სახლიდან გასვლა ამიკრძალო, ფანჯრიდან გადავიპარებიო. ცხადია, მე მისი დაკავება არ მიცდია. იმ დღეს თიკოს ღამე შინ აღარ გაუთევია.
გამთენიისას მშობლებს დაურეკა, არ ინერვიულოთ, კარგად ვარ, გავთხოვდი და ერთ კვირაში მე და ჩემი ქმარი გესტუმრებითო. რასაკვირველია ყველა მე მომადგა, ვინ არის ჩვენი სიძე, რას საქმიანობს, სად ცხოვრობს, თიკო არაფერს გიმალავდა და ყველაფერი გეცოდინებაო. რა უნდა მეთქვა, რაც არ ვიცოდი. ამ ამბიდან ერთი წელიც არ გასულა. თიკო და მისი ქმარი თბილისში ცხოვრობენ და ბედნიერები არიან. სხვათა შორის, ჩვენი სიძე საკმაოდ სიმპათიური მამაკაცია და რატომ იმალებოდა, ვერ გაგვირკვევია (იღიმის).
ანა კალანდაძე
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)