ის ერთ-ერთი იყო იმ მამაკაცთაგან, ვინც ჩიხში მოქცეული იტყუება. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ჩემი მაშინდელი ქცევები დაუსჯელი ვერ დარჩებოდა.
ყოველთვის, როცა მის შეცდომებზე დარწმუნებით მივუთითებდი, მე ვანგრევდი ჩვენს ათწლიან ქორწინებას. ის კი წარბშეუხრელად იტყუებოდა. ჩაიკეტა, ნელ-ნელა დამშორდა და საკუთარ საქმეში თავით ჩაეფლო.
პირველ თვეებში, მას შემდეგ, რაც დავიშალეთ, მისი დადანაშაულება ჩემი მთავარი კოზირი იყო. დაუღალავად ვიმეორებდი: "როგორ გაბედა?" ირგვლივ შემოვიკრიბე უამრავი გულშემატკივარი, რომლებსაც "ამ კაცის" დანახვა არ უნდოდათ.
თითოეულ მის დანაშაულს ჩვენი ოჯახის დანგრევის მიზეზად ვასახელებდი და საკუთარ თავს ვიცოდებდი – საწყალი, დამთმობი, თავშეწირული და მრავალნატანჯი ცოლი. ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ ჩემმა ფსიქოლოგმა სალაპარაკოდ არ მიმიწვია და არ მაიძულა, ყველაფრისთვის მიკროსკოპის მეშვეობით შემეხედა.
აღმოჩნდა, რომ იქ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც აქამდე გამოვსახავდი. და აი, ჩემი მთავარი შეცდომები:
1. ჩემთვის პირველ ადგილზე შვილები იყვნენ
გიყვარდეს შვილები – სულაც არ არის რთული – ამისათვის მინიმალური ძალისხმევაა საჭირო. ქორწინება კი – სულ სხვა რამ არის. ის სამსახურია. როგორც კი ჩემს ჰორიზონტზე ეს სამსახური გამოჩნდებოდა, მე მაშინვე გავრბოდი სხვა საქმეების შესასრულებლად. როცა ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი ჩემთან ერთად სადმე ვერ წამოვიდოდა, შვილებთან ერთად ვგეგმავდი წასვლას. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მან სამსახური არჩია. როცა მე შვილებთან ერთად ლოგინში ვნებივრობდი, მეუღლე სამსახურში გვიანობამდე მუშაობდა. შედეგად, ჩვენ ვეღარასოდეს ვრჩებოდით მარტო.
2. მე არ ვუწესებდი მშობლებს ზღვარს
ისინი მოულოდნელად დაგვაცხრებოდნენ თავზე, ხან რაში გვეხმარებოდნენ, ხან რაში, ჩვენთან ერთად დასასვენებლადაც დადიოდნენ. ისინი ზრდიდნენ და ზრუნავდნენ ბავშვებზე. მეშინოდა მათთვის ამ "სიკეთეზე" უარის თქმა, ეწყინებოდათ. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩემთან ერთად ჩემმა ქმარმა მთელი ჩემი ოჯახი შეირთო ცოლად.
3. მე მას ვამცირებდი
ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარული – ეს გულწრფელობაა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ სიმართლე ხანდახან ძალიან მწარეა. როცა ჩვენი ურთიერთობა ჩიხში მოექცა, მე არ მიცდია იქიდან გამოსვლის ძებნა და უბრალოდ, გადავერთე დედასთან, დაქალებთან, კოლეგებთან ჭორაობაზე. იმის მაგივრად, რომ მისთვის მამაკაცური ღირსება დამებრუნებინა, მას დაუფარავად ვთელავდი. ვანადგურებდი თავად მას, მის მეგობრებს, სამსახურს და ყველაფერს გამოუსადეგარს ვუწოდებდი. რაც უნდა გაეკეთებინა, ყველაფერში ნაკლს ვპოულობდი. ბავშვივით ვტუქსავდი, ვუკონტროლებდი ფინანსებს და კაპიკს არ ვუტოვებდი ჯიბეში. ლოგინშიც კი არ ვერიდებოდი მისთვის ნაკლის მოძებნას. ჩვენი ქორწინების დასასრულ, ჩემი ქმრის მიმართ პატივისცემა ნულს უტოლდებოდა და ამას ქმარს ყოველდღე ვახსენებდი.
4. მე არ მიცდია მასთან სხვაგვარად მებრძოლა
შესაძლოა, იფიქროთ, რომ სიტყვა "ბრძოლა" აქ მოსატანი არ იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ მე, უბრალოდ, ვჩუმდებოდი, როცა რაღაც არ მომწონდა, შემდეგ კი, როცა პრობლემა გაიზარდა, ქარიშხალ "კატრინად" გადავიქეცი. ოჯახური მასშტაბის მორიგი "კატასტროფის" შემდეგ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ყველაფერი ნორმალურად არის, ქალს ხომ არ შეუძლია აიტანოს ყველაფერი". ახლა კი, როცა უკან ვიყურები, ვხვდები, რომ ნამდვილი ალქაჯივით ვიქცეოდი.
და ეს ყველაფერი იმიტომ კი არ დავწერე, რომ მოვინანიო და პატიება ვითხოვო. არა, უბრალოდ გავაცნობიერე, რამდენ ხანს ვიყავი სირაქლემას როლში და არ მინდა, რომ სხვამაც გაიმეოროს ჩემი შეცდომები.
და თუმცა გული მწყდება, რომ ჩემი ქმარი სხვასთან წავიდა, უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ ამისკენ თავად ვუბიძგე. ოჯახი მოთმინების, გაგების და ურთიერთპატივისცემის ნავსაყუდელი უნდა იყოს და არა ჩხუბის, ისტერიკებისა და სკანდალების!