ხანდახან არცთუ საფუძვლიანი ეჭვით გაჯერებული ქალური ცნობისმოყვარეობა საღ აზრზე ძლიერია და ადამიანს კარგ მანერებსაც ავიწყებს: ხელი თავისთავად გაგირბის მისი ტელეფონის აპარატისკენ, რათა შეიტყო, ვინ დაურეკა, შეამოწმო - ვისგან მიიღო "ესემესი"; ის კი არა და, სურვილი გიჩნდება, მისი შარვლის ჯიბეშიც მოაფათურო ხელი.
მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში - მაგალითად, გარეცხვის წინ. ასე რომ, წინასწარ გააფრთხილე შენი რჩეული და სინდისი დამშვიდებული გექნება. ვინც არ იმალება, დამნაშავეც არ არის.
თუმცაღა, ზოგიერთი მამაკაცი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ტანისამოსი შესამოწმებლად ყოველი გარეცხვის წინ მიუტანონ, რათა თავად შეამოწმოს საკუთარი ჯიბეები. რას იზამ - ტაბუ ტაბუა!
მეორე მხრივ, გახსოვდეს, რომ ასეთნაირად აღმოჩენილი ნებისმიერი ნივთი, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, ვინაიდან ის, შესაძლებელია, უამრავი, სხვადასხვაგვარი გზით მოხვდეს ახლანდელ მფლობელთან - ცხოვრება ხომ ნებისმიერ ფანტაზიაზე მდიდარია.
მის მანქანაში საეჭვო ნივთი აღმოაჩინე? ხარ კი დარწმუნებული, რომ მანქანის საჭეს მხოლოდ ის უზის? ეგებ, მანქანა მეგობარს (რომლის ცოლი, ამავე დროს, შენი ახლო მეგობარია) ათხოვა, მან კი საყვარელს გაუარა... როგორ გგონია, ასეთ შემთხვევაში მეუღლე ყველაფერს გულახდილად გიამბობს?
ჯიბეში ან მანქანაში აღმოჩენილი პომადა, საყურე თუ ქალის თეთრეული (ჩამონათვალი შესაძლებელია უსასრულოდ გაგრძელდეს) ერთი შეხედვით, იდეალური საბაბია ურთიერთობის გასაწყვეტად. თუმცაღა გაითვალისწინე, რომ ასეთი მაკომპრომეტირებელი ნივთების დავიწყება ან ძალზე დაბნეულ კაცს შეუძლია, ან მას - ვისაც უნდა, რომ ეს კომპრომატი აღმოაჩინო.
ის თვალს ურცხვად გაგისწორებს, თბილად გაგიღიმებს და ისე მოგატყუებს. თანაც, დროთა განმავლობაში ამის გაკეთებას უფრო და უფრო მიეჩვევა, შენ კი სამუდამო, მტანჯველი ეჭვისთვის ხარ განწირული - გატყუებენ თუ არა ამჟამად? ერთი სიტყვით, გაფრთხილდი, ისე არ მოგივიდეს - თაგვმა თხარა, თხარაო, კატაო გამოთხარაო...
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)