რა აღიზიანებთ მამაკაცებს ქალში და პირიქით? დღევანდელ გამოკითხვაში "საკითხავი აი ეს არის". მხოლოდ გაღიმება შეიძლება სერიოზულად ნათქვამ ფრაზაზე: "ყველა კაცი (ან ქალი) ერთნაირია."
ამას ხომ გულმოსული, გაწიწმატებული ადამიანები ამბობენ. შესანიშნავად ვიცით, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდია და შესაბამისად, ყველა ერთნაირი ვერ იქნება (ან კი რატომ უნდა იყოს?).
თუმცა, არსებობს თვისებები, რომლებიც ქალთა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი და ასევე თვისებები, რაც მამაკაცთა უმრავლესობას ახასიათებს. რა არის ამ თვისებებში ისეთი, რაც საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს ერთმანეთში აღიზიანებთ?
მაშ ასე, სამი თაობა, ორივე სქესი და ერთი შეკითხვა რუბრიკაში "გამოკითხვა".
ორნი ერთის წინააღმდეგ
ჩემი თინეიჯერი რესპონდენტები, გიგი, ნინი და ქეთი "გაავებულები შეებრძოლნენ ერთმანეთს."გიგი, როგორც შემდეგ გოგონებისგან შევიტყე, სულ ახლახან დაშორებია შეყვარებულს. ჰოდა, ამიტომაც ყოფილა გამწარებული (ისევ გოგონების თქმით).
ნინი: - საერთოდ, როცა შეყვარებული ხარ, მისი არაფერი გაღიზიანებს. პირიქით, იმაზე უკეთესი გეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. საკმარისია, დაშორდე, რომ მერე იწყებ ჩამოთვლას: ასეთი იყო, ისეთი იყო, აუტანლად იქცეოდა... მოკლედ აბრალებ რაღაცებს, რომ თავი გაიმართლო. ეს ბიჭებს უფრო ეხებათ (კისკისებს).
გიგი: - დაბრალება რა შუაშია. მე, მაგალითად, ორჯერ დავშორდი შეყვარებულს და ორივეჯერ გააზრებულად. ანუ ჯერ არ მომეწონა მისი გარკვეული თვისებები და მერე მივიღე გადაწყვეტილება.
"...და ქალი": - მოდით, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ საწინააღმდეგო სქესის იმ თვისებებზე, რომლებიც პირადად თქვენთვის მიუღებელია.
გიგი: - სიამოვნებით! ალბათ ყველა ბიჭი დამეთანხმება, რომ როცა გოგო მატყუარაა, მასთან ურთიერთობის გაბმა არ ღირს. მირჩევნია პირდაპირ მითხრას თუნდაც მწარე სიმართლე, ვიდრე მატყუებდეს და ამით თავმოყვარეობას მილახავდეს. მიმაჩნია, რომ პროცენტულად გოგოები გაცილებით მატყუარები არიან, ვიდრე ბიჭები. ეს უარყოფითი თვისება "ქალური წარმოშობისაა."
ნინი: - გიგი, ამ წუთას შენ თვითონ მოიტყუე. ბიჭები ტყუილის "სპეციალისტები"ხართ და ეს აღიარებულია... მე პირადად, ბიჭში სისუსტე მაღიზიანებს. კაცი ძლიერი უნდა იყოს ყველაფრით: ხასიათით, "მუსკულებით", ნებისყოფით და რა ვიცი...
ქეთი: - ...და ფინანსებით (გოგონები ხარხარებენ, გიგი ბრაზდება).
გიგი: - აი ესეც ქალური უარყოფითი თვისებაა, ადამიანს ფინანსური მდგომარეობის მიხედვით აფასებენ. მარაზმია! თანაც "ყველაფრით ძლიერ"კაცებს ასეთივე ძლიერი მოთხოვნები აქვთ, მაგალითად თავცარიელი ქალები არ ხიბლავთ.
ნინი: - იმედია, ჩვენ არ გგვგულისხმობ.
ქეთი: - კარგი, ნუ ვიჩხუბებთ... ჩემი აზრით, ბიჭების მთავარი უარყოფითი თვისება გულგრილობა და ზედაპირულობაა. ვერ ვიურთიერთობებ ადამიანთან, რომელთანაც გულის გადაშლას ვერ მოვახერხებ. არადა ჯერ არ შემხვედრია ბიჭი, რომელიც ყურადღებით მოისმენდა ჩემს პრობლემას და დააინტერესებდა ჩემი სულიერი მდგომარეობა. ვფიქრობ, ასეთი ბიჭი არც არსებობს.
გიგი: - აუუ!.. საერთოდ არ უღრმავდებით საკუთარ ნათქვამს. რა, ბიჭი ადამიანი არაა? გული, სული და გონება არ აქვს? თქვენი, ზოგადად გოგონების პრობლემა იმაშია, რომ ზედმეტი ლაპარაკი გიყვართ. სულერთია რაზე, მთავარია ენა არ გააჩეროთ.
"დიდსულოვანნი"
შემდეგი (უფრო სწორად, წინა) თაობის რესპონდენტებად ჩემი მეგობრების მშობლები შევარჩიე. დედები გამოკითხვას სერიოზულად მოეკიდნენ, მამები კი (ნახევრად)ხუმრობით მპასუხობდნენ. მოკლედ, პასუხები ასე დახარისხდა:
ქალები: - კაცურ ბუნებაში, არცთუ ცოტა თვისებაა ისეთი, რამაც შეიძლება ქალი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ჯერ ერთი, უჭირთ ქალის შრომის დაფასება. არადა ერთმა ფრაზამაც კი შესაძლოა გული გაგითბოს. მაგალითად: "უჰ, როგორ დაგიწკრიალებია აქაურობა!"
"ძალიან გემრიელი სადილია, ნამდვილი კულინარი ხარ." "დაიღალე, ხომ? მოდი ჩაგეხუტო". გარდა ამისა, არ უყვართ მოსმენა. შეიძლება ერთსა და იმავეს ყოველდღე უმეორებდე და ვერ შეასმინო. ეგოისტებიც არიან. ეს ეხება გართობას, ჭამას, დასვენებას და ლოგინს - პირველ რიგში.
მამაკაცები: - ბევრი ნერვების გამაწვრილებელი თვისება აქვთ ჩვენს "ნეკნებს,"მაგრამ თავი ანგელოზებად მიაჩნიათ და ახლა თაბახები რომ შევავსოთ ჩამონათვალით, ხომ სულ გაკაპასდებიან! ნათქვამია, ქალები ფრთებით იბადებიანო, მაგრამ ამ გამოთქმის მეორე ნახევარი უფრო ნაღდია: "როგორც კი ფრთებს მოაჭრი, ცოცხით იწყებენ ფრენას."
თან თავზე დაგტრიალებენ "ფული-ფულიიი!"-ს ძახილით. ჩვენ უნდა ჩავაცვათ, დავასვენოთ, რემონტი გავუკეთოთ, ამოპუტული წარბები შევამჩნიოთ და შევუქოთ... მოკლედ, საცოდავ დღეში ვყავართ, მაგრამ ვუძლებთ. ის ანეკდოტი იცით? ცოლი სულ წუწუნებს, ქმარი უყურადღებო მყავს, ვერც ახალ ვარცხნილობას მამჩნევს და ვერც ახალ კაბასო.
ერთხელაც აირწინაღს ჩამოიცვამს თავზე და ასე გაუღებს კარს ქმარს. ისიც შემოდის სახლში, ჩვეულებრივ იბანს ხელს, ჯდება მაგიდასთან, მიირთმევს ვახშამს, ცოლს მოკლე პასუხებს სცემს. მოკლედ ვითომც არაფერი. გაგიჟებული ქალი ფეხზე წამოხტება და კივის:
- კარგად შემომხედე! ვერაფერს მამჩნევ?!
ქმარი შეხედავს, მოთმინებით გაუღიმებს და ეუბნება:
- ვაა... წარბები ამოიპუტე?
ხომ მაგარი იყო?! ახლა კი, რა უჭირს, თუკი გავკადნიერდებით და რჩევის მიცემას გავბედავთ ცოლიანი მამაკაცებისთვის?.. მამაკაცებო, გამაგრდით! ჩვენ ყველანი ერთ დღეში ვართ. ყველას გვიწევს პრეტენზიების და საერთოდ, ქალების გაუთავებელი ქაქანის (ბოდიშის მოხდით) მოსმენა. უნდა გავუძლოთ და დიდსულოვნად, ალერსით ვუპასუხოთ. მაგალითად ასე:
- მოკეტე, საყვარელო...
ბუზღუნები
მოხუცებული რესპონდენტები სიტყვაძუნწები გამოდგნენ. თუმცა, გამოკითხვას პასუხი გაეცა: ბებიებმა ქმრების ბუზღუნა ხასიათზე დაიბუზღუნეს და ბაბუებმა ბებიების "მუდმივად ჩართულ ენაზე"...
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(ოქტომბრის ნომერი)