ამზადებენ მექსიკურ საჭმელს, უყურებენ „ვარსკვლავურ ომებს“ და კვლავ შეხვდნენ საკუთარ ძაღლებს.
მოამზადო მექსიკური საჭმელი, უყურო „ვარსკვლავურ ომებს“, ისეირნო ფეხით დიდ მანძილზე - ჩამონათვალში ის აქტივობებია, რითაც ამერიკელების უმეტესობა კავდება.
მაგრამ ეს ყველაფერი ახალი გამოცდილებაა „საშინელებათა სახლის“ ბავშვებისთვის, რომლებიც მშობლებს წლების მანძილზე პატიმრობაში ჰყავდათ.
ხუთშაბათს 13 და-ძმიდან 7 კორონას რეგიონალური სამედიცინო ცენტრიდან (კალიფორნია) ერთ-ერთ სოფელში გადაიყვანეს, რომლის ადგილმდებარეობასაც არ ამჟღავნებენ.
ბავშვების მშობლები, 57 წლის დევიდ და 48 წლის ლუიზა ტურპინები, დაკავებულები არიან ბავშვებზე ძალადობის, წამების და პატიმრობის ბრალდებით.
ისინი არ აღიარებენ დანაშაულს.
ადვოკატ ჯეკ ოსბორნის თქმით, 7 და-ძმა, რომლებიც 18-იდან 29 წლამდე არიან, გემოს უსინჯავს დამოუკიდებლობას, რაც ამდენი ხნის განმავლობაში წართმეული ჰქონდათ.
„ისინი სიხარულით არიან აღსავსე თავიანთი ამჟამინდელი ცხოვრებისა და ახალი გამოცდილებების გამო“, - ჰყვება ოსბორნი.
და-ძმები, რომლებიც კვლავაც შტატის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ელოდებიან, როდის ექნებათ საკუთარი საწოლები და ტანსაცმლის შესანახი სივრცე.
მათი ახალი აქტივობებია: ციტრუსის მოკრეფა, ნაყინის, სუნდასა და მექსიკური საჭმლის მომზადება.
ეს ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება იმ ცივი საჭმლისგან, რასაც „საშინელებათა სახლში“ აჭმევდნენ, თუკი აჭმევდნენ საერთოდ.
„მათ მოსწონთ ყველანაირი საჭმელი, რაც არაა ვადაგასული“, - თქვა ოსბორნმა.
ხელისუფლების თქმით, მშობლები მათ გამუდმებით აშიმშილებდნენ. ყველა და-ძმას აღენიშნა კვების უკმარისობა, გარდა ორი წლის ბავშვისა.
და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი, 29 წლის გოგონა, მხოლოდ 37 კილოგრამს იწონიდა, როდესაც პოლიციამ გადაარჩინა.
ოსბორნის თქმით, და-ძმები აგრძელებენ ოკუპაციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ თერაპიას.
ასევე ხშირად უყურებენ ფილმებს, მათ შორის, „ვარსკვლავურ ომებს“.
ისინი მოუთმენლად ელიან რესტორნებში, მაღაზიებსა და კინოთეატრებში სტუმრობას, ასევე, სეირნობას და შოპინგს.
თუმცა, ადვოკატის თქმით, მათ უბრალოდ გარეთ გასვლა უხარიათ. და-ძმებს პირველად შეუძლიათ ამდენი წლის განმავლობაში გადააბიჯონ კარის ზღურბლს, მათთვის სასურველ დროს.
ახლა ისინი ელოდებიან, როდის შეხვდებიან უმცროს და-ძმებს, რომლებიც ამჟამად ორ თავშესაფარში არიან გადანაწილებულები.
ოსბორნი ამბობს, რომ უფროს და-ძმებს აქვთ იმედი, გახდნენ დამოუკიდებლები, აიღონ მართვის მოწმობა, აიწყონ კარიერა და შექმნან ოჯახი.
„მათ უნდათ, რომ საზოგადოების მიერ აღქმულები იყვნენ, როგორც გადარჩენილები და არა როგორც მსხვერპლნი. მათ უნდათ, დაიწყონ დამოუკიდებელი ცხოვრება, სადაც პასუხისმგებლები იქნებიან საკუთარ თავზე. ესაა და-ძმების მიზანი და ამაზე მუშაობს თითოეული მათგანი“, - ჰყვება ადვოკატი.
დევიდ და ლუიზ ტურპინები დააკავეს იანვარში, მას შემდეგ, რაც 17 წლის ქალიშვილი გაიქცა კალიფორნიაში, კერძოდ კი, პერიში მდებარე სახლიდან და დარეკა სამაშველო სამსახურში.
პოლიციამ 12 და-ძმა მათსავე სახლში, საწოლებზე დაბმული, საკუთარ ფეკალიებში იპოვა.
ცოლ-ქმრის გირაო 13 მილიონ დოლარს შეადგენს და თუ მათ დამნაშავედ ცნობენ, სიცოცხლის ბოლომდე მოუწევთ ციხეში ყოფნა.
ლუიზ ტურპინის ბიძამ, 67 წლის ჯეიმს ტეილორმა DailyMaily-სთან განაცხადა, რომ მისი ოჯახი შეძრწუნებულია ბავშვების ტანჯვის ამბების გაგებით.
„ზოგიერთი მათგანი მიჯაჭვული იყო საწოლზე. ბორკილები მაშინაც კი ეკეთათ, როდესაც საპირფარეშოში მიდიოდნენ“, - ამბობს პროკურორი.
რაიონულმა ადვოკატმა გამოააშკარავა, რომ ბავშვებს ეღვიძათ მთელი ღამის განმავლობაში და ეძინათ დღე, რომ მშობლებს აერიდებინათ თავიდან ნებისმიერი მოწმე.
და-ძმებს სისტემატურად სცემდნენ და ხანდახან გუდავდნენ. ისინი არასდროს ყოფილან სტომატოლოგთან და ბოლო ოთხი წლი განმავლობაში არც ერთი ყოფილა ექიმთან.
ზოგიერთმა ბავშვმა არც იცოდა, რას ნიშნავდა პოლიციის ოფიცერი და ბევრი მათგანი გონებრივად სუსტადაა, რაც შედეგია ხანგრძლივი ძალადობისა.
სანამ ბავშვები შიმშილობდნენ, მშობლებმა იყიდეს გოგრისა და ვაშლის ტორტი და ინახავდნენ ბავშვებისთვის დასანახ ადგილას.
ტეილორი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ლუიზ ტურპინმა ოჯახის შესახვედრად ბავშვებიდან რამდენიმე დასავლეთ ვირჯინიაში წაიყვანა. „დიდი ხანია არ მინახავს, დავკარგეთ კონტაქტი. ის დევიდთან ერთად გაიქცა და 14 თუ 15 წლის ასაკში დაქორწინდა. დედაჩემისა და ჩემი დის პანაშვიდზეც კი არ მოსულა. ეს ყველაფერი უცნაურად მომეჩვენა.“
ტეილორს დევიდ ტურპინი განათლებული და მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმებული კაცი ეგონა. მისი თქმით, დევიდი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს კარგად უვლიდა ოჯახს.
„ძალიან რთული იყო საქმის დეტალებთან გამკლავება, მაგრამ შემდეგ ახალ ამბებში გავიგე, რომ ისინი იღებდნენ ფულსა და ტანსაცმელს. ბავშვების დასახმარებლად შემოსული თანხა ასობით ათას დოლარს მოიცავს“, - ჰყვება ტეილორი.
მან ასევე თქვა, რომ ოჯახი, რომელიც კვლავ დასავლეთ ვირჯინიაში ცხოვრობს, ხელგაშლილი მიიღებს ბავშვებს, თუ ოდესმე სტუმრობა მოუნდებათ.
ჯეიმს ტურპინმა, დევიდ ტურპინის მამამ DailyMail-თან განაცხადა, რომ ახლახან ელაპარაკა შვილიშვილებს და თქვა, რომ ისინი კარგად უმკლავდებიან სიტუაციას.
84 წლის ტურპინმა, რომელიც 81 წლის ცოლთან, ბეტისთან ერთად ცხოვრობს, თქვა, რომ ბავშვების მონახულება უნდოდა კალიფორნიაში.
უფროსი და-ძმები ეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, უმცროსები ეცნობიან ისეთ რამეებს, როგორებიცაა: კბილის ჯაგრისი, "ჰარი პოტერი" ან აიპადი.
საქმის წინასწარი სასამართლო მოსმენა 14 მარტს ჩატარდება.
სამხილები ცოლ-ქმრის წინააღმდეგ არის ვიდეო, აუდიოჩანაწერები და ფიზიკური ძალადობის ნიშნები ბავშვებზე.
ამ თვის წინა რიცხვებში გაირკვა, რომ 17 წლის გოგონა საკუთარი სიმღერის ვიდეოებს youtube-ზე დებდა. გოგონამ გამოააშკარავა უბადრუკი პირობები სახლის შიგნით.
ერთ კლიპში ჩანს ბინძური ტანსაცმლის დიდი გროვა ოთახის კუთხეში. კლიპში გოგონა ასევე ეთამაშებოდა ორ ძაღლს, რომლებიც კარგად ნაკვები და ჯანმრთელები იყვნენ, ბავშვებისგან განსხვავებით.
თათა ბერაძე
წყარო: dailymail.co.uk