მსახიობ გიორგი ყიფშიძის მეუღლე ანი გასიევა გადაცემა "პროფილში" ოჯახურ ამბებს ჰყვება და გიორგის გაცნობას იხსენებს.
"რაღაც წვეულებას აწყობდა მცირე წრეში და ცოტა გავერთე, მაგრამ ვერ გავიცანი კარგად, მალევე მომიწია წამოსვლა.
მერე გიორგიმ დამპატიჟა თეატრში რამდენჯერმე და ერთხელაც გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი. რომ მივედი, იქ უკეთესად გავიცანი. მერე მეორედაც მივედი და როგორც ხდება ხოლმე, წავეფლირტავეთ ერთმანეთს.
ინტერესი წამოვიდა გიორგისგან და მე ვაკვირდებოდი, რა ინტერესი იყო ეს. ამავდროულად, ვეფლირტავებოდი, რადგან მომეწონა, როგორც პერსონაჟი და როგორც პიროვნება. ნელ-ნელა ეს ურთიერთობა სწორად შედგა, სწორი ურთიერთობა გამოვიდა. ჩვენ საფეხურ-საფეხურ ავეწყვეთ. მე კმაყოფილი ვარ ამით, მადლობა, რომ ასეთი კარგი მეუღლე ხარ", - ჰყვება ანი.
მისი თქმით, წყვილმა ხალხისგან უცნაური ემოცია მიიღო, რასაც არ ელოდა.
"თავიდან ურთიერთობა რომ დავიწყეთ, ხალხისგან ცოტა უცნაური ემოცია წამოვიდა, იმიტომ, რომ 20 წელია ჩვენ შორის სხვაობა. მაგრამ ამას ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. გიო არის ზრდასრული მამაკაცი და იცის, როგორ მომიდგეს მე. 20 წლის ბიჭი იმდენს ვერ შემომთავაზებს, რამდენსაც გიორგი. შინაგანი სამყაროს მხრივ ძალიან ბევრ რამეს აკეთებს. ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შემიწყოს, რაღაც დათმობებზე მოდის. მე აღფრთოვანებული ვარ. ალბათ, ასეთი ურთიერთობა ძალიან იშვიათია და მადლობა ამისთვის.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ადამიანმა იცის, რა მინდა, რა გამახარებს, რა მესიამოვნება. რაც გავიცანი, იმის მერე გიორგი ჩემთვის სულ სხვანაირი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ ჩემი მეუღლეა, არის იდეალური მამა, იდეალური მეგობარი და ისეთი ახლობელი, თითქოს სულით ერთნაირები ვართ. მე მჯერა, რომ ადამიანებს ჰყავთ მეორე ნახევარი, რომელსაც ან პოულობენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, ან - ვერა", - ამბობს ანი.
გიორგი ყიფშიძის მეუღლე იხსენებს, როგორი ემოციური იყო ფეხმძიმობის ამბის გაგება:
"ჯერ ორი წელია, რაც ერთად ვართ და უკვე მეორე ბავშვს ველოდებით. როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ცრემლებად ვიღვრებოდი. მერე გიორგისაც ვუთხარი და მასაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა. აუტყდა ტირილი და ერთად ვტიროდით. ძალიან ემოციური იყო.
გიორგი ისეთი მამაა, არ ვიცი მე, ეგეთი მამები თუ არსებობენ. ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია: პამპერსის გამოცვლა, ბანაობა, საჭმლის გაკეთება, ღამე ადგომა და მაოცებს.
ჯიუტია ძალიან, მაგრამ მომწონს ეს სიჯიუტეც, რადგან მისი მახასიათებელია.
გიორგიმ ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ბედნიერება შემოიტანა", - ამბობს ანი.