ოჯახი

"მაიძულებდნენ სექს-მუშაკი ვყოფილიყავი, ყოველდღე ვცდილობდი გაქცევას" - 4 შვილის დედა თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

"მაიძულებდნენ სექს-მუშაკი ვყოფილიყავი, ყოველდღე ვცდილობდი გაქცევას" - 4 შვილის დედა თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა
ყოველთვის ნუ დაუჯერებთ დამსაქმებელს!

უკეთესი ცხოვრების საძებნელად წასული ადამიანები უარეს მდგომარეობაში ხშირად აღმოჩენილან. ზოგჯერ გაჭირვებაში მყოფი ვერ უძლებს ცდუნებას და ლამაზ ფერებში დახატულ მომავალზე დაპირებებს ადვილად იჯერებს. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა.
მსოფლიო კვლევებით, სტატისტიკის ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან მსხვერპლი ხშირად თავს არიდებს პოლიციაში განაცხადის გაკეთებას და მოძალადე დაუსჯელი რჩება. ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა, ნებისმიერი ადამიანი გახდეს. როდესაც გპირდებიან საზღვარგარეთ სამუშაოს და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს, ხშირად ეს შემოთავაზება ადამიანების ექსპლუატაციით, დამცირებით და ზოგჯერ
სიკვდილითაც კი მთავრდება.
ქალბატონი იაც ტრეფიკინგის მსხვერპლია, თუმცა მას სტატუსი მინიჭებული არა აქვს, რადგან პოლიციაში არ განაცხადა ამის შესახებ. მიზეზი კი ის იყო, რომ შერცხვა და არ უნდოდა, ამ ფაქტს შვილებზე ცუდი გავლენა მოეხდინა.
- რა გახდა თურქეთში თქვენი ემიგრაციის მიზეზი?
- ოთხი შვილის დედა ვარ. უმცროსი 7 თვის იყო, როდესაც ჩემმა მეუღლემ სხვა შეირთო და მასთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. ბავშვებს ბევრი სჭირდებოდათ, ხშირად საკმარისი საჭმელი რომ არ მქონდა, წვნიანს წყალს ვამატებდი, ბავშვებს ადრე ვაძინებდი, რომ აღარ მოშივებოდათ. ამის გამო გადავწყვიტე, თურქეთში წავსულიყავი. ამისთვის დიდი თანხაც არ მჭირდებოდა და თან მოვიძიე დამსაქმებელიც, რომელიც სამუშაო ვიზასა და ჩასვლისთანავე სამსახურში მოწყობას დამპირდა.
- სად იპოვეთ ეს დამსაქმებელი, ვინ გაუწია რეკომენდაცია?
- ინტერნეტით მოვძებნე. ყველაზე კარგი პირობები ამ ქალბატონს ჰქონდა. არც დიდ თანხას ითხოვდა გადაყვანაში და ვენდე.
- რა მოხდა, როდესაც თურქეთში გადახვედით და რატომ აღმოჩნდა თქვენი საბუთები უცხო ადამიანის ხელში? ისე ენდეთ, რომ არ გადაგიმოწმებიათ, ვინ იყო?
- იმწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - წავსულიყავი და იმდენი ფული მეშოვა, რომ ჩემი შვილები გაჭირვებისგან მეხსნა. როდესაც ჩამიყვანა, მივედით სახლში, სადაც კიდევ ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. მითხრა, რომ ჩემი საბუთები სჭირდებოდა, რათა სამუშაო ვიზა გაეკეთებინა. მეც, რა თქმა უნდა, მივეცი ყველა საბუთი, რაც მქონდა, ასევე - ფულიც, მხოლოდ 5 ლირაღა დამრჩა. იქ მყოფებიდან ყველა სამსახურის მოლოდინში იყო.
- სასტუმროში როგორ აღმოჩნდით?
- სამკვირიანი ლოდინის შემდეგ მითხრა, რომ სამსახური გამოჩნდა და უნდა წავსულიყავი. მეც სასწრაფოდ ჩავალაგე ყველაფერი. მივედით დიდ სასტუმროში, რომლის მენეჯერმა ოთახის გასაღები მოგვცა და გვითხრა, დამელოდეთო. ვკითხე ქალბატონ ეთერს, - აქ რა უნდა გავაკეთო-მეთქი? - თვითონ აგიხსნის ყველაფერს, დაელოდეო, - მიპასუხა. როდესაც ის ქალბატონი დაბრუნდა, ერთი ქართველი შემოჰყვა და ჩემზე ჰკითხა, ახალიაო? - კი, შენ გაბარებო, - და რატომღაც ორივეს გაეცინა. ვიკითხე, - რა მევალება-მეთქი? ხალხის გართობაო. ეს რას ნიშნავს-მეთქი?! - და, - ახლა მორჩი ისტერიკებს, აქ პარლამენტში სამუშაოდ არ ჩამოსულხარო, - დამცინა. ჩემი საბუთები მოვითხოვე და დამემუქრა, თუ ხმას ამოიღებ, შენს შვილებს საქართველოში საფრთხეში ჩავაგდებო. შემეშინდა, ბავშვები მოხუც მშობლებთან მყავდა დატოვებული და არაფერი მოსვლოდათ.
- არ გიცდიათ, თავი დაგენებებინათ ამ სამუშაოსთვის?
- მაიძულებდნენ, სექს-მუშაკი ვყოფილიყავი. ყოველდღე ვცდილობდი გაქცევას, მაგრამ უსაბუთო და "უენო" სად წავსულიყავი?!. 2 თვე გავუძელი ამ ჯოჯოხეთს, ერთ დღესაც გავბედე და გამოვიპარე.
- ვიცი, ძალიან რთული გზა გამოიარეთ სასტუმროდან იმ ოჯახამდე, რომელმაც შეგიფარათ.
- დიახ, დაახლოებით 13-15 კილომეტრი ვიარე ფეხით, არც წყალი მქონდა და არც საჭმელი. მხოლოდ ვლოცულობდი, ღმერთს გაძლებას ვთხოვდი, რომ ამ ადგილიდან ძალიან შორს წავსულიყავი. ერთ ეზოში მოხუცი ქალბატონები ისხდნენ და წყალი ვითხოვე. იქვე, პატარა სკამზე ჩამოვჯექი და ნერვული შეტევა დამემართა. ისტერიკული ტირილი ამივარდა, ვკანკალებდი. ხელი მომკიდეს და სახლში შემიყვანეს, წამლები დამალევინეს და მკითხეს, რა მიჭირდა. ჩემი "გატეხილი" თურქულითა და ჟესტებით როგორღაც ავუხსენი, რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ და დახმარება მჭირდება. მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ჩემთან შეგიძლია დარჩენაო და სახლში წამიყვანა. იქ მისი შვილი და შვილიშვილები იყვნენ. უთხრა, რაც მოისმინა და დააყოლა, დღეიდან ის ჩემი მეშვიდე შვილიაო. არც შვილი შეეწინააღმდეგა და ასე გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი. უკვე ხუთი წელია, აქ ვცხოვრობ და არასოდეს მიგრძნია, რომ უცხო ვარ. მაშინ, როდესაც ქართველმა ასე გამიმეტა, თურქმა მეორე სიცოცხლე მაჩუქა.
- დამნაშავეების შესახებ პოლიციაში რატომ არ განაცხადეთ?
- ქართველებს როგორი მენტალიტეტი გვაქვს, ვიცით. არ მინდოდა, მეზობლებს ეჭორავათ და ამას ჩემს შვილებზე ცუდი გავლენა მოეხდინა, მრცხვენოდა მომხდარის. დღეს იმიტომ ვყვები ამ ამბავს, რათა ერთი ადამიანი მაინც ვიხსნა ტრეფიკინგისგან. ბრმად ნურავის ენდობით, მე გამიმართლა და გამოპარვა შევძელი, მაგრამ ყველას არ უმართლებს.
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
kato
საინტერესოა ამ ქალბატონმა არ იცოდა რომ თურქეთში არსებობს საქართველოს საკონსულო და ქართველებს ეხმარება?ან ერთხელ მაინც არ მიწვდა ხელი ტელეფონზე?თურქეთის პოლიცია სწორედ ასეთ ნაძირალებს დასდევს ვინც ადამიანებით ვაჭრობენ,პოლიციას რომ დაკავშირებოდა მათაც დაიჭერდნენ და მაგ ქალბატონსაც თავშესაფრით დაეხმარებოდნენ თან თუ საკონსულოსაც მიმართავდა.
18:33 / 12-01-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93