ცნობილი პროდიუსერი და ტელესახე ნოე სულაბერიძე გია ჯაჯანიძის შოუს ესტუმრა და ოჯახზე ისაუბრა.
ნოეს თქმით ხშირად უძღვნის გარდაცვლილ დედას სოციალურ ქსელში სხვადასხვა პოსტებს და ნანობს, რომ სიცოცხლეში მას ბევრჯერ არ უთხრა თბილი სიტყვები.
"დედაჩემმა ბევრი რამე დათმო, რომ ჩემთვის მოეხედა. თუ ითვლება, რომ რამე გამაჩნია, ეს არის დედაჩემის დამსახურება. თუმცა, რაც არ უნდა ვთქვა, უკვე დაგვიანებულია. სულ მაწუხებს, უფრო მეტი დოზით რატომ არ ვაკეთებდი ამას, მის სიცოცხლეში.
ეს ძალიან ჩვეული მოვლენაა ადამიანებისთვის, მაგრამ სწორედ ამას ვნანობ ყველაზე მეტად. თუ როგორ არ ვუთმობდი დედას უფრო მეტად დროს, როცა ის სულ მელოდებოდა.
ყველა ადამიანს, ვინც ახლა გვიყურებს, ვისაც მშობლები ცოცხლები გყავთ, მინდა გითხრათ, რომ ბედნიერები ხართ; და აი ამ ბედნიერებას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება და შეხსენება სჭირდება, რომ თქვენი ბედნიერების მიზეზი თქვენი მშობლები არიან. ყველას ვეტყოდი, რომ არ მოაკლონ თბილი სიტყვები თავიანთ მშობლებს, იმიტომ, რომ ამაზე დიდი სიხარული მშობლებისთვის არაფერი არ არის,“ - ამბობს ნოე.