"დაახლოებით 10 წელია ვიცი ბიოლოგიური დედის ვინაობა, მაგრამ ვერაფრით ვათქმევინე, ვინ არის მამა. მან ისიც კი მითხრა, ცხოვრებას მინგრევო, არადა, არაფრით ვაწუხებ... ნუთუ დანაშაულია, რომ მხოლოდ სიმართლის გაგება მინდა? ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის, საიდან მოდის მისი ფესვები. ეჭვი მაქვს, გარშემო ბევრმა იცის მამაჩემის ვინაობა და ბოლოს და ბოლოს, იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის სიმართლის თქმას გაბედავს", - ამბობს ნინო დოკვაძე, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს ბიოლოგიურ დედას, ბიძას, რომლებთან შეხვედრასაც, თავის დროზე, მოუთმენლად ელოდა, მაგრამ ახლა, ისე გამოდის, რომ ეს ადამიანები საკუთარ სისხლსა და ხორცს თავს არიდებენ...
- ზუსტად ჩემი 5 შვილია იმის მიზეზი, რის გამოც მინდა გავიგო სიმართლე და ვიცოდე ყველაფერი ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ... დავიბადე 1987 წლის 14 ოქტომბერს, რკინიგზის სამშობიაროში. ბიოლოგიურმა დედამ დაბადებისთანავე უარი თქვა ჩემზე. თურმე, ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის - ეს ვიცი იქ მომუშავე პერსონალისგან. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც არ უნდა გაზრდილიყო ბიოლოგიური დედის ოჯახში. მას ჰქონდა მძიმე მშობიარობა და ამის შედეგად, თავზე მქონია ჰემატომა. ოჯახმა, რომელსაც თურმე შვილად უნდა ავეყვანე, ამის გამო დამიწუნა. ამიტომაც, ბავშვთა სახლში გადასაყვანად მამზადებდნენ.
- მაგრამ სხვა მშვილებელი ოჯახი გამოჩნდა, არა?
- დიახ... ჩემს გამზრდელ მშობლებს შვილი არ ეყოლათ და რიგში იდგნენ, რომ ბავშვი ოფიციალურად აეყვანათ. დედა არის პედიატრი. იმ სამშობიაროში, სადაც მე დავიბადე, მისი კურსელები მუშაობდნენ და მათ უთხრეს ჩემზე, ასეთი და ასეთი ბავშვია, ხომ იცი, ეს სამშობიარო ტრავმაა და გაივლის. ძალიან ცოდოა, რადგან ბავშვთა სახლში უნდა წაიყვანონ და იქნებ თქვენ გენახათო. გამზრდელმა დედამ ხომ იცოდა, რომ ჰემატომა მართლაც არ იყო საშიში და შეაგროვეს ყველა საჭირო საბუთი, რათა შინ წავეყვანე. რა თქმა უნდა, ალბათ ადვილად გაატანეს ჩემი თავი, რადგან "დაბრაკული" ბავშვი ვიყავი და მადლობა ღმერთს ამისთვის, რადგან ამ ადამიანების გვერდით მართლა ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ლაღად მაცხოვრებდნენ. ვიყავი ერთადერთი შვილი და მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს ყველაფერში. მამა ინჟინერ-მშენებელი იყო, ყოველთვის თანამდებობაზე მუშაობდა და 90-იან წლებშიც არ მიგრძნია სიდუხჭირის გემო.
- როდის გაიგეთ, რომ სხვა ბიოლოგიური დედ-მამა გყავდათ?
- ბავშვობაში სულ მესმოდა, ვიღაცები რომ ჩურჩულებდნენ, ეს აყვანილიაო, ანუ ეჭვი სულ მქონდა, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ბოლოს, 23 წლის ასაკში, როცა უკვე 4 შვილი მყავდა, დედას დავუსვი ასეთი შეკითხვა: "ვინ გამაჩინა?" სიმართლე არ დაუმალავს. ერთადერთი, მთხოვა, - ყველაფერს დაგიწერ, ასე უფრო გამიადვილდებაო... ცხადია, ამ თემაზე ლაპარაკი ჩვენთვის ძალიან ემოციური, იყო, ახლდა ნერვიულობაც, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, სიმართლისთვის თვალი უნდა გამესწორებინა...
გამზრდელმა მშობლებმა არაფერი დამიმალეს. რაც იცოდნენ, ყველაფერი მიამბეს ბიოლოგიურ დედაზე. ის არის ბაღდათის რაიონიდან, სოფელი მეორე ობჩა. მითხრეს, რომ მქონდა სახელი და გვარი: "თამარ მშვილდაძე". დედ-მამა მაქსიმალურად მხარში ამომიდგა და სოციალურ ქსელში დავიწყეთ ჩემი ბიოლოგიური დედის ძებნა. ვწერდი ყველა მშვილდაძეს, ამა და ამ ადამიანს ვეძებ, დედაჩემის კლასელი იყო და ხომ არ იცნობთ-მეთქი? გამომეხმაურა ერთი ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც მომცა ბიოლოგიური დედის ძმის ნომერი. დავურეკე ბიძას. დაინტერესდა, - მე ყველა მის კლასელს ვიცნობ და შენ ვისი შვილი ხარო? დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და სიმართლე ვუთხარი. ძალიან დიდი პაუზის მერე დამპირდა, ცოტა ხანში დაგირეკავო. მართლაც, იმავე საღამოს დამიკავშირდა და 2 დღის შემდეგ, ძალიან თბილად შემხვდა კიდეც. მითხრა, დედაშენი რუსეთშია გათხოვილი, ორი შვილი ჰყავსო. რაღაც დროის და ბევრი თხოვნის შემდეგ, როგორც იქნა, მომცეს მისი ნომერი. დავურეკე...
მითხრა, რომ საკუთარი ნებით არ დავუტოვებივარ და დამპირდა, როცა საქართველოში ჩამოვალ, ყველაფერს მოგიყვებიო. მაგრამ...
გადიოდა დღეები, თვეები და სულ უფრო ვრწმუნებოდი იმაში, რომ მისთვის ზედმეტი ვარ. მოვითხოვდი, მამის ვინაობა ეთქვა. საბოლოოდ, იმდენი ვერსია მოვისმინე მათი გაცნობისა და ურთიერთობის შესახებ, რომ ძალიან დავიბენი... ფაქტია, სიმართლეს მალავს...
- მასთან შეხვედრა მოახერხეთ?
- წლების შემდეგ, როცა გავიგე, რომ საქართველოში ჩამოდიოდა, აეროპორტში დავხვდი ჩემს ქალიშვილთან ერთად. მისთვის ეს სიურპრიზი იყო. თავის ვაჟებთან, ანუ ჩემს ძმებთან ერთად ჩამოვიდა. სულ რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ. ძმებთან არ წარმადგინა, მაგრამ დამპირდა, რომ კიდევ მნახავდა...
მე და ჩემი შვილი შოკში ჩავვარდით, რადგან ჩემს ძმებსა და ჩემს უფროს ვაჟებს შორის დიდია გარეგნული მსგავსება...
- დაპირება შეასრულა, გნახათ?
- სამწუხაროდ, არა... იხილეთ სრულად