ცნობილი წყვილების დაშორება - ეს ისეთი თემაა, რომელიც ყველა ქვეყანაში მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. განსაკუთრებულად საინტერესო კი მაშინ ხდება, თუ წყვილის განქორწინებას სკანდალები ახლავს თან.
ქართულ რეალობაში ბოლო წლებია, რაც წყვილები ღიად ლაპარაკობენ განქორწინებაზე, თანაცხოვრებისას განცდილ ძალადობასა და იმ პრობლემებზე, რომებლიც მათ ქორწინების დროს შეხვდათ.
წარმოგიდგენთ ქართველ წყვილებს, რომელთა განქორწინების დეტალებზე მედია დღემდე წერს...
ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური
ისინი 11 წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ მათი თანაცხოვრების სკანდალური დეტალები ერთი თვის წინ გახდა ცნობილი. ნინუცა მაყაშვილთან განქორწინების შემდეგ ბესო ზანგური კიდევ ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში, თუმცა გადაცემაში "ფარული კონვერტი“ ნინუცამ წლებისწინანდელ ძალადობაზე ილაპარაკა - თუ როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ქმარი მაშინაც კი, როდესაც ორსულად იყო. წლების წინ ჩადენილი ძალადობა ზანგურს საზოგადოებამ არ აპატია. მიუხედავად იმისა, რომ მაყაშვილმა პოლიციაში დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, ზანგური რუსთაველის თეატრში ყველა როლიდან მოხსნეს.
ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე
წლების წინ ეკა სამხარაძე "რუსთავი 2"-ზე დილის გადაცემის წამყვანი იყო, ნოე სულაბერიძე კი - ამავე არხზე პროდიუსერი. მათი "ლავსთორი" სწორედ ამ ტელევიზიაში დაიწყო და ქორწინებით დასრულდა. იმჟამად ნოე სულაბერიძის ანგარიშზე უკვე იყო ერთი ქორწინება, რომლიდანაც ვაჟი ჰყავდა. ეკას და ნოეს გოგონა შეეძინათ, თუმცა მალე "იმედის" არხზე გადასული ნოე არაერთ სკანდალში გაეხვა. ჭორები, რომ სულაბერიძე სხვადასხვა ცნობილ ქართველ ქალთან იყო სასიყვარულო ურთიერთობაში, მეუღლეს არ გამორჩენია და ეკა სამხარაძემ ქორწინება დაასრულა. ნოე მედიასთან ჯიუტად ამბობდა, რომ წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებდა, მაგრამ ეკა სამხარაძის ინტერვიუმ, რომელშიც ყოფილი ქმრის გატაცებებზე ისაუბრა, საბოლოოდ დაუსვა მათ ოჯახურ ურთიერთობას წერტილი.
ნოემ, ეკასთან დაშორების შემდეგ, ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა და წყვილს საერთო შვილი ჰყავს. ეკა სამხარაძე კი წლებია მოქანდაკე ზურაბ არაბიძეზეა შეყვარებული. არაბიძე მოსკოვში ცხოვრობს და სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად აწყობს გამოფენებს.
ია ფარულავა და ტარიელ სუარი
მათი დაქორწინებაც სკანდალური იყო. ვიდრე ია ფარულავამ ეკლესიიდან ჯვრისწერის ფოტოები არ გამოაქვეყნა, მანამდე ხალხმა არ დაიჯერა, რომ შოუ "ნიჭიერში" სცენაზე ხელის თხოვნის შემდეგ მუსიკოს ტარიელ სუარს ია ფარულავა ცოლობაზე დათანხმდა. ერთად ცხოვრების დაწყებიდან მალე ყველაფერი აირია.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა მუსიკოსი ქმარი კატა ზუზის ფანჯრიდან გადაგდებაში დაადანაშაულა. მალე ია ფარულავამ განაცხადა, რომ რიგით მეოთხე ქმარს დაშორდა... მართალია, მას შემდეგ ია და ტარიელი საზოგადოებაში ერთად აღარ გამოჩენილან, მაგრამ ამბობენ, რომ წყვილი ისევ ერთად ცხოვრობს.
ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნეკას და ნიკოლოზის განქორწინების დეტალები იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ პანდემიის დროს კორონავირუსის შესახებ სიახლეებიც კი გადაფარა. ამჟამად ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმე ძიების პროცესშია. მათ შორის, ქონებრივი დავაც მიმდინარეობს.
ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმე ქართულ რეალობაში, როდესაც ცნობილი ადამიანი ძალადობაში ამხილეს და მიუხედავად ამისა, საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც ჰგონია, რომ სპორტსმენი შანტაჟის მსხვერპლია. წყვილის სასამართლო პროცესი რამდენიმეჯერ გაიმართა, თუმცა საქმე ჯერ არ დასრულებულა. ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად ბოლო თვის განმავლობაში დუბაის სტუმრობს, ჩოგბურთელმა კი, სკანდალური სასამართლო პროცესის ფონზე, არაერთ წარმატებას მიაღწია.
ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე
ნინი ბადურაშვილის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, ვიდრე განქორწინება. ნინის ბებია ლალი ბადურაშვილი იმჟამად ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი შვილიშვილი ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს მიჰყვებოდა ცოლად. მიუხედავად ოჯახის კმაყოფილებისა, ქართული საზოგადოებისთვის მომღერლის ირაკლი კუტალაძეზე გათხოვება კრიტიკის მიზეზი გახდა. მომღერალი ბულინგის მსხვერპლიც კი გახდა, როდესაც საქმრო დაუწუნეს. სკანდალური აღმოჩნდა განქორწინებაც. თბილისში ნინი ორსული დაბრუნდა, თუმცა ოჯახი მალავდა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ვიდრე ერთ-ერთ ჟურნალში ირაკლი კუტალაძის ინტერვიუ არ დაიბეჭდა, რომელშიც მამაკაცი ნინის ყოფილად მოიხსენიებდა და სხვადასხვა ბრალდებას უყენებდა.
ირაკლი კუტალაძე და ნინი ბადურაშვილი დღეს კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, საერთო ქალიშვილი კი ხშირად სტუმრობს მამას მოსკოვში. უფრო მეტიც, ირაკლი კუტალაძე ნინი ბადურაშვილს "ინსტაგრამზე" ყველა ფოტოს "უგულავს".
შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე
შორენა ბეგაშვილმა მეორე ქმარს დაშორების ამბავი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული ფოტოთი გააგებინა, რომელზეც იუსტიციის სახლში განქორწინების ფურცლით იყო გადაღებული. თუმცა ნანაძე-ბეგაშვილის წყვილის ქორწილამდე მისვლაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენს ოჯახი და შვილები ჰყავდა, როდესაც შორენაზე იყო შეყვარებული. ქართველი სექსსიმბოლო მარტო დიდხანს არ დარჩენილა. როგორც ამბობენ, მესამე ოჯახი თურქეთში მოღვაწე ქართველ კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან შექმნა. მართალია, ამ ფაქტს ტელეწამყვანი დიდხანს უარყოფდა, თუმცა, პანდემიის მიუხედავად, არაერთხელ ჩააკითხა უცხოეთში საყვარელ მამაკაცს და საერთო ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.