თამრიკო ჭოხონელიძე: ფობია, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებდა, ძაღლის საშინელი შიშია. ისე გადავცდი 50 წელს, ვერაფრით წარმომედგინა თუ ამ ფობიის დაძლევას შევძლებდი, მაგრამ მე ეს მოვახერხე. მანამდე ვიარე ფსიქოლოგთან, ძალიან ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. შიშის მიუხედავად, ძაღლები ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მათ შორიდან ვუყურებდი და ვტკბებოდი. საკმარისი იყო ახლოს მოსულიყო, რომ შეიძლება, ისე ცუდად გავმხდარიყავი, გული წამსვლოდა. გამორიცხული იყო, ხელით შევხებოდი, თუნდაც პატარა ლეკვს. იგივე მჭირს კატებსა და ჩიტებზე – ეს საშინელი შეგრძნებაა.
– არადა, კოკოს ჰყავს ძაღლი, მას როგორ უმკლავდებით?
– მეცინება ამის თქმისას, მაგრამ ძაღლი ჩემზე გონიერი აღმოჩნდა. როცა მას ეუბნებიან, რომ თამრიკო მოვიდა, ოთახიდან გადის და ახლოსაც არ მოდის. ამიტომ, როცა საგურამოში ვართ, მე და კოკოს ძაღლი ერთ სახლში ვცხოვრობთ და მე არ მეშინია, რადგან ძაღლის იმედი მაქვს. მეორე პრობლემაა ის, რომ ძაღლს არ აქვს ჩემი იმედი (იცინის).
– ახლა რატომ გადაწყვიტეთ, ძაღლი გყოლოდათ?
– ახლა პატარა იორკი მყავს. დიდი თავგანწირვა შემძლებია – ელენეს ძალიან დიდ სურვილს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჩემი ინიციატივით შევიძინე ძაღლი. ძალიან პატარა იყო, 700 გრამს იწონიდა და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეხება, ბოლოს ხელშიც ავიყვანე და ამის ამსახველი ფოტო რომ გამოვაქვეყნე, მთელი საახლობლო შოკირებული მირეკავდა (იცინის). ნახევარი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ჩემში დიდი გარდატეხა მოხდა. ელენეს ისე უნდოდა ეს ძაღლი, დავიწყეთ ძებნა მის შესაძენად და 500 დოლარად ვიპოვეთ. ამ გაჭირვების დროს არ გვქონდა ეს თანხა და სასაცილო ისტორია შეგვემთხვა – ჩემი მანქანის კატალიზატორში შემომთავაზეს 1 500 ლარი. ჩვენი „ფაქიზო“ აღმოჩნდა ჩემი კატალიზატორი, რომლისგან მიღებულ თანხას კიდევ დავამატე და ასე შეგროვდა 500 დოლარი, რომელმაც ელენე უზომოდ გააბედნიერა და მე ფობია გადამალახვინა (იცინის).
მთელი ცხოვრებაა ამ ფობიის მიზეზს ვიკვლევ, მაგრამ ვერ ვპოულობ. ალბათ, წინა ცხოვრებიდან მოდის, თორემ, ჩემთვის ძაღლს არასდროს უკბენია, არც უსიამოვნოდ გასახსენებელი ისტორია შემმთხვევია, რის შემდეგაც ეს შიში დამეწყო. არადა, მახსოვს, მოსკოვში კინაღამ დაძრულ ტროლეიბუსს ჩავუვარდი ბორბლებში, იმის გამო, რომ მე პატარა ძაღლი გამომიხტა ეზოდან. თუ ქუჩაში დიდი ძაღლი შემხვდებოდა, აუცილებლად მეორე მხარეს გადავიდოდი. ახლა უკვე შემიძლია თავი ხელში ავიყვანო და გვერდით მშვიდად გავუარო. ეს 50 წლის შემდეგ მოვახერხე.
წყარო: "თბილისელები"