თამარ ლაშაური 2017 წლიდან ინდოეთის დედაქალაქ დელიში ცხოვრობს. მას ამ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, იქაური ადათ-წესებისა და რამდენიმე წლის წინ შექმნილი ქართულ-ინდური ოჯახის შესახებ ვესაუბრეთ.
- თამარ, რას საქმიანობდით, ვიდრე ინდოეთში საცხოვრებლად წასვლას გადაწყვეტდით?
- თბილისში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის განხრით. ბავშვობიდან ძალიან მაინტერესებდა ინდოეთი. ბევრს ვკითხულობდი ამ ქვეყნის შესახებ, გავეცანი ინდურ კულტურას და უფრო და უფრო მინდოდა, ოდესმე აუცილებლად დამეთვალიერებინა ეს ქვეყანა. ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს ბავშვური გატაცება გადამივლიდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ასე არ იქნებოდა. ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და 2016 წელს, მეგობრებთან ერთად, პირველად ჩამოვედი, როგორც ტურისტი.
- პირველად ინდოეთში ჩასვლისას რამ გაგაკვირვათ, თუ გახსოვთ?
- იმდენი რამ ვიცოდი ინდოეთის შესახებ, რომ მგონი, არაფერი გამკვირვებია. დედამ და ჩემმა ძმამ კი, როდესაც ჩემი ქორწილისთვის ჩამოვიდნენ, ნამდვილად მიიღეს კულტურული შოკი. რა ხდება, ყველა რატომ ასიგნალებს ან ყველა მანქანა რატომაა მორთულიო? - უკვირდათ. მართლაც ძალიან ხმაურიანია აქაურობა.
- ინდოელი მეუღლე გყავთ; საინტერესოა, თქვენც 3000-კაციანი ქორწილი გქონდათ?
- (იცინის) არა, ჩვენ შედარებით პატარა ქორწილი გვქონდა, სამდღიანი. პირველ დღეს მეჰენდის ცერემონია ტარდება, ხელებს რომ გიხატავენ ახლობლები. ეს საღებავი ხელებს აგრილებს და ამშვიდებსო, ასე ფიქრობენ და როცა პატარძალი აფორიაქებულია, დააწყნარებსო. თუ გამუქდა, ბედნიერი ცხოვრება გექნებაო... ქმრის სახელის პირველ ასოს წერენ ამ მოხატულობაში და უნდა იპოვო. დილის 6 საათზე ცერემონია გურუდვარაში ტარდება, რადგან რელიგიური დატვირთვა აქვს, საღამოს კი წვეულებაა. სტუმრები მოდიან. ძალიან ცოტა მაგიდა და სკამია. ყველა ცეკვავს, მოლხენა ძალიან უყვართ. საერთოდ, ქალები უფრო ჩაკეტილები არიან, მამაკაცები - მეტად გახსნილები, უფრო დაგეხმარებიან, გვერდით დაგიდგებიან. ხშირად მეკითხებიან, რითი განსხვავდებიან ქართველი კაცებისგან ინდოელებიო? ქართველი კაცები გრძნობებს არ გამოხატავენ. ევროპელს - არა, მაგრამ არაბს, იაპონელს, ჩინელს თუ გაჰყევი, რატომღაც თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება ფულის გამო მიიღე, რაც არასწორია. აქაურებმა სხვანაირად იციან გრძნობების გამჟღავნება. დღეში ასჯერ გეტყვის ინდოელი, რომ უყვარხარ; მუდმივად ცდილობს, გაგახაროს, სიურპრიზი მოგიწყოს. ზუსტად ისეთი რომანტიკულები არიან, როგორებიც ფილმებში ჩანან. შეიძლება მართლაც გიმღერონ ქუჩაში, ისე, როგორც ფილმებშია. დასანანია, რომ საზოგადოება ძალიან აგრესიულად არის განწყობილი "იუთუბზე" ნანახი ზოგიერთი ვიდეოს გამო. ჰგონიათ, აქ ყველა უკიდურეს გაჭირვებასა და სიბინძურეში ცხოვრობს. საპირფარეშო თუ გაქვსო? - მკითხეს ერთხელ. - სამი საძინებელი მაქვს და თითოეულს თავისი სააბაზანო აქვს-მეთქი. დიახ, როგორც უკვე გითხარით, აქ არის განსაკუთრებით გაჭირვებული ფენა. პატარა, ფერადოვნად მოხატული ქოხები აქვთ. სახლების წინ გამოაქვთ ჩაი, ბოსტნეული და ვაჭრობენ, ასე გააქვთ თავი. ვისაც ასეთი ქოხიც არა აქვს, მას ქუჩაში სძინავს, მოწყალებას ითხოვს.
- თქვენს მომავალ მეუღლეს სად შეხვდით?
- ჩემი მეუღლე ანანდ კარაჯი გადამღებ ჯგუფში მუშაობდა. 2017 წელს მომღერალთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში კლიპის გადასაღებად. როგორც აღვნიშნე, "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი მყავს და სწორედ მისი საშუალებით დამიკავშირდნენ. პირველად იყვნენ საქართველოში და მე ვეხმარებოდი ადგილების შერჩევაში. მაშინ ინდოეთში დამპატიჟა. ჩავედი, შევხვდი მის მშობლებს, დავბრუნდი საქართველოში, რადგან იმ წელს სწავლას ვამთავრებდი და დიპლომი მქონდა ასაღები. მერე უკვე თვითონ ჩამოვიდა და დავქორწინდით კიდეც. პირველად ქორწილი, სხვათა შორის, საქართველოში გვქონდა. გვყავს 2 წლის ბიჭი, ბრაიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა. ჩემს მეუღლეს ძალიან მოეწონა, ასეთი ახლო ურთიერთობა რომ გვაქვს ერთმანეთთან ახლობლებს, მეგობრებს. გაუკვირდა სუფრის მრავალფეროვნებაც (ინდოეთში მაქსიმუმ 2-3 სახეობის კერძი მოამზადონ), სადღეგრძელოების ტრადიციაც, მანამდე არაფერი იცოდა ამის შესახებ. პირველი ჩამოსვლისას თბილისის ძველი უბნები დავათვალიერებინე. არქიტექტურით მოხიბლული დარჩნენ თვითონაც და მისი კოლეგებიც, მეორედ ჩამოსვლისას კი რამდენიმე კუთხე ვაჩვენე.
- როგორ მიგიღოთ მისმა ოჯახმა და საინტერესოა, რა ვალდებულება აკისრია ინდოეთში რძალს ოჯახის სხვა წევრების მიმართ?
- ჩემი ოჯახის წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება. იცოდნენ, რომ ყოველთვის მინდოდა ინდოეთში ცხოვრება. რა თქმა უნდა, რთულია შორს ყოფნა, ძალიან მენატრებიან და მათაც ენატრებათ ჩემი შვილი, მაგრამ კორონამდე წელიწადში ორჯერ მაინც ჩამოვდიოდი საქართველოში. ინდოელებს არ უყვართ სხვა ეროვნების რძალი, მაგრამ ისე ვიყავი როლებში შეჭრილი, ვერც აღიქვამდნენ, აქაური რომ არ ვიყავი. ჩვენი ბიჭი ხომ მოგწონს, როდის გინდა ქორწილი დავგეგმოთო? - მეკითხებოდნენ. შეუღლების შემდეგ ცალკე საცხოვრებლად გადმოვედით. ანანდს ჰყავს და-ძმა და მშობლები. ერთმანეთს ძირითადად, დაბადების დღეებზე, დღესასწაულებზე სტუმრობენ. ისე ხშირად არა, როგორც ჩვენ ვიცით. რაც შეეხება რძლის ვალდებულებებს, ესეც ინდივიდუალურია: ზოგი ბედნიერია იმით, რომ მთელი დღე სახლი ალაგოს, დედამთილს დღეში ხუთჯერ ჩაი გაუმზადოს და ა.შ. ეს იმაზეა დამოკიდებული, შენ როგორ შეხედავ ამ ყველაფერს. ჩემი მეგობარი ახლახან გათხოვდა, მუშაობს ოფისში, მაგრამ საღამოს რომ ბრუნდება, თვითონ ამზადებს სადილს, მიიჩნევს, რომ ეს მისი მოვალეობაა. აქ მაინც ასეთი დამოკიდებულებაა დედამთილების მხრიდან, - აი, რძალს მოვიყვან და დავისვენებო. ამიტომ თვლიან, რომ უნდა დასხდნენ, დაიჭირონ ტელევიზორის პულტი და რძალს დაავალონ საოჯახო საქმეები. ტრადიციულ ოჯახებში დღესაც შემორჩენილია, რომ ქალი თავის სახეს არ გამოაჩენს არც მაზლთან, არც მამამთილთან, სახე დაფარული უნდა ჰქონდეს, სირცხვილია, ვინმემ დაინახოს.
- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ამ ბოლო დროს დავინტერესდი ვიზაჟით და გავიარე მაკიაჟის კურსები საკმაოდ ცნობილ ვიზაჟისტთან. აქ მაკიაჟი ძალიან ძვირია, მით უმეტეს, როდესაც პროფესიონალი ხარ და კარგი ხელი გაქვს. სამხატვრო მაქვს დამთავრებული და ეს ძალიან დამეხმარა ახალი პროფესიის დაუფლებაში. გარდა ამისა, როგორც მოდელი, ვმონაწილეობ გადაღებებში, ხშირად მიკავშირდებიან კოსმეტიკური ბრენდები და მიღებენ რეკლამებში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>