37 წლის ასაკში გარდაცვლილ ჟურნალისტს კობა ალხაზაშვილს მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. როგორც ცნობილია, ვერაგი დაავადება კობა ალხაზაშვილს პოსტკოვიდურ პერიოდში განუვითარდა - ბრონქის სიმსივნე, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა...
მისი მეუღლე გვანცა ციმინტია ემოციურ პოსტს უძღვნის გარდაცვლილ მეუღლეს:
"დუდის მეძახდა.
პირველად რომ შემხვდა, ძალიან დაბნეული იყო, ჩუმად ვიჯექი და ვაკვირდებოდი, მერე მეუბნებოდა- ისე მკაცრად იჯექი, არ ვიცოდი, რა მექნაო, "გავიწურეო", იცინოდა სახეგაბადრული და მიყვებოდა რაღაცეებს. სახლში რომ მივყავდი, გზაში თმა ჩამომეშალა, გაჩერდა და ძალიან თბილად ყურს უკან გადამიწია. ვიფიქრე, პირველივე შეხვედრაზე ეს როგორ გამიბედა-თქო, მაგრამ ისე თბილად გამოუვიდა, არაფერი მითქვამს, გავუღიმე. სახლში ძალიან აფორიაქებული დავბრუნდი, ვფიქრობდი, ვაანალიზებდი. მეორე დღეს იყო მუზეუმი, უაზროდ მივაშტერდი რაღაც სურათს, მოვიდა და მაკოცა, ჩემი მეორე მე მიყვიროდა- რამდენს აბედინებ ამ თავხედ ახალგაზრდას, მეორე დღესვე რომ მოდის და საფეთქელთან გკოცნის, მოურიდებლად. ვუთხარი კიდეც და აქაც გამიღიმა-ვერ მოვითმინეო...:)) რამდენს ვსეირნობდით, მთაწმინდიდან პლეხანოვამდე, პლეხანოვიდან ნახალოვკამდე. ისე დამოკლდა ქალაქში მანძილი, ვეღარც ვიგებდით ლაპარაკ-ლაპარაკში სად, რომელ უბანში ამოვყოფდით თავს. 4 თვე ვიბოდიალეთ ასე, იმდენი ვისაუბრეთ, რამხელაც თბილისია. ვხვდებოდით, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა და უნდა დაწყებულიყო ჩვენს ცხოვრებაში. მოულოდნელად მითხრა ცოლად გამომყვებიო? მე ვითომ ვერ გავიგე- გაიგე, რაც გკითხეო? -რა -მეთქი, თითქოს დასაფიქრებლად დრო მჭირდებოდა, როგორ დავთანხმდი, არც მახსოვს, მაგრად ჩავეხუტე, წავედით რესტორანში და გვიანობამდე ვისაუბრეთ მომავალზე. ბავშვურად აჟიტირებულებმა და აფორიაქებულებმა ღერი ღერზე
გავაბოლეთ და შევუდექით სამომავლო გეგმების დალაგებას.
უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ეჭვიანი არ ვარო, მეუბნებოდა და სადმე, მის გარეშე თუ წავიდოდი, მალევე მირეკავდა- სად ხარ? მალე მოხვალ? სამსახური რომ დავიწყე პანდემიის დროს, დილით მიმიყვანდა და მერე მანქანაში ან იქვე ახლოს მელოდებოდა. ადრე მაკითხავდა და დროზე ადრე მივყავდი სახლში. თუ დავიგვიანებდი, გაბუტული იჯდა ცოტა ხანი და მხოლოდ ჩახუტებით თუ მოიყვანდი ხასიათზე.
ისეთი თბილი ჩახუტება იცოდა, მეგონა ,მთელ სამყაროს ვეხუტებოდი მაგ დროს. ისეთ ენერგეტიკას ვუზიარებდით ერთმანეთს, ფიზიკურ ტკივილსაც რომ შველოდა. თუ თავი ტკიოდა, თავზე ვეფერებოდი, ტკივილი მივლის, როცა ხელს მკიდებო. მეც ანალოგიურად. მის გარეშე ძალიან ძნელია, პატარა ბავშვივით ავეტორღიალებოდი და ყველგან დავყვებოდი, მერე მოვიდა ნუშიკო ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა უკვე მისი ორი საოცნებო ხუჭუჭა გოგო დაყვებოდა კუდში და ამით ისეთი ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყე.
დაგვაობლა.
ორივე დაგვაობლა.
ისე ვუყვარდი, მგონია ასე არ უყვართ ჩვეულებრივ ადამიანებს მეორე ნახევრები. როგორი მადლიერი იყო იმით, რომ ასეთი ადამიანი შეხვდა, მე მისით ვიყავი მადლიერი, ასეთი ბიჭი რომ შემხვდა. სულ იმას მეუბნებოდა, ადრე რატომ არ შეგხვდიო, დავბოდიალობდი უაზროდო. ალბათ როცა საჭირო იყო მაშინ შევხვდით, მაგრამ ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი?