დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის. ნინა ზარქუას ფეხსაცმელი და ჩანთა არაერთხელ მოირგეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან სუპერმოდელი კენდალ ჯენერი, მომღერალი ლედი გაგა და სხვ.
ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა, ამის შესახებ კი ნინამ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. დიზაინერი წერდა, რომ ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა. მართლაც, ნინა „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს, რომლებიც ყოველთვის დიდ მოწონებასა და უამრავ კომენტარს იმსახურებს: „ყოჩაღ შენს მეუღლეს, შენ რომ ასეთი ხარ. კაცი აშენებს, ქალი აფერადებს“, „ამ წყვილის ფანი ვარ“, „ეს ორი ადამიანი არის ერთი! ეს სიყვარულია! მარტო კი არ არის ზოგიერთივით ფოტოებზე, არ დავასახელებ.... მარტო სამოსს რომ ანახებს ხალხს” - წერენ გამომწერები.
წარმატებული კარიერის პარალელურად, ნინა ზარქუა არაერთხელ გაეხვა სკანდალში. საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია მისი და ასევე ცნობილი დიზაინერის, ანუკი არეშიძის კონფლიქტმა. ანუკი და ნინა დიდი ხნის მეგობრები იყვნენ, თუმცა 2018 წელს მათ ეს ურთიერთობა დაასრულეს, მიზეზზე კი, მიუხედავად არაერთი კითხვისა, ხმამაღლა არცერთს უსაუბრია.
გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ნინა ზარქუას განსაკურებული გემოვნება აქვს. როგორც მისი პირადი გვერდიდან ჩანს, დიზაინერი უპირატესობას ყოველდღიურ სტილს ანიჭებს, რომელსაც ხშირად საკუთარი ფეხსაცმლითა და აქსესუარებით ქმნის: „ძალიან მაგარი გოგო ხარ. თავიდან, ალბათ, ყველა არასერიოზულად უყურებდა შენს წამოწყებას, ახლა კი ისეთ"ცვეტშია", ზარქუა თუ გაცვია ფეხზე, ესეიგი კაი ტიპი ხარ, გემოვნებიანი და მოდური. ეს დიდი წარმატებაა”, “ყველაზე კეთილი და „cool” დიზაინერია დიზაინერებს შორის“, „ძალიან ლამაზი ხარ, ნინა“ - წერენ კომენტარებში.