ილო ბეროშვილი და ანი ბებია ფართო საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ანი ეპიზოდურ, ხოლო ილო ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაქორწინდა. ეს ამბავი ბევრისთვის მოულოდნელი იყო და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ანისა და ილოს ერთი შვილი, ჯერი ბეროშვილი ჰყავთ.
ანი ბებია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. შვილის გაჩენის შემდეგ ის გამომწერებს ხშირად აძლევს სასარგებლო რჩევებს ბავშვის კვებასთან, წონაში კლებასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამჯერად ანი გულშემატკივრებს სხვადასხვა თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხობს. ის მეუღლის, ილო ბეროშვილის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მასში მიზანდასახულობამ და შრომისმოყვარეობამ მოხიბლა: „ილო ჩემთვის ცალკე არ არის, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ვიტყვი - ჩემი მეორე ნახევარია“ - წერს ანი ბებია. როგორც ანი განმარტავს, მან და ილომ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთეს, მეორეს კი ელოდებიან.
გამომწერები ანი ბებიას ახალ იმიჯზეც სვამენ კითხვებს, თავად ანი კი ამბობს, რომ მას მოკლე თმა ძალიან მოსწონს: „გრძელი თმა მომწონს გაშლილი, ამას კი ვერ ვახერხებ, როცა 24 საათის განმავლობაში ბავშვთან ერთად ვარ. მე ძალიან მომწონს შეჭრილი“.
კითხვაზე, უსურვებდა თუ არა იმავე გზის გავლას საკუთარ შვილს, რაც თავად გაიარა, ანი ბებია წერს, რომ არა: „არ მინდა, ვარდისფერი სათვალით უყუროს სამყაროს, ერთ დღეს გაუტყდება. მინდა, მაქსიმალურად ძლიერი და კეთილი გავზარდო, რომ ყველაფერს გაუმკლავდეს ისე, რომ ადამიანად დარჩეს“ - წერს ანი.