ფული ყოველთვის საჭიროა, ის ზედმეტი არასდროსაა და ყოველთვის მალე იხარჯება. ინტერნეტში ფულის დაზოგვისა და ფინანსების მართვის არაერთი კურსია ხელისაწვდომი, რაც თანხის მოგროვებაში გვეხმარება, თუმცა ეს ყველაფერი ზოგჯერ შიძლება არც ისე სასარგებლო იყოს. აქ წაიკითხავთ ისტორიას, როგორ გააკეთა დანაზოგი ცოლმა ისე, რომ ქმარს არაფერი უთხრა, ამან კი მათ შორის კონფლიქტი გამოიწვია.
„თითქმის 10 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ და აქამდე ყველაფერი კარგად გვქონდა. გვაქვს საკუთარი ბინა, რომელიც ჩემმა ქმარმა მემკვიდრეობით მიიღო ბებიისგან. მას არც ისე მაღალი ხელფასი აქვს, თუმცა გვყოფნის. მე არ ვმუშაობ, ვზრდი ჩვენს ორ ქალიშვილს და დიასახლისის როლს ვითავსებ. ოჯახის ბიუჯეტსაც მე ვმართავ, კომუნალურები, საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები - ყველაფერი ჩემზეა. მე თანხას ყველაფრისთვის ვანაწილებ, თუმცა ერთი ხელფასით ოთხი ადამიანის საჭიროებების დაკმაყოფილება არც ისე მარტივია.
ჩვენი სახლი ყოველთვის დალაგებულია, ტანსაცმელი სუფთა, სადილი, საუზმე და ვახშამი ყოველთვის გვაქვს... სამსახურიდან მოსულ ჩემს ქმარს შეუძლია დრო სასიამოვნოდ გაატაროს ბავშვებთან, ეთამაშოს მათ ან დაეხმაროს მეცადინეობაში. ძალიან იშვიათად მეც ვთხოვ დახმარებას, როცა რაღაც ისეთია გასაკეთებელი, რაც მე არ შემიძლია.
ერთ დღეს ჩვენ სერიოზული ჩხუბი მოგვივიდა. მან ჩაიცვა და წავიდა. ტელეფონი გათიშა და ვერ ვუკავშირდებოდი. მე ძალიან ცოტა ფული მქონდა და ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა. საბედნიეროდ, ის მეორე დღეს დაბრუნდა, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, მაგრამ ეს შიში დიდხანს დამრჩა და მივხვდი, რამდენად დაუცველი ვარ ქმრის გარეშე. გადავწყვიტე, რომ ფული უნდა დამეზოგა და ასეც მოვიქეცი.
ყველაფერს აქციებით ვყიდულობდი, თანხას ვზოგავდი ტანსაცმელსა და კოსმეტიკაზე... დაზოგვა საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. დავიწყე ქსოვა და ზოგჯერ ჩემ მიერ დამზადებულ ნივთებს ინტერნეტით ვყიდდი. გამომუშავებულ თანხას დანაზოგს ვუმატებდი. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემი არყოფნის დროს ჩემმა ქმარმა, დოკუმენტების ძებნისას, დანაზოგი არ იპოვა. ის შოკირებული იყო და ჩემთან სასაუბროდ სიტყვებსაც ვერ პოულობდა. ამბობდა, რომ მთელ ხელფასს მე მაძლევდა, რომ ოჯახს არაფერი მოკლებოდა და ვერ წარმოიდგენდა, რომ მე ფულს ვმალავდი. ამით ჩემი ნდობა დაკარგა და იმედი გაუცრუვდა. ის განქორწინებაზეც კი ფიქრობდა. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, როგორ გამომესწორებინა სიტუაცია.“
რას ფიქრობთ, თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში? სწორია დანაზოგის გაკეთება ოჯახისგან ფარულად? როგორ უნდა მოიქცეს ქალი ასეთ დროს?