ჩემს ქმარზე ოთხი წლის წინ დავქორწინდი. თითქოს სიყვარული სადღაც გაქრა და ახლა მხოლოდ მოვალეობებია. თავს უბედურად ვგრძნობ და ამას ისიც ემატება, რომ მე უფრო მაღალი შემოსავალი მაქვს. მგონია, რომ ის ჩემს ხარჯზე ცხოვრობს.
ყოველთვის ვფიქრობდი, ასაკით უფროს კაცს უკეთ შეუძლია ქალის უზრუნველყოფა. ჩემი ქმარი ჩემზე 13 წლით დიდია და ვხვდები, როგორ ვცდებოდი. მე არ მწამს, რომ ქალმა კაცის ხარჯზე უნდა იცხოვროს ან პირიქით. ვხედავ, როგორ მართავენ ოჯახს ერთად ჩემი მშობლები და მგონია, რომ სწორი სწორედ ესაა. როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრობს, ხარჯები თანაბრად უნდა გაიყონ.
ჩემი ქმარი ყოველთვის გაურკვევლობაშია. ჩვენ გაცნობამდე ერთი წლით ადრე ის ცოლს დაშორდა და ახლა შვილს ალიმენტს უხდის. სამსახურის მერე დაღლილი მოდის, ხანდახან ლაპარაკი საერთოდ არ უნდა. ვცდილობ, ასეთ მომენტებში არ გავაბრაზო და ველოდები მის დამშვიდებას. ჩემი მშობლები შეძლებული ხალხია. მათ დაბადების დღეზე ბინა მაჩუქეს და როცა ჩემს მომავალ ქმარს შევხვდი, შევთავაზე, რომ ჩემთან გვეცხოვრა, რადგან მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. ახლა ჩემს ხარჯზე ვცხოვრობთ. უზრუნველვყოფ საკვებს, გადასახადებს და არ ვსვამ ზედმეტ კითხვებს.
ჩვენი ურთიერთობა ცალმხრივად გამოიყურება. მას არასდროს გაუღია ინვესტიცია ჩვენი თანაცხოვრებისთვის. მესმის, რომ ნაკლებს შოულობს, ხელფასის ნაწილს ყოფილ მეუღლეს უთმობს, მაგრამ ყურადღების გამოჩენა ჩემ მიმართ მაინც საჭიროა. ახლა სამსახურშიც პრობლემები მაქვს. თუ მე არ მექნება ხელფასი, ალბათ, თვიდან თვემდე ვერც გავიტანთ თავს. როდესაც ვეკითხები, სად მიდის მისი ხელფასი, ის ამბობს, რომ მთაში სახლისთვის ზოგავს ფულს. არ ვიცი, ეს მართალია თუ ფული სადმე ჯადოსნურად ორთქლდება, მაგრამ მისი დანაზოგი არასდროს მინახავს. ამ თვეში მშობლებისგან ფულის სესხება მომიწია და ქმარს ვეჩხუბე.
მას არ სურს, რომ ამ საკითხზე სერიოზულად ვისაუბროთ, ყოველთვის თავიდან მიცილებს. თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ჩანთას ალაგებს და დედამისთან მიდის. მერე მენატრება, ვურეკავ და დაბრუნებას ვთხოვ. ის ბრუნდება და ყველაფერი თავიდან იწყება. ზოგჯერ მინდა, ჩავალაგო მისი ნივთები და ფანჯრიდან მოვისროლო, ამ ყველაფრით ძალიან დავიღალე. როგორ მოვიქცე?