ტატა
ფაქტი, რომ ჩემს დედამთილს, მარიას, არ მოვწონდი, პირველივე შეხვედრისას ცხადი იყო. ის მიწუნებდა ხასიათისა და გარეგნობის ყველა დეტალს, ერთხელ ისიც კი მითხრა, რომ განიერი ტერფები მაქვს, მაგრამ ვიფიქრე, რადგან მისმა შვილმა ასეთი შემიყვარა, ამ ფაქტს შეეგუებოდა. გავჩუმდი და ამაოდ, რადგან ამის შემდეგ მიხვდა, რომ კონფლიქტური ადამიანი არ ვიყავი და შეტევა დაიწყო. მასთან ყოველი შეხვედრა ახლა იმით მთავრდება, რომ მშობიარობის შემდეგ ძალიან გავსუქდი; მეუბნებოდა, რომ სალათა მაიონეზისა და პურის გარეშე უნდა მეჭამა... როცა ვუთხარი, რომ თავად გადავწყვეტდი, რითი ვიკვებებოდი, ის საწყალი სახით მიუბრუნდა ჩემს ქმარს და ჰკითხა: „ნუთუ არ აპირებ დედის დაცვას?“ ჩემმა ქმარმა მხარი მას დაუჭირა, გაოგნებული დავრჩი.
ბევრს ვკითხულობდი ასეთ მანიპულაციებზე, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი ისტორიის გმირი თავად ვიქნებოდი. ბავშვის გაჩენის შემდეგ სიტუაცია გაუარესდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფინანსურად ქმარზე ვიყავი დამოკიდებული, ამის გამო კი, ჩემი დედამთილის აზრით, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ მქონდა. ბოლო წვეთი იყო ის სიტუაცია, როცა მან ჩემს შვილს უთხრა, რომ თუ ქოთანზე დიდხანს იჯდებოდა, იქიდან ურჩხულები ამოვიდოდნენ. მივხვდი, რომ ეს ქალი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო და ქმარს შევთავაზე, ცალკე გადავსულიყავით. მან ჩხუბი დამიწყო და მითხრა, რომ ახლა ფინანსურად ამის საშუალება არ გვქონდა. ჩავალაგე ნივთები და დედასთან წავედი. განქორწინება არასდროს მინანია.
კრისტინა
როცა ჩემს დედამთილს პირველად შევხვდი, ანგელოზს ჰგავდა, თუმცა შემდეგ მისგან ნამდვილი მონსტრი დაიბადა. მე და ჩემი მეუღლე სტუდენტობის წლებიდან ერთად ვართ. ამ დროის მანძილზე შევძელით, საკუთარი საქმე წამოგვეწყო და ჩვენი ბიზნესი ნელ-ნელა გაგვეფართოებინა. ჩვენი საერთო საქმის გამო მივედით იმ სიტუაციამდე, რომ ჩვენი ქონების უმეტესი ნაწილი დედამთილს უნდა გადავუფორმოთ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩვენით მანიპულირებისთვის გამოიყენებდა. თავიდან მან თქვა, რომ მის უმცროს შვილსაც სჭირდებოდა ბინა, მაგრამ ჩვენ მდიდრები ვართ, ნათესავს უნდა დავეხმაროთ. შემდეგ მან დაიწყო მინიშნება, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა, გარდა ამისა, ათასი დეტალი - მასაჟი, მოგზაურობა, ძვირად ღირებული თერაპიები - ეს ყველაფრი ჩვენი ფულით! საიდან მოდის ასეთი ბურჟუაზიული მანერები ჩვენს პროლეტარულ ოჯახში?
დროთა განმავლობაში გავარკვიე, რომ ნინა, ჩემი დედამთილი, სულაც არ არის ღარიბი და მას ჩვენი ფულის გარდა, საკუთარი სოლიდური დანაზოგიც აქვს. თუმცა ჩვენ, რატომღაც, ვალდებულები ვართ, უზრუნველვყოთ ის. ჩვენგან ფულის გამოძალვის მთელი ეს ამბავი რამდენიმე წელი გაგრძელდა. ჩვენი ფინანსები მიმოქცევაშია, შემოსავლები იზრდება და იზრდება დედამთილის „მადაც“. შემდეგ გავიგე, რომ ჩემს ქმარს საყვარელი ჰყავდა და ამან გამანადგურა. აღმოჩნდა, არა მხოლოდ დედამისს, არამედ მის საყვარელსაც ჩვენ ვარჩენდით. გამოიცანით, ვინ იცოდა ამის შესახებ და ვინ იყენებდა ამას მანიპულირებისთვის, რომ მე არ გამეგო? სწორია, დედამთილი! ის ჩემს ქმარს აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, რომ ჩემთვის სიმართლე არ ეთქვა. მე სასწრაფოდ მოვითხოვე განქორწინება და ამ სპექტაკლს თავი დავაღწიე.
ნატალია
"სამოთხეში ორი ცარიელი სკამია - ერთი კარგი დედამთილისთვის, მეორე კი კარგი რძლისთვის", - ამბობს აღმოსავლური ანდაზა. ჩემი ქმარი ებრაელია და დედა მისთვის წმინდაა, მაგრამ როცა დავქორწინდით, ის ისრაელში ცხოვრობდა, ჩვენ კი გერმანიაში. ჩემს ქმარს ისრაელში კარგი კონტრაქტი შესთავაზეს და საცხოვრებლად მის მშობლიურ ქალაქს დავუბრუნდით. იქ გადასვლისთანავე, ჩემმა დედამთილმა ჩვენზე ზრუნვა დაიწყო, დილით ბლინებს გვახვედრებდა, მარტო არსად გვიშვებდა, რომ არ დავკარგულიყავით. ერთხელ მეორადი კარადაც კი მოგვიტანა, თუმცა არავისთვის უკითხავს, გვინდოდა თუ არა.
ნათესავებთან გაუთავებელმა საკვირაო შეკრებებმა უბრალოდ დამღალა. არ მენდობოდა, მართმევდა ქვითრებს და თავად ითვლიდა, რამდენი დახარჯე, ამბობდა, რომ მე გულუბრყვილო ვარ და საქმე კარგად არ გამომდის. ცალკე პრობლემა იყო ის, რომ ჩემს მეგობრებს უცნაურ კითხვებს უსვამდა, იყვნენ თუ არა გათხოვილი, ჰქონიათ თუ არა ურთიერთობა, აბორტი ხომ არ აქვთ გაკეთებული და ა.შ. მას სურდა, მეორე ვაჟისთვის, რომელიც ჯერ კიდევ მასთან ცხოვრობდა, კარგი საცოლე ეპოვა. მივხვდი, რომ ასე ცხოვრება აღარ შემეძლო. ჩემსა და ჩემს ქმარს შორის ყოველთვის იდგა ჩემი დედამთილი. ჩვენ ინტიმური ურთიერთობაც კი გაგვიფუჭდა. მივხვდით, რომ ოჯახი განქორწინების პირას იყო. ვიქირავეთ ბინა სხვა ქალაქში და განვაცხადეთ, რომ ბავშვს ზღვასთან ახლოს ცხოვრება სჭირდებოდა. ვფიქრობ, მხოლოდ ამ გზით შევძელით ოჯახის შენარჩუნება.