24 წლის მაგდა ფონიას ვიდეოს რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგდა სმენადაქვეითებულია, თუმცა საუბარსა და ადამიანებთან დამოუკიდებლად კომუნიკაციას მაინც ახერხებს. ვიდეოში ის საკუთარ ისტორიას ჰყვება და იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა, პრობლემის მიუხედავად, ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაეგრძელებინა:
„ჩემი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა 2 წლის ვიყავი. ექიმმა შეცდომა დაუშვა და დამიქვეითდა სმენა, წამერთვა მეტყველება. დედაჩემს იმედი არ დაუკარგავს და მაშინვე მიმიყვანა ლოგოპედთან. ყველაფერი თავიდან დავიწყე, თითო ბგერას ვსწავლობდი. ეს ჩემთვის დამღლელი იყო... ერთ ყურში საერთოდ არ მესმის, მეორეში აპარატის საშუალებით შემიძლია ხმის გაგება. თავიდან ვერ ვარჩევდი, უცნაური ხმები იყო, მერე მივეჩვიე“ - ამბობს მაგდა ფონია.
როგორც მაგდა განმარტავს, მას არაერთი დაბრკოლება შეხვდა, მაგალითად, მაღაზიაში, როცა ვერ იგებდნენ მის ნათქვამს; სკოლაშიც, როცა დაწყებით კლასში ბავშვები ვერ ხვდებოდნენ, რატომ საუბრობდა ასე. მიუხედავად ამისა, მაგდამ ყველაფრის გადალახვა შეძლო:
„ერთხელაც ავწიე თავი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, მთელი ცხოვრება, სიბერემდე? არა უშავს, მაგდა, ხმა ამოიღე, გასაგებად აუხსენი ყველას ყველაფერი და ამასაც გადალახავ-მეთქი, ჩემს თავს ვუთხარი. ასეც მოხდა. დამოუკიდებლად ვცხოვრობ, უნივერსიტეტშიც ჩავაბარე“ - იხსენებს ის.
მაგდამ პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებაც ისაუბრა: „სკოლაში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ ის 12 წლის იყო, მე - რვა წლის. მომწონდა, მაგრამ არ ვუმხელდი. მასაც მოვწონდი, მაგრამ არც ის მიმხელდა. ერთხელაც შევხვდით ერთმანეთს და ამიხსნა სიყვარული. ამის შემდეგ ერთად მოვდივართ. სამი წელია, რაც დავოჯახდით. ახლა გვყავს 2 წლის შვილი, ნენე“.
როგორც მაგდა ფონია ამბობს, ის თვითნასწავლი მხატვარია და ძალიან უნდა, საკუთარი გამოფენა მოაწყოს და ჰქონდეს საკუთარი ბიზნესი. ის ამბობს, რომ ადამიანი არასდროს უნდა დანებდეს: „პრობლემების მიუხედავად, ყოველთვის არსებობს გამოსავალი, იმედი. ვურჩევდი ადამიანებს, რომ არასდროდ დანებდეთ, შეუძლებელი არაფერია, ხომ ხედავთ, არ მესმის, მაგრამ ვსაუბრობ“ - ამბობს მაგდა.