პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძეს საზოგადოება უკვე არაერთი წელია, კარგად იცნობს. ამ ეტაპზე ის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, წლების წინ კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ლელა წურწუმია სგადაცემაში მან სწორედ ეს წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს ოჯახთან ერთად დიდ დროს ვერ ატარებდა: „როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, ჩემს ოჯახთან ვერ ვატარებდი იმდენ დროს, რამდენიც მინდოდა. ეს დისკომფორტი და დეფიციტი ხანდახან ახლაც მაქვს. შვილებთან ვერ ვატარებდი დროს, მეგობრებზე აღარაფერს ვამბობ… სულ ისე უნდა იყო, რომ რაღაცას წარმოადგენ და პასუხისმგებელი ხარ შენი გარეგნობით, ყველაფრით… მანქანის ტარება ამეკრძალა კატეგორიულად პარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ, რომელიც სულ მინდოდა და სულ მაკლდა. ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელსაც ვეღარ ავანაზღაურებ ვერასდროს, არის ის, რომ ძალიან მინდოდა მინიმუმ სამი შვილი მყოლოდა და აუცილებლად მყოლოდა გოგო.
ანზორიკოსა და რეზიკოს შორის განსხვავება თითქმის 8 წელია, რადგან დრო დაგვჭირდა, სწავლა, დისერტაცია და ა.შ. შემდეგ იყო პარლამენტარობა…
გადავწყვიტე, რომ მესამე შვილი უნდა გავაჩინო აუცილებლად და უცებ გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე, რაც გამორიცხავდა იმას, რომ ამხელა პასუხისმგებლობის ფონზე, თუნდაც რამდენიმე თვით გავსულიყავი პოლიტიკიდან“ - თქვა ნინო ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და მეუღლესთან ურთიერთობის პირველი წლები გაიხსენა: „როგორც ჩემი ქმარი ამბობს, შეყვარებულობის დროს ძალიან ცუდად ვიქცეოდი. რაღაც პერიოდის წინ შვილებთან მიჩივლა, მთელი სტუდენტობა გამიმწარა, კინოში არ წამომყვა, არსად არ წამომყვა და არ შემარგო შეყვარებულობის პერიოდიო. სულ გვახსენდება ხოლმე ერთი შემთხვევა, როცა კალათბურთზე დამპატიჟა. სპორტის ეს სახეობა ძალიან მიყვარს, თავადაც ვთამაშობდი… კალათბურთზე წავიყვანე ჩვენი ახლობლის შვილი, რომელიც ჩემზე შვიდი წლით პატარაა და ჩავისვი შუაში (იცინის). ჩვენი შეყვარებულობა ორ წელზე მეტი გაგრძელდა… ამაზე ჩემი შვილები ძალიან ხალისობენ და ცოტა ირონიულადაც უყურებენ. რას იზამ, ჩვენ სხვაგვარად ვიყავით გაზრდილები…“ - ამბობს ნინო ბურჯანაძე.