ენი გასიევა საზოგადოების ნაწილმა მაშინ გაიცნო, როცა მსახიობ გიორგი ყიფშიძეს ცოლად გაჰყვა. დღეს ენის და გიორგის 2 საერთო შვილი - კოსმო და ლუნა ჰყავთ. ახლახან ენი კულინარიულ ტელეშოუში - "სამზარეულოს ომები" გამოჩნდა...
- საერთოდ, კულინარიულ ტელეპროექტებს (ქართულსაც და უცხოურსაც) ვუყურებდი. უბრალოდ, გავიფიქრე, - მონაწილეობა ხომ არ მივიღო-მეთქი? შემდეგ გადავიფიქრე, ბოლოს კი საკუთარ თავს ვუთხარი: - რატომაც არა? ავდგები და პროექტში მონაწილეობის მისაღებად წავალ-მეთქი. ამისთვის მჭირდებოდა ადამიანი, ვისთან ერთადაც კასტინგზე გავიდოდი. თავდაპირველად კულინარი ვეძებე, მაგრამ ასეთი მეგობარი, ვინც პროექტში მონაწილეობაზე დამთანხმდებოდა, ვერ ვიპოვე: ზოგს კამერების ერიდებოდა, ტელეეკრანზე გამოჩენა არ სურდა, ზოგს შეფასება არ უნდოდა, რადგან ძალიან კარგი მზარეულები არიან... მოკლედ, კულინარი მეგობრები არ წამომყვნენ. ერთხელაც ბარში წავედი. სადაც ჩემი მეგობარი - იესო ბარმენად მუშაობდა. პროექტში ჩემთან ერთად მონაწილეობა მას შევთავაზე. იესოც დამთანხმდა...
- როგორი რეაქცია გქონდა, როცა შენს ამჟამად უკვე მეგობარს - იესოს პირველად შეხვდი და მისი სახელი შეიტყვე?
- როცა ის გავიცანი, 17 წლის ვიყავი. მისმა სახელმა ძალიან გამაკვირვა. - მართლა იესო გქვია-მეთქი? - ვკითხე. დავიბენი. არ გამიგონია, რომ ვინმეს იესო ერქვას. ჩემთვის მოულოდნელი იყო. მერე მივეჩვიე და ჩვეულებრივი სახელი გახდა...
- ალბათ, იმიტომ მეგობრობთ, რომ ბევრ საკითხში ერთმანეთს კარგად უგებთ. ამ მხრივ, სამზარეულოში როგორაა თქვენი საქმე?
- თურმე, სამზარეულოში ერთად მუშაობა მარტივი არ ყოფილა. შეთანხმება გვიწევს, თუ რას როგორ ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ხარვეზები გვეპარება, მაგრამ ვცდილობთ, ეს საკითხი დავხვეწოთ. იმედია საბოლოო ჯამში კარგი შედეგი გვექნება.
- სანამ მონაწილეობას გადაწყვეტდით, ერთად მოგიმზადებიათ რომელიმე კერძი?
- კი, მაგრამ დიდი არაფერი: ერთი-ორჯერ ჩვეულებრივი სალათი მოვამზადეთ.
- კულინარიულ პროექტთან დაკავშირებით, როგორი მოლოდინი და მიზანი გაქვს?
- ძალიან მინდა მოვიგო, რა თქმა უნდა. პროექტში ყველა მოსაგებად მიდის. მსურს, რომ მინიმუმ, სამეულში მოვხვდე. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა როგორ იქნება...
- საერთოდ, კულინარიის სფეროსთან დაკავშირებული რაიმე გეგმები გაქვს?
- ჩემი გეგმები პროექტში ჩემი მონაწილეობის შედეგზეა დამოკიდებული. საერთოდ, კულინარია ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს, მაგრამ ჯერ კონკრეტული რამე ზუსტად გადაწყვეტილი არ მაქვს...
- "სამზარეულოს ომებში" შენს მონაწილეობას, ეკრანზე გამოჩენას ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?
- ჩემი მეუღლე - გიორგი პირველი იყო, ვისაც ამის შესახებ ვუთხარი და ვინც მხარი დამიჭირა - რა თქმა უნდა, მონაწილეობა უნდა მიიღოო. ზურამ მითხრა, - კარგია რომ მონაწილეობ, მომწონს, მაგრამ რატომღაც, შენ უფრო მაკიაჟის "ამბებში" გხედავ, შენს სახეს ფოტოები რომ გადაუღონ - შენი სახე ძალიან მომწონსო. მადლობა გადავუხადე (იღიმის)... მოკლედ, ჩემს გადაწყვეტილებას ოჯახის ყველა წევრი კარგად შეხვდა, გაუხარდათ... როცა ტელეეკრანზე მნახეს, ზურამ თქვა, - ვაუ, შოუ ძალიან კარგად მიგყავდაო!.. ახლობლებისგან ნეგატიური რეაქცია არ მიმიღია - ყველა კმაყოფილი დარჩა (იღიმის).
- ზურას შენ მიერ მომზადებული კერძი გაუსინჯავს?
- კი. სახლში კერძებს ხშირად, თითქმის ყოველ მეორე დღეს ვამზადებ. ძალიან მოსწონთ. პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ჩემთვის ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ ეს იყო, რომ ოჯახის წევრები ჩემ მიერ მომზადებული კერძების შესახებ ამბობდნენ, - ძალიან გემრიელიაო!..
- შინ ყველაზე ხშირად რის მომზადებას გთხოვენ?
- კონკრეტულად ვერ დავასახელებ. იცი, როგორ ვიქცევი ხოლმე? დილით ყველას ვეკითხები, - რა გესიამოვნებათ, რომელ კერძს მიირთმევთ-მეთქი? როცა უკვე კერძების ჩამონათვალი მაქვს, იქიდან იმას ვარჩევ, რაც თავად მინდა და ვამზადებ (იცინის).