ოჯახი

"უცხოელი კაცები პრინცესებივით აცხოვრებენ ცოლებს და უზომოდ ყურადღებიანები არიან, უცხოელი ქალები კი ამას ნაკლებად აფასებენ და ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, ერთგულება არ იციან"

"უცხოელი კაცები პრინცესებივით აცხოვრებენ ცოლებს და უზომოდ ყურადღებიანები არიან, უცხოელი ქალები კი ამას ნაკლებად აფასებენ და ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულები არიან, ერთგულება არ იციან"
ნიდერლანდელ იოჰანეს ბენჟამინ ვან დერ ვესთ ჰუიზენსა და ქართველ ნინო შათირიშვილს 17 თებერვალს ქორწილი თბილისში ჰქონდათ. ნინომ ბიზნესადმინისტრირებისა და უცხო ენების ფაკულტეტი დაამთავრა და სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდა, ვიდრე იოჰანეს გაიცნობდა და სამხრეთ აფრიკაში გაჰყვებოდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა კაცი საქართველოზე უზომოდ ყოფილა შეყვარებული და მისი ისტორიაც კი შეუსწავლია, ქართულის სწავლა თურმე ძალიან გაუჭირდა, მხოლოდ ელემენტარულ რაღაცებს ამბობს: "გამარჯობა", "როგორ ხარ", "ნახვამდის"... წყვილი სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს. ნინო ამჟამად საქართველოშია. მას დაქორწინებისა და აფრიკული ცხოვრების შესახებ
ვესაუბრეთ.

- სამხრეთ აფრიკის შესახებ მანამდე ბევრი არაფერი ვიცოდი, "დისქავერიდან" თუ გამეგო რამე. მეგონა, იქ თეთრკანიანები არც ცხოვრობდნენ. ჩემი მეუღლე იოჰანე დედით გერმანელია და მამით ნიდერლანდი. თეთრი და ცისფერთვალებაა, ქერა თმით, ტიპური გერმანელია. მან ბევრი რამ იცის ჩვენი ქვეყნის შესახებ. ვიდრე გავიცნობდი, თურმე 5 წელი ჩამოდიოდა საქართველოში. საერთოდ, მოგზაურობა უყვარს, მსოფლიოს 26 ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიზნესმენია და ამის გამოც უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში ჩასვლა. ზოგან ერთი წლით, ზოგან მეტი დროითაც რჩებოდა.

- თავიდან რატომ დაინტერესდა საქართველოთი?

- "ბი-ბი-სიზე" უნახავს გადაცემა საქართველოს შესახებ, დაინტერესებულა და ჩამოსულა. როგორც კი თქვენს მიწაზე დავდგი ფეხი, ვიგრძენი, თითქოს ჩემს სამშობლოში ვიყავიო. კარგად იცის საქართველოს ისტორია. თვითონაც ქრისტიანია. აღფრთოვანებულია ჩვენი რელიგიით, კულტურით, ისტორიით, ქართული სუფრით. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობთ, მაგრამ თავის სამშობლოდ საქართველოს უფრო მიიჩნევს. გიჟდება, ისე უყვარს აქაურობა. წლების წინ სახლიც უყიდია თბილისში და საქართველოს დასათვალიერებლად თავისი ოჯახის წევრებიც ჩამოუყვანია თურმე - შვილი, პირველი ქორწინებიდან და დედა.

- მომიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ?

- იმ დროს, როდესაც იოჰანე გავიცანი, საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე - სახლი და სამსახური, კარიერა - მხოლოდ ეს იყო ჩემი საფიქრალი. საერთო სამეგობრო წრეში შევხვდი, 8-9 თვე ვწერდით ერთმანეთს და როცა უკვე შეხვედრები დავიწყეთ, მალევე გადავწყვიტეთ დაქორწინებაც, 2017 წლის ივნისში. ის 42 წლის იყო, მე - 32-ის. მასთან პირველი შეხვედრის შემდეგ გამიჩნდა განცდა, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი. იმდენად ბევრი რამ იცის ჩვენ შესახებ, არ მქონდა დისკომფორტი, რომ უცხოელი იყო. ლამის მთელი საქართველო აქვს ფეხით შემოვლილი და ისეთი ადგილებიც იცის, მეც რომ არ მაქვს ნანახი. ყველაზე მეტად კახეთი და რაჭა მოეწონა. საერთოდ, ბუნება ძალიან უყვარს.

- რამ მოგხიბლა მასში?

- მომხიბლა გარეგნობამ და იმანაც, რომ ასაკით ჩემზე უფროსი იყო, შესაბამისად - სერიოზული. საერთოდ, მიყვარს შინაგანად ღრმა, საინტერესო პიროვნებები. სულ მინდოდა, რომ მამაკაცი, რომელსაც ავირჩევდი, ყოფილიყო ჩემზე მეტად განათლებული, ძლიერი, მყარი ადამიანი. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მაინტერესებდა ბიზნესის სფერო, როგორ შეიძლება დაიწყო ნულიდან და როგორ განავითარო, ამის შესახებ ბევრი კითხვა მიჩნდებოდა და ამ მხრივაც გამიმართლა - მას სამშენებლო კომპანია აქვს. ერთნაირი გემოვნება აღმოგვაჩნდა მუსიკაშიც, ხელოვნებაშიც. იოჰანეს მშობლები ინტელიგენტი ხალხია. უნდა ვთქვა, რომ მე მაკვირვებს მათი ერთმანეთთან დამოკიდებულება - როგორ უყვართ შვილები, როგორი კარგი ქრისტიანები არიან, როგორი ღირებულებები აქვთ, გაოცდები. ვერაფერს ვიხსენებ, რაც არ მომწონს ან უარყოფითია მასში, სულ გაოცების ეტაპზე ვარ (იცინის). ერთგულია. ზუსტად იცის, რა მოსწონს და რა უნდა. არ უყვარს "გაურკვეველი" ადამიანები - არც წყალი რომაა და არც ღვინო. ამ ყველაფრის გამო სულ ვამბობ, პრინცი ვიპოვე, ღმერთმა გამომიგზავნა-მეთქი...გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაია
გისურვებთ ბედნიერებას
12:34 / 17-05-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93