მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს, თუმცა, როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ამ პერიოდის მანძილზე ცოლს ძალიან იშვიათად ნახულობს. ამჯერად წყვილმა ტელეეთერში ერთად პირველად ისაუბრა. ოლენა ზელენსკამ ომის დაწყების დღეები გაიხსენა, რაც ძალიან ემოციური აღმოჩნდა:
"ემოციების გადმოცემა შეუძლებელია. ჩვენ უცებ გავაანალიზეთ, რომ ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა“, - თქვა მან. პირველი ლედის თქმითვე, როცა მისი ქმარი პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებდა, თავიდანვე იცოდა, რომ ცხოვრება სირთულეებითა და განსაცდელით სავსე იქნებოდა.
"მე ვიცოდი, რომ ის დიდ სირთულეებს გაუმკლავდებოდა. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ეს რთული იქნებოდა. და არც ყოფილა ადვილი, ახლა განსაკუთრებით. სამი წლის წინ არავინ იცოდა, რომ ასეთი საშინელი გამოცდა გველოდა.
ქმარს ვერავინ წამართმევს, ომიც კი - ჰო, ის სამსახურით ცხოვრობს, თითქმის ვერ ვნახულობთ. ამ ინტერვიუსთვის მადლიერი ვარ, რადგან ერთმანეთს შევხვდით. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ვისხდეთ, ვივახშმოთ, ვისაუბროთ. როგორც ყველა ოჯახი უკრაინაში, ჩვენც ველოდებით, რომ მალე შესაძლებელი იქნება ისევ ერთად ყოფნა“, - ამბობს ოლენა ზელენსკა