მომღერალმა ნინი ქარსელაძემ "ტვ პირველის“ გადაცემაში "შუადღე Live" საკუთარი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ ისაუბრა.
"მინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთო, ვიდრე დღეს ვაკეთებ. სამწუხაროა, რომ არ მომცა ცხოვრებამ საშუალება, მამაჩემისთვისაც ვყოფილიყავი კარგი შვილი. თუ დღეს მე კარგი შვილი მქვია, ეს მხოლოდ და მხოლოდ დედაჩემის დამსახურებაა. იმდენი ჩადო ჩემში... მე ვთვლი, რასაც დასთეს, იმას იმკი და საბედნიეროდ, უკვე მე ვცდილობ, რომ ყველაფერი კარგი გავუკეთო დედას.
მაქვს ნამდვილად პრეტენზია, რომ ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ერთგული, უღალატო. ჩემთვის ტყუილი და ღალატი არ არსებობს მეგობრობაში. ჩემთვის მეგობრობა იგივე ოჯახია და ძალიან ვუფრთხილდები ამ ურთიერთობებს. სადაც სიყვარულია, იქ ღმერთია და ღმერთი ჩემთვის ნათელი ფერებია, თეთრი, სუფთა. ვცდილობ, რომ ვიყო კარგი მეუღლე, ყურადღებიანი. მე ადამიანებთან ყოველთვის ასეთი ურთიერთობა მაქვს - როგორიც მე მინდა რომ ჩემთან იყვნენ, ისევე ვექცევი ზუსტად ადამიანებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ნორმალური მეუღლე ვარ”, - თქვა მან.
ნინი ქარსელაძემ განმარტება გააკეთა საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებზეც, რომ მისი მეუღლე დიდ ქონებას ფლობს.
"ეს რაღაც მოგონილი ჭორია, აგორებული ტყუილი, ამიტომ არა. არც მე არ ვარ მდიდარი. მე ბიძა მყავს მდიდარი, მე თვითონ არ ვარ მდიდარი. ბიძა ბავშვობიდან მათამამებდა. პირველი შვილი ვარ, თან გოგო, ერთადერთი გოგო ვიყავი 15 წელი და მარტო ჩემ გათამამებაზე იყო მერაბი ორიენტირებული. შესაბამისად, ხათუნა იყო ძალიან მკაცრი. მერაბი მისრულებდა ყველაფერს და დღესაც ასეა. ყველამ რომ უთხრას, რომ ეს შავია, ნინი თუ იტყვის, რომ თეთრია, მორჩა, ამბობს, რომ ნინიმ ასე თქვა.
ხათუნა საშინლად მკაცრი იყო. ყველას ეშინოდა, მარტო მე არა. ჩემს მეგობრებსაც ხათუნასი ეშინოდათ. ანასტასიასთან სხვანაირადაა. ახლა მე ვარ მკაცრი ანასტასიასთან და მე ვიღებ ამ პასუხისმგებლობას, რაც ხათუნას ჩემზე ჰქონდა აღებული“, - განმარტა ნინი ქარსელაძემ.
მომღერალმა თავისუფლების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი აკეთო.
"თავისუფლება - ეს სიტყვა მე ცოტა სხვანაირად მესმის - ადამიანებს ჰგონიათ, რომ ყველაფრის უფლება გაქვს, როცა თავისუფალი ხარ. მე ვთვლი, რომ პირიქით, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის კეთებას. შეიძლება იყო თავისუფალი, მაგრამ ეს იყოს ჩარჩოებში მოქცეული“, - აღნიშნავს ნინი ქარსელაძე.