ოჯახი

"დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი... ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში..." - ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, მეგობრობა ხვიჩა კვარაცხელიასთან და ოჯახური იდილია

"დედა წვიმასა და ქარში გარეთ იდგა და მიყურებდა, როგორ ვთამაშობდი... ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში..." - ბუდუ ზივზივაძის რთული პერიოდი, მეგობრობა ხვიჩა კვარაცხელიასთან და ოჯახური იდილია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ბოლო დროის გმირი გახდა – ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშისას ბუდუმ საგოლე პასი გადასცა ხვიჩას, რის შემდეგაც მან გოლი გაიტანა. მატჩის შემდგომ გავრცელებულ ინტერვიუებში ხვიჩამ აღნიშნა, რომ ეს გოლი ბუდუს ანგარიშზე უნდა ჩაწერილიყო, თავად ბუდუმ კი ხვიჩას საქებარი სიტყვები არ დაიშურა…

ინტერვიუ ბუდუ ზივზივაძესტან Fortuna.ge-მ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

დავიწყოთ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩით და შემდგომი კომენტარებით, სადაც საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა გუნდური სულისკვეთება გამოავლინეთ და იმ დღის გმირებიც გახდით…

ბუდუ ზივზივაძე:

როცა ავიღე ბურთი და გავრბოდი კარისკენ, ვიგრძენი, რომ ხვიჩა მომყვებოდა გვერდით. მარჯვნივ გავიხედე და დავინახე, რომ იქ იყო. გადავწყვიტე, მიმეცა პასი, რადგან უკეთეს პოზიციაზე იყო და ბურთს ცარიელ კარში გაიტანდა. გავიტანეთ!.. ვიდეოშიც ჩანს, თუ დააკვირდებით პირის მოძრაობას, როგორ მეუბნება ხვიჩა, შენ გენაცვალეო. მადლობაც მითხრა… ინტერვიუშიც აღნიშნა, ბუდუს გოლიაო. ეს გოლი ხვიჩას ჩაეწერა სტატისტიკაში, მისი იყო, მე საგოლე პასი გავაკეთე. არ აქვს მნიშვნელობა, როცა საქართველოს ნაკრებში თამაშობ. ეს ხვიჩამაც თქვა და მეც ვეთანხმები. ერთი დიდი ოჯახი ვართ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა მატჩები მოირგოს და ქართველი ხალხი გააბედნიეროს.

ნაკრების სხვა ფეხბურთელებსაც იგივე აზრი აქვთ?

თუ გახსოვს, ივნისში გიბრალტართან შეხვედრა, საბა ლობჟანიძემაც დაახლოებით იგივე გააკეთა. ვფიქრობ, ყველას აქვს გათავისებული, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გუნდის ინტერესები. ალბათ, გარედანაც ჩანს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ.

რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ნაკრების წევრობა? ბევრი წარუმატებლობის მიუხედავად, გულშემატკივარმა არ შეწყვიტა ნაკრების მხარდაჭერა…

ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა. 8 წლის ასაკიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში – პირველი ოცნება იყო შენი ქვეყნის მაისურით თამაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ავიხდინე. პირველივე დღიდან ეს ფიქრი არ მქონდა, მაშინ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ როცა დავიწყე იმის გააზრება, რას ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის საქართველოს ნაკრები, სურვილი გამიჩნდა აქ თამაშის.

როდის მიხვდით, რომ ფეხბურთელად შედექით? რა იყო თქვენი პირველი პროფესიული წარმატება?

როცა პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაშინ დაიწყო ჩემთვის დიდი ფეხბურთი. 17 წლის ასაკში შემდგარი ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, არ ვიყავი, მაგრამ იქიდან დაიწყო პროფესიული განვითარება. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ფეხბურთელი.

თქვენი მთავარი ოცნება რა არის?

საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში. ორი წლის წინ ეს შანსი გვქონდა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ. ჩვენი შრომითა და ყველას გვერდში დგომით, გვაქვს მეორე შანსი, რომ 2024 წლის ჩემპიონატში მივიღოთ მონაწილეობა. მქონდა სურვილი, ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა. ახლა 28 წლის ვარ, რთული იქნება, ისეთ გუნდში გადავიდე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ ეს ოცნებაც მაქვს.

რომელმაც ცნობილმა ფეხბურთელმა გაგიღვივათ ფეხბურთელობის სურვილი?

პირველად ვნახე რონალდინიო, ის იყო პირველი საყვარელი ფეხბურთელი უცხოელებიდან.

ბუდუს გარდა, ვინ არის თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ახლა?

(იღიმის) უცხოელებიდან – ჰარი კეინი. ქართველებიდან – ხვიჩა კვარაცხელია. ყველას გამოვყოფდი ცალ-ცალკე, მაგრამ თავისი პროფესიონალიზმითა და ქვეყნის სიყვარულით ასევე დავასახელებდი გურამ კაშიას.

სპორტსმენის წარმატებისთვის ოჯახის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო და არის?

ჩემი მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედას დავყავდი ვარჯიშებზე, წვიმა იყო თუ ქარი. მაშინ ქუთაისში არ იყო ისეთი კარგი პირობები, რომ სითბოსა და გადახურულში მდგარიყო. ცუდ ამინდებშიც კი იდგა გარეთ და იქიდან მიყურებდა. მამა მუშაობდა და დედა იყო ორიენტირებული ამ თემებზე. დედაჩემის ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემს საფეხბურთო კარიერაში. მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.

ეუბნებით ხოლმე ამ სიტყვებს ხშირად საჯაროდ?

ალბათ, ბედნიერი იქნება, როცა ამას წაიკითხავს, თუმცა პირადადაც ნათქვამი მაქვს. მამა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. კარიერაში ცუდი პერიოდი რომ მქონდა, ყოველთვის მამხნევებდა, დიდ მოტივაციას მაძლევდა და ჩემი სჯეროდა. მინდოდა, პირველ რიგში, მამაჩემისთვის მენახვებინა, რომ მის შვილს შეუძლია კარგად თამაში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს დას, რომელიც მეორე დედობას მიწევდა მაშინ, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით…

თქვენი მეუღლე როგორ გიწყობთ ხელს?

უკვე ორი წელია, დაოჯახებული ვარ. ჩემი მეუღლე არის ნინი კვერნაძე. გვყავს შვილი – შაი. დღის განმავლობაში 6-7- საათი არ ვარ სახლში, ბაზაზე ვვარჯიშობ, შემდეგ ვრჩები აღდგენით პროცედურებზე. ნინია ბავშვთან ერთად, ზრუნავს სახლის საქმეებზე, უვლის ბავშვს, რომ მოვდივარ, მეორე ბავშვს უვლის (იცინის). ფეხბურთელებს სჭირდებათ სპეციფიკური კვება, დასვენება. ნინი ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ დროულად ვჭამო, კარგად დავისვენო. რთულია, რომ უცხო ქვეყანაში ვართ, არ ჰყავს ბევრი მეგობარი აქ. ბედნიერი ვარ, რომ ნინია ჩემი მეუღლე და ყველანაირად მიდგას გვერდში. როცა სახლში ვარ, ბავშვის მოვლაში მეც ჩართული ვარ.

შაი რომ დაიბადა, თქვენ მეუღლის გვერდით არ იყავით…

მაშინ კორონავირუსი მძვინვარებდა, საზღვრები ჩაკეტილი იყო, თბილისში ვერ ჩამოვედი უნგრეთიდან. შვილი ექვსი თვე არ მყავდა ნანახი. ბოლოს, როცა ჩვენი შეხვედრა შედგა, ძალიან კარგად მიმიღო, რადგან ალბათ მაინც იგრძნო, რომ მამა ვარ… დაკარგული ექვსი თვე უკვე ავინაზღაურე, თუმცა ემოციურად არ იყო კარგი პერიოდი. მინდოდა თუ არა, მაინც ბავშვზე ვფიქრობდი და ფეხბურთშიც არ იყო კარგი პერიოდი.

მეუღლეს სიურპრიზებს უწყობთ?

დაბადების დღეზე გავუკეთე სიურპრიზი. მისაღები ოთახი მოვაწყვე ბუშტებით, საჩუქარი და ყვავილები დავუდე. დაბადების დღეებზე ამას ვახერხებ, ყოველდღიურად – ნაკლებად. როცა განსაკუთრებული დღეა, ვცდილობ, რომ გავახარო.

წარუმატებელი დღეები გქონიათ პროფესიაში? მაგალითად, როცა ნაკრებში არ გიძახებდნენ…

ხუთი წელი არ მიძახებდნენ ნაკრებში. ეს მოტივაციას მაძლევდა, რომ დამემტკიცებინა მწვრთნელისთვის, ვინც მაშინ იყო ნაკრების სათავეში, რომ დამემტკიცებინა, ვიმსახურებდი საქართველოს ნაკრებში თამაშს. ახლა, როცა ჩემს თამაშებს უყურებს, ალბათ, თავადაც ხვდება ამას. ვფიქრობ, რომ ნანობს… შეიძლება, აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს უკვე წარსულია. არასდროს ჩამიქნევია ხელი საქართველოს ნაკრებში თამაშზე, ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი…

ფეხბურთს იქით რა ინტერესი გაქვთ? ვიცი, რომ ჭადრაკს კარგად თამაშობთ…

ჩემი ინტერესი, ფეხბურთის შემდეგ, ბავშვს უკავშირდება. მომწონს ჩოგბურთის ყურება. მიყვარს ცურვა. ბავშვობაში ვთამაშობდი ჭადრაკს, ოთხიდან რვა წლამდე, სანამ ფეხბურთზე გადავწყვეტდი სიარულს. თავს არ ვიქებ, მაგრამ ჭადრაკს იმდენად კარგად ვთამაშობდი, რომ ვფიქრობდი გაგრძელებას, თუმცა ფეხბურთის შესახებ რომ გავიგე, სპორტის ამ სახეობის სიყვარულმა გადაწონა. სხვათა შორის, ჭადრაკის თამაში ფეხბურთის თამაშში დამეხმარა. ფეხბურთის მოედანს ხედავ, როგორც ჭადრაკის დაფას, მოედანზეც ასეთი კარგი მხედველობა მაქვს. ხანდახან ჭადრაკს ახლაც ვთამაშობ ხოლმე. უნგრეთში გუნდშიც არიან ჭადრაკის მოყვარულები და ვეთამაშები ხოლმე.

რას ურჩევდით პატარა ბიჭებს, რომლებიც ოცნებობენ კარგ ფეხბურთელობაზე?

ამისთვის დიდი შრომაა საჭირო, არანაირი წინაღობისა და იმედგაცრუების გამო არ უნდა ჩაიქნიონ ხელი, უნდა სწამდეთ საკუთარი თავის – „ინსტაგრამზე“ სწორედ ეს სიტყვები მიწერია: „გწამდეს, რომ მიაღწევ!“. როცა ამ წარწერას ვხედავ ხოლმე, ეს ფრაზა ძალას მაძლევს, ძალიან მეხმარება. ყველას ვურჩევ, დაიჯეროს თავისი მიზნებისა და შესაძლებლობების. მთავარი ისაა, რომ გიყვარდეთ საქმე, რასაც აკეთებთ.

წლების შემდეგ, კარიერას რომ დაასრულებთ, ისევ ფეხბურთში იქნებით?

მწვრთნელი ალბათ არ ვიქნები, ამას ბევრი ლაპარაკი სჭირდება და ამით არ გამოვირჩევი. გუნდში მენეჯმენტში ვიმუშავებდი, სპორტული კუთხით. ჩემს მომავალს მაინც ფეხბურთთან ვაკავშირებ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება ცხოვრება. წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. თან, არ მინდა, რომ ჩემი კარიერა, როგორც მოთამაშის, მალე მორჩეს (იცინის).

გაგვახარებს კიდევ საქართველოს ნაკრები?

აუცილებლად. მჯერა იმ ადამიანების, ვისთან ერთადაც ვთამაშობ – ყველანაირი საშუალება გვაქვს, რომ საქართველოს საფეხბურთო ისტორია გადაწეროს და გულშემატკივარი ბედნიერი იყოს!..

წყარო: Fortuna.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ჭიჭე
ჩემი საყვარელი ფეხბურთელი!!! შნ გაიხარე ბუდუ!!!
13:17 / 03-10-2022
გამოხმაურება / 0 /
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
სულ გამარჟვებული გევლოს ბუდუ.
22:04 / 01-10-2022
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
რედაქტორის რჩევით
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93