მერაბ სეფაშვილს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ის ცნობილი მუსიკოსების, ედუარდ სეფაშვილისა და ჯულიეტა მურადელის შვილია და თავადაც წარმატებული მუსიკოსია. მერაბი უკვე ბაბუაა, მისი დიდი ოჯახი კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
საკუთარი ოჯახის შესახებ მან გადაცემა "ნამდვილ ამბავში" ისაუბრა, სადაც რთული პერიოდი გაიხსენა:
"რა თქმა უნდა, პრობლემები იყო, არის და იქნება, მაგრამ ვფიქრობ, დიდი სისულელეა დათმო სიყვარული რაღაც პრობლემების გამო.
მუსიკოსების ოჯახში გავიზარდე... ძალიან მომწონდა და ვხალისობდი. დედაჩემი სულ ამბობდა, ხრინწიანი ხმა აქვს და ამან როგორ შეიძლება იმღეროსო... ეგონათ, რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა. პროტესტი არ მქონდა...
უკვე 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებმა, ბიჭებმა ვცადეთ რაღაც ჯგუფის შექმნა.. როდესაც ერთი სიმღერა გამოვიდა, ჩემში რაღაცამ გაიღვიძა. ჩემი მშობლები ნამდვილად გაოცებული იყვნენ. მადლიერი ვარ ბატონი გივი გაჩეჩილაძის, მაშინ „რეროს“ მუსიკალური ხელმძღვანელი იყო და მან დამანახვა სწორი გზა, თუ როგორ შეიძლება იყო მუსიკოსი.
მილიონჯერ შემეძლო სხვაგან ცხოვრება, მაგრამ არასდროს გავცვლი ჩემს ქვეყანას. მირჩევნია აქ 3 კაცი მისმენდეს, ვიდრე 30 ათასი კაცი სხვაგან. აი, რომ არ დალაგდა ეს ქვეყანა, ამაზე ძალიან მწყდება გული. ვერაფრით ვერ დალაგდა, ვერაფრით ვერ შეიყვარა ხალხმა ერთმანეთი განსხვავებული აზრის გამო, რაც ძალიან ცუდია.
ალბათ, ყველაზე რთული მომენტი იყო, როდესაც მითხრეს, რომ ჩემი უმცროსი შვილი იყო ავად... რაღაც ცუდ დიაგნოზზე ფიქრობდნენ და კინაღამ მოვკვდი. სხვა ქვეყანაში ვიყავით მაშინ ჩვენ და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო", - თქვა მერაბ სეფაშვილმა.