ჩვენ მამაკაცებზე სწრაფად ვსაუბრობთ, თან ერთდროულად -ყველაფრის შესახებ.
მასთან ნორმალურად ლაპარაკი შეუძლებელია
სხვათა შორის, მასაც უჭირს თქვენთან საუბარი, რადგან ქალების ტვინი ორ ნახევარსფეროს შორის ურთიერთობას უკეთ არეგულირებს. გარდა ამისა, ქალებს სპეციალური სამეტყველო ცენტრი გვაქვს.
ჩვენ მამაკაცებზე სწრაფად ვსაუბრობთ, თან ერთდროულად -ყველაფრის შესახებ. მამაკაცის ტვინი უფრო მიზანმიმართულად მუშაობს, ვიდრე ჩვენი და ყოველთვის ცდილობს, შეთავაზებულ ინფორმაციაში რაციონალური საწყისი იპოვოს.
მამაკაცი დუმილით ისმენს და პრაქტიკულად, სახის გამომეტყველებას არ იცვლის. ქალი კი ემოციას განუწყვეტლივ სხვადასხვა მიმიკითა და სიტყვიერი კომენტარებით გამოხატავს. ამიტომ მამაკაცის ინერტული სახის დანახვაზე, ქალმა შეიძლება იფიქროს, რომ თანამოსაუბრე მისი მონათხრობის მიმართ ინდიფერენტულია და გაბრაზდეს.
სინამდვილეში, როგორც ამას მამაკაცის ტვინის სკანირება მოწმობს, ის ყურადღებით ისმენს ყველაფერს და გულმოდგინედ ცდილობს(!), რაიმე გაიგოს.
განუწყვეტლივ თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს
მართალია, მამაკაცს არა აქვს ცალკე სამეტყველო ცენტრი, მაგრამ მის ტვინში არსებობს სპეციალური სფერო, რომელიც სივრცეში ორიენტაციაზეა პასუხისმგებელი. ამ ცენტრის შესაძლებლობების გამოყენება მამაკაცს განუზომელ სიამოვნებას ანიჭებს. ამიტომ უყვარს მას ფეხბურთი, კომპიუტერული თამაშები და ნადირობა.
შეუძლია მშვიდად იძინოს, მაშინაც კი, როცა ბავშვი ყურისწამღებად გაკივის
თავს არ იკატუნებს -მართლა არ ესმის პატარის ტირილი. მისი ტვინი ამ ხმას ვერ აფიქსირებს, ვინაიდან მასში მამაკაცისთვის არავითარი საფრთხე არ იმალება.
სამაგიეროდ, ქალმა შეიძლება ბავშვის ტირილის დაწყებამდე ერთი საათით ადრეც კი გაიღვიძოს.
ვერ იმახსოვრებს თქვენი ნათესავების სახელებს
ნათესაური ურთიერთობის მოგვარება ყოველთვის ქალის პრეროგატივა იყო. საქმე ის გახლავთ, რომ მამაკაცის ტვინის ის მხარე, რომელიც პიროვნებებს შორის კონტაქტებზეა პასუხისმგებელი, საკმაოდ ცუდადაა განვითარებული.
მაგალითად, გოგონებს 12 თვიდან შეუძლიათ სურათზე მშობლების სახეები უცხოებისგან გაარჩიონ, ბიჭებს -არა. ის კი არა და, მამაკაცს ყოველთვის არ ძალუძს საკუთარი შვილის ცნობა, თუ ორ მსგავს ჩვილს აჩვენებენ.
გეჩვენებათ, რომ ის თქვენ მიმართ სრულებით გულგრილია როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალი თანამოსაუბრის მოსმენისას სახის გამომეტყველების შეცვლას სულ რაღაც 10 წამში, დაახლოებით ექვსჯერ ასწრებს -მაშინ, როცა მამაკაცებს ემოციების გადმოცემა უჭირთ.
ტვინის სკანირების მიხედვით, საუბრის მომენტში მამაკაცი არანაკლებ ემოციურია, ვიდრე ქალი. გარდა ამისა, ის მოკლებულია ქალისთვის დამახასიათებელ უნარს -გარშემო მყოფთა (მათ შორის, საკუთარი ცოლის) ქცევაში მცირედი ნიუანსი შეამჩნიოს. თუ გსურთ, მამაკაცმა გაგიგოთ, უფრო გარკვევით გამოთქვით თქვენი სურვილები და პრეტენზიები.
ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)