ბებიაჩემი ისე წავიდა, ჩემი პირადი ამბების მოყოლა ენატრებოდა...
ბოლო წლები არაფერს ვუყვებოდი პირადზე. რომ მომიკითხავდა, მოკლედ ვპასუხობდი: „კარგად ვარ“ , „ძველებურად“ , „ახალი არაფერია“, „მათზე არაფერი ვიცი“ და ა. შ.
- მოი, ბებია, დამიჯექი აგერ. მომიყევი ამბები..." - მე ჯიუტად არ ვუყვებოდი...
ბებია ალბათ ერთადერთია, რომელიც ყოველთვის შენს მხარესაა. მართალი ხარ თუ არა, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისი შეფასებით ყველაფერი ზუსტად ისეა და ისე იქნება, როგორც შენ გინდა.
ყოველ ჩასვლაზე ახალ ჭურჭელს დამახვედრებდა : - ”ნახე, ბებია, ახალი ჭიქები ვიყიდე. ვიფიქრე სტუმრები რომ ჩამოყვეს ახლები ექნება”.
გარდაცვალების შემდეგ მისი სახლიდან ეს ყავის ჭიქა წამოვიღე. ჯერ კიდევ ბაღში დავდიოდი ამ ჭიქით რომ სვამდნენ ყავას. მას შემდეგ შემორჩა სამზარეულოს კარადაში.
ახლა ყოველი დილა და საღამო ამ ჭიქასთან „დიალოგით“ იწყება და მთავრდება.
ცხელი ყავა ათბობს მას და მეჩვენება რომ ყავაც უფრო გემრიელია. ჭიქაც ბებიასავით თბილია და რაც მთავარია, უკვე ამ ჭიქასთან ერთად იმდენი პირადი და ზოგადი ამბავი მოვყევი, თუ არსებობს „იქაურობასა და აქაურობას“ შორის კავშირი და მართლა ესმის ბებიას - შეიძლება ახლა ზის და იძახის:
- „ნენა, ბებია, რას ჩივი?!“ , „დედა რა მითხარი აი?! „ რაფერ ქნა მაი ბებია (ანუ, როგორ გაბედა, ან გააკეთა ეს) ?! , „ ნენა,ნენა“. „ოხ, შენ გეიხარე, ბებია, რა კაი ამბავი მითხარი!“ „რაფერ გამახარე ბებია“ „ყოჩაღ ბებია“ , „ნელათაი იყავი ბებია“ ,(ანუ ფრთხილად იყავი) ...
არასდროს დატოვოთ შემოსული ზარი უპასუხოდ. რა იცით რატომ გირეკავდნენ. რა იცით, რისი თქმა უნდოდათ... მერე ასეთი პოსტების წერას აზრი აღარ აქვს.
p.s. თუ გენატრებათ და გიყვართ, სიცოცხლეში უთხარით და აგრძნობინეთ ... „მერეც ესმით“, ეს მხოლოდ ჩვენი ტყუილი იმედია.
ავტორი: ნანა ჩხაიძე