გუშინ მსოფლიო ახალმა ამბავმა შეძრა: პოპულარული ირლანდიური ჯგუფის - The Cranberries-ის სოლისტი დოლორეს ო'რიორდანი 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა.
სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დადგენილა, მაგრამ მომღერლის მეგობარმა განაცხადა, რომ დოლორესს დიდი ხანი აწუხებდა ტკივილი ზურგის არეში. ასევე, ცნობილი გახდა, რომ 2013 წელს, მომღერალმა მძიმე დეპრესიის გამო თვითმკვლელობა სცადა. სწორედ მაშინ დაუდგინდა მას ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი.
გაირკვა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დოლორესმა თავისი ერთ-ერთი სიმღერის, Zombie-ს ქოვერი მოისმინა, ჯგუფის - Bad Wolves-ის შესრულებით და დენ უაიტს ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა, სადაც განაცხადა, რომ Bad Wolves-თან ერთობლივი კომპოზიციის ჩაწერა სურდა.
შეხვედრა მისი სიკვდილის დღეს იყო დაგეგმილი. სემ უაიტი ამბობს: «მისი ხმა ენერგიით სავსე იყო, ის ხუმრობდა და აღელვებულიც იყო, როცა ამ კვირაში მე და ჩემი მეუღლე გვნახა. მისი სიკვდილის ამბავი გამანადგურებელია».
შეგახსენებთ, რომ დოლორესი 1994 წლიდან 2014 წლამდე ჯგუფ Duran Duran-ის მენეჯერზე, დონ ბერტონზე იყო დაქორწინებული. ისინი ვაჟს, ტეილორს და ორ გოგონას, მოლის და დაკოტას ზრდიდნენ.
სანამ მისი გარდაცვალების მიზეზი ირკვევა, სიმღერების გაყიდვებმა ჰიტ-აღლუმები მთლიანად დაიპყრო. ალბომების გაყიდვები 900%-ით გაიზარდა. მაგალითად, ორშაბათს, Amazon-ზე ალბომის - The Cranberries Something Else გაყიდვები - 931%-ით გაიზარდა.
სამწუხაროა, რომ ამ პოპულარობის მიზეზი ასე ტრაგიკულია.
თეა ინასარიძე