მოდელი თამო ვაშალომიძე საზოგადოებამ თამამი ფოტოებით გაიცნო, თუმცა დღეს 2 შვილის დედაა და დახვეწილი, კლასიკური იმიჯით გამოირჩევა.
ფოტომოდელი ორი წელია, საყვარელ მამაკაცთან, აკა სამხარაძესთან ერთად არის და წყვილს საერთო შვილიც ჰყავს. თამოსთვის კი, ეს მეორე შვილია.
მოდელის თქმით, მალე დაქორწინებას აპირებს და მისი რჩეულის სურვილია, საზოგადოებამ ისეთი თამო გაიცნოს, როგორიც სინამდვილეშია.
„ხალხი სხვანაირად მიყურებს, ის და ჩემი მეგობრები სხვანაირს მხედავენ, არა ისეთს, როგორიც ხალხის კომენტარებში ვჩანვარ და როგორიც სხვებს ვგონივარ. სულ მეუბნება, მინდა ხალხმაც ისეთი გაგიცნოს, როგორსაც ჩვენ გიცნობთო… შეიძლება სხვების თვალში ძლიერი ვჩანვარ, მაგრამ გულის სიღრმეში მეც მწყინს ბევრი რამ,“- აღნიშნა მოდელმა გადაცემაში “სიკეთე მარტივია”.
თამომ ცხოვრების მძიმე დღეებიც გაიხსენა და მოჰყვა ისტორიას, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა სახლში არ შეუშვა.
„50 ლარი დამაკლდა. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად და იმ თვეში დაბალი ხელფასი ავიღე. ვთხოვე, 15 დღეში დაგიმატებ-მეთქი. ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით 3 საათზე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო. თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და ველოდი, გათენებამდე ველოდი, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო… ადამიანებს უკან უბრუნდებათ ყველაფერი ცუდი.“
როგორც აღმოჩნდა, თამოს ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და საოპერაციოდ ემზადება.
“როცა ფოტოებს ვიღებ, მთლიან ფეხს არასოდეს ვაჩენ. ძვლის პრობლემა მაქვს და ცუდად ჩანს. ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ნახა ჩემი ფეხები და ერთ-ერთ ჟურნალისტს მისწერა, გავასაჯაროვოთ თამოს ფოტოები და დავცინოთ, რა ცუდი ფეხები აქვსო. შემდეგ ამ ჟურნალისტმა მაჩვენა ეს მინაწერი“.
თამომ შვილების აღზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მკაცრი დედა არაა.
„სოფია გათამამებული მყავს. არ შემიძლია, მკაცრი დედა ვიყო, მაგალითად, ჩუსტებს რომ არ იცმევს, ვეუბნები, მეც არ ჩავიცმევ და გავიცვდები-მეთქი. მერე თვითონ იცმევს. პატარა რომ ხელში მიჭირავს სულ, ამაზეც ეჭვიანობს. ამიტომ სხვანაირად ვუდგები. ვეუბნები, მოდი ერთად ვაჭამოთ, ერთად გამოვუცვალოთ, მოდი, თითები დაუთვალე… ვცდილობ, სულ ეკონტაქტოს და შეუყვარდეს” – ამბობს თამო ვაშალომიძე.